აშშ-ში, ქალაქ დენვერში, პატიმარი ქალი ციხის ადმინისტრაციას უჩივის. დიანა სანჩეზმა, რომელიც 5 საათის განმავლობაში დახმარებას ითხოვდა, ციხის თანამშრომლებმა და ბადრაგებმა ყურადღების გარეშე დატოვეს. შედეგად, მან დახმარების გარეშე, საკუთარ საკანში მარტომ იმშობიარა, იუწყება Sky News.
ვიდეოში, რომელიც მისმა ადვოკატმა გაავრცელა, ნაჩვენებია, თუ როგორ ითხოვს პატიმარი დახმარებას, ხოლო შემდგომ საკანში დახმარების გარეშე მშობიარობს.
„ეს ტკივილი ენით აღუწერელი იყო, მაგრამ რაც ყველაზე მეტად მტკენს გულს, არის ის რომ ჩემი დახმარება არავის უნდოდა“,- განაცხადა სანჩეზმა დენვერის ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში.
ადვოკატის განცხადებით, შემთხვევა, რომელიც 2018 წლის 31 ივლისს მოხდა კანონის უხეში დარღვევებით წარიმართა. სანჩეზის თხოვნის მიუხედავად, ციხის ადმინისტრაციამ სასწრაფო დახმარება არ გამოიძახა. არც მაშინ, როდესაც ქალმა წყლები დაღვარა და არც მაშინ, როდესაც სისხლდენა დაეწყო.
სანჩეზის ადვოკატმა შემთხვევასთან დაკავშირებით სარჩელი გუშინ, 29 აგვისტოს მოამზადა. დენვერის ციხეში კი ნაჩქარევად შეცვალეს მშობიარობის პროტოკოლი, შემდგომში მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის.
დიანა სანჩეზისა და მისი შვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.