ENG / RUS       12+

„აფხაზეთის ეკლესია“ და ქართველი სასარგებლო იდიოტები

გასულ კვირას, თბილისში სულ რამდენიმე საათით ჩამოფრინდა  ვოლოკალამსკელი მიტროპოლიტი ილარიონი, რომელიც რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიაში საგარეო საქმეებს უძღვება. ამავდროულად წმინდა სინოდის წევრია და მრავალი ექსპერტის აზრით, ყველაზე გავლენიანი ფიგურაა ეკლესიაში თვით პატრიარქ კირილის შემდეგ.

ვიზიტის ფორმალური მიზეზი რუსეთში პატრიარქობის აღდგენის 100 წლისთავის ზეიმზე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიწვევა იყო. თუმცა, მხოლოდ მოსაწვევის გადასაცემად მიტროპოლიტი ილარიონი საქართველოში არ ჩამოვიდოდა. მას სულ სხვა, შორსმიმავალი მიზანი ჰქონდა, რაც ილია მეორესთან შეხვედრისას გაცხადდა: თითქოსდა სრულიად მოულოდნელად, რუსმა მიტროპოლიტმა მკვეთრი განცხადებები გააკეთა აფხაზეთში ე.წ. „საეკლესიო სეპარატისტთა“ წინააღმდეგ. მისი თქმით, „ის ჯგუფი, რომელმაც დაიპყრო „ახალი ათონის“ მონასტერი კვლავინდებურად ინარჩუნებს პოზიციებს და ამ თვალსაზრისით ახალი არაფერია“.

იგულისხმება ე.წ. „აფხაზეთის წმიდა მიტროპოლია“ და მისი თვითმარქვია წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (დბარი).

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მართალია ბოლო დრომდე არ იმჩნევდნენ, თუმცა, რუსული ეკლესიის უმაღლეს იერარქიას ძალიან აღელვებს სწორედ სიმონ კანანელის სახელობის ახალი ათონის მამათა მონასტრის ბედი, რომელიც რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთ სიწმინდედ ითვლება.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

აქვე, ძალიან მოკლედ, აფხაზეთში საეკლესიო თვალსაზრისით არსებული ვითარების შესახებ:

1993 წლის ომის შედეგად, რომლის ბოლოს, მხეცებმა გულრიფშის რაიონში მდებარე დედათა მონასტერი გადაწვეს, ააოხრეს, დედაოები გააუპატიურეს და ცოცხლად დაწვეს (ეს ისტორიულად დადასტურებული ფაქტია), აფხაზეთში ქართველი ღვთისმსახური, ფაქტიურად აღარ დარჩა.

სეპარატისტული რეჟიმი  ცდილობს გამოიყენოს ეკლესია და ქრისტიანობა საერთაშორისო აღიარების ინსტრუმენტად. ყოფილმა კანონიერმა ქურდმა, ქართველთა გენოციდის  აქტიურმა მონაწილემ, ბესარიონ (აპლიამ) ფორმალურად შეინარჩუნა კავშირი საქართველოს ეკლესიასთან, თუმცა თავი თვითნებურად გამოაცხადა „აფხაზეთის ეკლესიის წინამძღვრად“, ხოლო აფხაზეთის ეპარქია - „აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიად“.  

მცხეთა-თბილისის ტახტმა იგი ამის გამო არ განკვეთა მხოლოდ და მხოლოდ  დიპლომატიური მოსაზრებებით.

25 წლის მანძილზე, მოსკოვი მუდამ სთხოვდა ქართულ ეკლესიას, დაეთმო ახალი ათონის მონასტერი. უარს იღებდა, თუმცა 2011 წელს მხარეებმა მაინც მოილაპარაკეს (ოღონდ მხოლოდ სიტყვიერად - რაიმე დოკუმენტი არ გაფორმებულა), რომ ახალი ათონი, დე-ფაქტო ორმაგ მმართველობაში იქნებოდა. ანუ, რუსეთის პატრიარქი, რომელიც კვლავინდებურად სცნობს საქართველოს კანონიკური საეკლესიო ტერიტორიის ურღვევობას, ახალ ათონში წარაგზავნიდა რუს კლირიკს მღვდელმთავრად და ქართული მხარე ამას არ გააპროტესტებდა.

წარაგზავნეს კიდეც - იღუმენი თევდორე. 

ბესარიონ აპლია ამ გადაწყვეტილებას თითქოს უნდა დათანხმებოდა, მაგრამ აფხაზეთის სეპარატისტულ რეჟიმს არც „ახალი ათონის“ დათმობა სურდა, არც აფხაზეთის ე.წ. „ეკლესიურ დამოუკიდებლობაზე“ უარის თქმა როგორც მოსკოვის, ასევე თბილისისგან

ამიტომ მოიფიქრეს, როგორც ყოველთვის, უეშმაკურესი ხრიკი: დოროთე დბარმა და მისმა მომხრეებმა გამოაცხადეს „აფხაზეთის წმიდა მიტროპოლია“ კათედრით სწორედ ახალ ათონში და ავტოკეფალიის აღიარების თხოვნით მიმართეს კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბართლომეს.

ხსენებულმა  ბართლომემ, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს,  თვითმარქვია მიტროპოლიტი მიიღო კიდეც სტამბულში.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ბუნებრივია, აფხაზეთის ხელისუფლება, რეალურად, სწორედ „დოროთეს ჯგუფს“ უჭერს მხარს, რაკი მათი მიზანი რუსეთის შემადგენლობაში შესვლა სულაც არ არის. ამით განსხვავდება აფხაზეთი-სამხრეთ ოსეთისგან, რასაც, სამწუხაროდ, ბევრს ვერ შეაგნებინებ  თბილისში.

მოსკოვის ყველა მოთხოვნაზე - „ახალი ათონის“ გადაცემის შესახებ -  სეპარატისტული რეჟიმის თავკაცნი თეატრალურად შლიდნენ ხელებს: „აბა რა გიყოთ, წმიდა სავანეში ტანკებით ხომ ვერ შევალთ და იქედან მღვდლებს ხომ არ გამოვყრითო“.

როგორც ჩანს, პატრიარქ კირილეს  ეს ყოველივე მოჰყირჭდა, ამიტომ თბილისში უახლოესი კლირიკი გამოაგზავნა და ილია მეორეს აფხაზური საეკლესიო სეპარატიზმის წინააღმდეგ უნია შესთავაზა. სწორედ ამას გულისხმობდა მიტროპოლიტ ილარიონის წინადადება „ერთობლივი ჯგუფის“ შექმნის შესახებ.

ბუნებრივია, ეს განცხადება იყო მესიჯიც სოხუმისთვის, დროულად გამოყარონ ახალი ათონიდან „რასკოლნიკები“. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსული ეკლესია საკმარისად გავლენიანია, რათა კრემლი დაარწმუნოს აფხაზეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და სატრანსპორტო სანქციების შემოღებაში.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ბუნებრივად ისმის კითხვა: თუ ასეა, რაში სჭირდება მოსკოვს თბილისი? განა რაიმე დეკლარირებული „რუსულ-ქართული უნიის“ გარეშე ვერ შეძლებს სანქციების შემოღებას და საზღვრის ჩაკეტვას აფხაზეთთან, რათა ახალი ათონის გადაცემა აიძულოს?

 მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ რუსული მართლმადიდებელი ეკლესია პუტინის ნეო-იმპერიული პროექტის განუყოფელი ნაწილია და აუცილებლად სჭირდება ამგვარი ნაბიჯების გადადგმისას მათი „სინქრონიზება“ საქართველოს მიმართ იმავე კრემლის და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციასთან.

