ENG / RUS       12+

დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა, რომ სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებიც იყვნენ საქმეში ჩართული - მამუკა არეშიძე

რესპოდენტის შესახებ

„არ შეიძლება თითის გაშვერა რომელიმე ეთნიკური ან რელიგიური ჯგუფისკენ,  ეს მტრის წისქვილზე დაასხამს წყალს“, - ამის შესახებ „სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის“ ხელმძღვანელმა მამუკა არეშიძემ თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ საუბრისას ჯი-ეიჩ-ენს განუცხადა.

ექსპერტის აზრით, გასაგებია საზოგადოების მაღალი ინტერესი, მაგრამ შესაძლოა, საქართველოში ჩატარებული სპეცოპერაცია  საერთაშორისო აქტივობის ფრაგმენტი იყო.

„მესმის საზოგადოების ინტერესი, რომელსაც რასაკვირველია, ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს, მაგრამ თუ დავეყრდნობით შინაგან საქმეთა მინისტრის ნათქვამს, რომ ეს არის საერთაშორისო, ანტიტერორისტული ოპერაცია, მაშინ ჩნდება დასკვნა, რომ ასეთი ტიპის ოპერაცია ტარდება სხვაგანაც და საქართველოში ჩატარებული ოპერაცია იყო ფრაგმენტი საერთაშორისო აქტივობისა. თუ ეს ასეა, გასაგებია, რომ არ ასახელებენ არც სახელებს და  არც რელიგიურ თუ პოლიტიკურ კუთვნილებას ამ ადამიანებისა, რათა სხვას არ შეეშალოს ხელი.

სპეცოპერაცია, რომელიც თბილისში ჩატარდა, რომ არ იყო მხოლოდ ქართველი სპეცსამსახურების, ამის ბევრი ნიშანი ჩანდა. დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა, რომ სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებიც იყვნენ საქმეში  ჩართული - ვგულისხმობ პარტნიორებს და გარდა ამისა, მეც მაქვს გარკვეული ინფორმაცია, რომ სულ მცირე, ორი ქვეყნის სპეცსამსახური რაღაც ფორმით მონაწილეობდა. შეიძლება, ეს ყოფილიყო ინფორმაციის გაცვლის დონეზე, მაგრამ ვიცი, რომ მონაწილეობდა.

-რამდენად მართებულად მიგაჩნიათ „ალ-ჯაზიარას“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ტერორისტების ვინაობის დამალვა  პანკისელ ჩეჩნებზე უარყოფითად აისახება.

- მე საზოგადოებაში ასეთ განწყობას ვერ ვხედავ. გარდა ამისა,  პანკისის ხეობაში არაფერი ისეთი არ ხდება, რაც საქართველოს უსაფრთხოებას შეუქმნის პრობლემებს და  არც რამე ისეთი, რაც საქართველოს სხვა რეგიონებში არ ხდება, იგივე აჭარაში, გურიის  მთიანეთში და ა.შ. არ შეიძლება თითის გაშვერა რომელიმე ეთნიკური ან რელიგიური ჯგუფისკენ, ეს მტრის წისქვილზე დაასხამს წყალს. 

- შეიძლება თუ არა, აღნიშნული სპეცოპერაცია აჰმედ ჩატაევთან იყოს დაკავშირებული და მეტიც,  ის იყოს ლიკვიდირებულებს შორის?

- მართალია, თურქულმა გამოცემამ დადასტურებულად დაწერა, რომ ჩატაევი დაღუპულია, მაგრამ მე მაინც ეჭვი მეპარება, რადგან აჰმედ ჩატაევს იმდენად სპეციფიური მდგომარეობა და გარეგნობა აქვს.. ის ძებნილია რამდენიმე ქვეყნის სამართალდამცავების მიერ. გარეგნობას რაც შეეხება, ვიცით , რომ არ აქვს ერთი ფეხი და ხელი, ასე რომ მისი გადაადგილება რამდენიმე ქვეყნის საზღვარზე, იმისთვის, რომ საქართველოში მოხვედრილიყო, ძალიან პრობლემატური იქნებოდა.

დავუშვათ, ის მართლა იმყოფებოდა  საქართველოში და ჩართული იყო ამ ოპერაციაში - გამოდის, რომ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებასთან გვაქვს საქმე.

ეს შეიძლება იყო მომზადება ტერორისტული აქტისთვის, ან მომზადება ბაზის შესაქმნელად ჩრდილოეთ კავკასიაში დაგეგმილი პროცესებისათვის, მაგრამ მე მაინც ეჭვი მეპარება ჩატაევის აქ ჩამოსვლაში თუ მას რაიმე განსაკუთრებული მისია არ ჰქონდა დაკისრებული.

როგორ შეაფასებდით სპეცოპერაციას, იყო თუ არა ის სწორად წარმართული?

-სპეცოპერაციას ვაფასებ დადებით მოვლენად და კარგად ჩატარებულად. მაქვს კითხვები, მაგრამ ჯერ არ დავსვამ, თუნდაც იმიტომ, რომ ინფორმაციის დეფიციტია. შემდეგ კი აუცილებლად დავსვამ ამ შეკითხვებს.

-ბევრი განცხადება მოვისმინეთ იმის თაობაზე, რომ საქართველო ტერორისტებისთვის სატრანზიტო ზონაა და ჩვენთან იარაღის შენახვა თუ გადატანა ადვილია..

-სამხრეთ კავკასიაში იარაღის შეძენა არ არის რთული. ნუ დაგვავიწყდება, რომ გვაქვს ორი რეგიონი, რომელიც აბსოლუტურად უკონტროლოა, განსაკუთრებით, სამხრეთ ოსეთი, სადაც უამრავი იარაღია დაგროვილი.  გვერდზე კი მუდმივი ომის რეჟიმში მყოფი ყარაბახი. ჩვენი საზღვრები ისე ვერ იქნება დაცული, რომ იარაღის კონტრაბანდა შევაჩეროთ.

ბოლო წლების სტატისტიკა რომ ავიღოთ, რამდენიმე ათეული დანაშაულია ჩადენილი, მარტო თბილისში, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და ეს იარაღი, ყველა შემთხვევაში, ამოღებული არ არის. ძალიან რთულია ამ იარაღის დევნა, საჭიროა, მაგრამ რთული. ჩვენთან კი არა, სახელმწიფოებრივად ბევრად ძლიერ ქვეყნებშიც ასეა.

აშშ-ში 58 კაცი მოკლა პიროვნებამ, რომელმაც სასტუმროს ნომერი გაავსო იარაღით. არსებობს უამრავი მაგალითი, ეს, რასაკვირველია, ჩვენთვის შეღავათი არ არის და უნდა  ვებრძოლოთ იარაღის უკონტროლო გადაადგილებას, თუმცა არსებობს ობიექტური მიზეზებიც, როცა გვიჭირს ამის გაკონტროლება, როგორც სახელმწიფოს.

-განვითარებული მოვლენების შედეგად, ხომ არ არის მოსალოდნელი კონკრეტული დაჯგუფებების აგრესია ეთნიკურად არაქართული მოსახლეობის მიმართ?

-ქართულმა საზოგადოებამ იცის, რომ საქართველო ყოველთვის მრავალეროვანი ქვეყანა იყო, თბილისის უბნების დასახელებაც რომ აიღო, ბევრ შემთხვევაში არაქართული დასახელებისაა - მეიდანი, ნავთლუღი, ჩუღურეთი და სხვა, მაგრამ ყველამ, ყოველთვის იცოდა თავისი ადგილი.

დღეს საქართველოში არსებობენ რელიგიური თუ ეთნიკური ჯგუფები, რომლებსაც აქვთ თავიანთი პოლიტიკური ინტერესები, ეს არ არის მათი პოლიტიკური ინტერესები, ეს არის არა მათი, არამედ სხვა ქვეყნის ინტერესები, რომლის გამტარებლებიც ხდებიან ისინი. იქნება ეს რელიგიის თუ ეკონომიკის მნიშვნელობით. ამის  წინააღმდეგ არის სწორედ განწყობილი ქართული საზოგადოება. საზოგადოების დაკვეთა რომ არ ყოფილიყო, „ქართული მარშიც“ არ იქნებოდა.

-თუ საზოგადოებას მათთვის საეჭვო  ყოველი პიროვნების მიმართ გარკვეული შიშები გაუჩნდება და გადაწყვეტენ სამართალდამცავ ორგანოებს აცნობონ, ეს გარკვეულ პანიკას გამოიწვევს?

-არაფერი ამაში არ არის განსაკუთრებული, ევროპამ არაერთი ტერაქტი აიცილა თავიდან მოსახლეობის სიფხიზლის დამსახურებით. პირველ რიგში საზოგადოებაც და ხელისუფლებაც უნდა იყოს კონსლიდირებული. მე მქონდა შეხვედრა ადგილობრივ (გაბრიელ სალოსის ქუჩა) მოსახლეობასთან, დავსვი შეკითხვები და როგორც აღმოჩნდა, ყველამ ყველაფერი იცოდა, რასაკვირველია არ იცოდნენ, რომ იქ იარაღი იყო, მაგრამ ეს ადამიანები რომ საეჭვონი იყვნენ, ამაზე ყველამ იცოდა. ასე რომ საზოგადოების რეაგირება სწორია, რადგან  როცა საზოგადოების სიფხიზლე მაღალია, ხიფათის ხარისხი მცირდება.

თამთა ქარქაშაძე ,,ჯი-ეიჩ-ენი“

ავტორი: . .