ფლორიდის მოსახლეობა უმძლავრესი ქარიშხლის „დორიანის" მოლოდინშია. შტატის გუბერნატორმა რონ დე სანტისმა ოთხშაბათს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა.
Associated Press-ის ცნობით, მოსახლეობაში განსაკუთრებული უმწეობის შეგრძნება პრეზიდენტ ტრამპის სიტყვებმა გააჩინა, რომელმაც მოსალოდნელ ქარიშხალს "აბსოლუტური მონსტრი" უწოდა.
"ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ქარიშხალი იქნება ძალიან დიდი და მძიმე შედეგების მომტანი", - განაცხადა ტრამპმა ვიდეომიმართვაში ხუთშაბათ საღამოს და „დორიანი" შეადარა ქარიშხალ "ენდრიუს", რომელიც 1992 წელს თავს დაატყდა სამხრეთ ფლორიდას.
ჯერჯერობით დაუდგენელია, თუ შტატის რომელ ნაწილს დაატყდება თავს "დორიანი", ამიტომაც მასობრივი ევაკუაცია არ განხორციელებულა.
ფლორიდის შტატის აღმოსავლეთ სანაპიროზე განლაგებული ქალაქების მთავრობებმა დამცავი ნაგებობების აშენება დაიწყეს. მოსახლოება იმარაგებს საკვებ პროდუქტებს, საწვავს და საგანგებო მდგომარეობის დროს საჭირო სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს.
"ქარიშხალი "დორიანი" სავარაუდოდ, ფლორიდას თავს კვირას გვიან საღამოს დაატყდება.
"მზად იყავით, გთხოვთ, მიყვეთ ხელისუფლების ინსტრუქციებს შტატისა და ფედერალურ დონეზე. ეს ძალიან ძლიერი ქარიშხალი იქნება, შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი!", - წერს ტრამპი მიკრობლოგ Twitter-ში.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მოსალოდნელი ქარიშხლის გამო პოლონეთში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.
ფოტო: Associated Press