აჭარას უცხოელი და ქართველი შეფ-მზარეულები სტუმრობენ. მათ შორისაა კულინარიის სფეროში მრავალი ჯილდოს მფლობელი ხორხე ბრეტონი, La Sucursal and Vertical-ის ბრენდშეფი და ესპანეთში ცნობილი ქართველი შეფ-მზარეული, მადრიდის მასტერშეფის ჟიური წევრი დავით ნარიმანიშვილი. ისინი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელშეწყობით აჭარულ სამზარეულოს გაეცნენ და თავადვე მოამზადეს ბორანო, სინორი, აჭარული ხაჭაპური და სხვა ადგილობრივი კერძები. 14 აგვისტოს კი შეფ-მზარეულები მონაწილეობდნენ გო’ე’მიო საქართველოს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში „ქართულ-ბასკური ვახშამი“, სადაც სტუმრებს ქართულ-ბასკური კერძების მრავალფეროვანი მენიუ შესთავაზეს. ღონისძიების მიზანი აჭარაში კულინარიისა და სარესტორნო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაა.