საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 14 ივნისს, მთავრობის ადმინისტრაციასთან განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც მოქალაქეთა ორი ჯგუფი უპირისპირდება ერთმანეთს, ერთადერთი როლი, რომლის შესრულებაც სახელმწიფოს შეუძლია - შუაში ჩადგომა და მხარეების აგრესიისგან დაცვაა. პარლამენტის თავმჯდომარემ შს მინისტრს და პოლიციის თანამშრომლებს ვითარების განმუხტვაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
"როდესაც მოქალაქეთა ორი ჯგუფი და საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი უპირისპირდება ერთმანეთს, ასეთ დროს სახელმწიფოს შეუძლია მხოლოდ ერთადერთი როლის შესრულება, ეს არის როლი, რასაც ჰქვია შუაში ჩადგომა და მხარეების დაცვა აგრესიისგან და სწორედ ეს მოხდა გუშინ. მადლობა უნდა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს, რომლებმაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ამ პროცესში და ვითარების განმუხტვაში. ასე იმოქმედა სახელმწიფომ.
ბუნებრივია, შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონდეთ საკუთარი პოზიცია ერთი მოსაზრების მიმართ, მეორე მოსაზრების მიმართ, მაგრამ, ხელისუფლებას არ აქვს მოსაზრებების შეფასების უფლება, ვიდრე ისინი ჯდება კანონის ჩარჩოებში.
აქედან გამომდინარე, ერთადერთი საშუალება, რაც ჰქონდა ხელისუფლებას, იყო შუაში ჩადგომა და აგრესიის პრევენცია და დაპირისპირების, მძაფრი დაპირისპირების პრევენცია და ზუსტად ეს მოხდა გუშინ და ამისათვის კიდევ ერთხელ შინაგან საქმეთა სამინსიტროს და პოლიციას ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ. ეს არის სახელმწიფოს როლი რეალურად ასეთ ვითარებაში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში.
გუშინ, 14 ივნისს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, პარალელურად ორი აქცია გაიმართა.
თავდაპირველად, მთავრობის შენობასთან აქცია 19:00 საათზე „თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებმა დაანონსეს, მას შემდეგ რაც საპატრიარქომ 18-23 ივნისს ლგბტ პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაუშვას პრაიდის ჩატარება.
„თბილისი პრაიდის" მიერ დაანონსებული აქციის გამართვამდე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და სასულიერო პირები მივიდნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ არ დაუშვებენ თბილისში ლგბტ პრაიდის გამართვას.
მოგვიანებით, კონტრაქციის ორგანიზატორებმა მედიასთან განაცხადეს, რომ მათი მიზანი „თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებისთვის ხელის შეშლა იყო. აქციის განმავლობაში კონტრაქციის მონაწილეები შეურაცხყოფას აყენებდნენ პარალელური აქციის მშვიდობიან მონაწილეებს, მათ მხარდამჭერებს, ჟურნალისტებს, ზოგიერთ შემთხვევაში ფიზიკურადაც ეხებოდნენ მათ.
გვიან ღამით, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა აქციის დასრულების გადაწყვეტილება მიიღეს.