მოსკოვში უფრთხიან სიტუაციას, როდესაც, სოხუმთან დაპირისპირებისას თბილისი შეეცდება სათავისოდ გამოიყენოს (რაც ბუნებრივია) ანუ ღიად დაგმოს ეს პოლიტიკა, როგორც არაერთხელ მომხდარა ადრე: 2005 წელს,  სააკაშვილთან მორიგი შეხვედრის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა აფხაზეთიდან რუსეთში ციტრუსების შეტანა აკრძალა, რაკი მიშასგან წინასწარი თანხმობა მიიღო „დიდი გაზსადენის გადაცემაზე“ (გახსოვთ იმდროინდელი განცხადებები ამის შესახებ), ასევე ბათუმში ანტიტერორისტული ცენტრის შექმნაზე.

მაგრამ როგორც კი ფსოუზე საზღვარი ჩაიკეტა, იმდროინდელი სახელმწიფო მინისტრი გამოვარდა და იქუხა: „ძვირფასო აფხაზო ძმებო, მაგ მანდარინებს ჩვენ ვიყიდით რუსების ჯინაზეო“, რასაც რუსეთში ნამდვილი საზოგადოებრივი ისტერიკა მოჰყვა. იმავე წელს, სააკაშვილთან მორიგი შეხვედრისას პუტინმა ჰკითხა მიშას: კი მაგრამ, ხომ მოვილაპარაკეთ, შენი სახმინისტრი ასეთ განცხადებებს რატომ აკეთებსო, თუმცა პასუხად მხოლოდ უაზრო ზმუილი მიიღო.

მეორეს მხრივ, სრულიად გამართლებული და ჭკვიანური სჩანს კათოლიკოს-პატრიარქის პასუხი ამ ერთობლივი ჯგუფის შექმნაზე: „მოსკოვში ჩამოვალ თუ ჯანმრთელობა ხელს შემიწყობსო“, ანუ დიპლომატიური ენიდან თუ გადმოვთარგმნით: „გამოჩნდეს, რისი მაქნისები ხართ. გააკეთეთ თქვენ ჯერ, გადადგით ნაბიჯები სეპარატისტთა წინააღმდეგ, განახორციელეთ კონკრეტული ქმედებები და მერე ვნახოთ....“

მაშასადამე, ილია მეორე პატრიარქ კირილს ნამდვილად არ მისცემს საშუალებას, ქართულ ეკლესიას „ამოფარებულმა“ დაგმოს საეკლესიო სეპარატიზმი  აფხაზეთში ისე, რომ მოსკოვი თითქოსდა „შუამავალია“ მხოლოდ - ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის.

ეს სიტუაცია გარკვეულ შანსებს ქმნის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესთა განხორციელების თვალსაზრისით, რაკი ამ ინტერესის საფუძველი აფხაზური სეპარატიზმის შეძლებისდაგვარად დასუსტება და მისთვის მაქსიმალური პრობლემების შექმნაა. ამიტომ, ნამდვილად დაფიქრებასა და ფრთხილ მიდგომას საჭიროებს:  არც ისე ბევრია სფერო, სადაც თბილისმა შეიძლება თავისი პირობები წაუყენოს მოსკოვს.

ამ საფრთხეს უკვე ხვდებიან  აფხაზი სეპარატისტებიც; ამიტომ, თუ ბოლოდროინდელ განცხადებებს დავაკვირდებით „მოსკოვისა და თბილისის საეკლესიო უნიის საწინააღმდეგოდ“ მათი გათვლა ახლა იმ „სასარგებლო იდიოტებზეა“, ვინც პოლიტიკაში ცინიკური და პრაგმატული ქცევის ნაცვლად, ემოციების უაზრო ფრქვევითაა „გართული“ უკვე მეოთხედი საუკუნეა.

 

ნიკა იმნაიშვილი   ,,ჯი-ეიჩ-ენი“

ავტორი: . .