ENG / RUS       12+

ვინ გაგიჟებს შენ, - ბარსელონა?! - სეპარატიზმის შხამი ევროპაში

„თქვენი მეფის თასსაც კი მოგიგებთ“ - მიაძახა მორიგი გამარჯვებების შემდეგ, ფენომენალური „ბარსელონას“ დიდებულმა მცველმა, ხერარდ პიკემ დამარცხებული მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებს.  როგორ ჟღერდა ბუკვალურად, მთლიანად და ზუსტად ეს ამაზრზენი ფრაზა, საგანგებო გამოკვლევებით დადგენილია: „ესპანელებო, ჩვენ უკვე მოვიგეთ თქვენი ჩემპიონატი! ახლა კი თქვენი მეფის თასსაც დავეპატრონებით!".

დავაკვირდეთ, ან რა დაკვირვება სჭირდება,  რამდენი სიძულვილი და მართლა გესლია ამ სიტყვებში! იმიტომაც გამოიწვია საშინელი რეაქცია მთელს ესპანეთში, სადაც თავდავიწყებით (ალბათ ისევე, როგორც საქართველოში და ბრაზილიაში) უყვართ ფეხბურთი.

ამ მძვინვარე რეაქციით   კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „სეპარატიზმი“, კლასიკური სახით, „სულისმიერი“ პრობლემაა და რაციონალურ ახსნას ხშირად არ ეპუება. აბა „რატომ უნდა უნდოდეს“  კატალონიას ესპანეთიდან გამოყოფა?!

სხვათა შორის, ზემოთმოყვანილი ფრაზა  კატალონიელმა ხერარდ პიკემ კასტილურად (ესე იგი ესპანურ ენაზე) მიაძახა ესპანელებს. ეს კიდევ არაფერი და „თავანკარა კატალონიელთა“ (აი ჩვენში რომ „ნამდვილ ქართველებს“ უწოდებენ) აბსოლუტური უმრავლესობა სამსახურში, ქუჩაში და ოჯახშიც კი (!) სწორედ ესპანურად საუბრობს. ისევე, როგორც, მაგალითად ირლანდიაში: ძნელი დასაჯერებელია, თუმცა ფაქტია: 100 წლის წინ დიდი ბრიტანეთისგან „გამოყოფილ“ ირლანდიაში მთავრობისა და პარლამენტის სხდომებიც კი, ხშირად ინგლისურად ტარდება დღესაც! დაუჯერებელია? მაგრამ ფაქტია.

კატალონია ესპანეთის ყველაზე განვითარებული რეგიონია. „ხელის გულზე ატარებენ“, გადასახადების უდიდეს ნაწილს უტოვებენ, ყველანაირად ანვითარებენ, რაიმე „ჩაგვრაზე“ ან დამცირებაზე  ხომ ლაპარაკი ზედმეტია. მიუხედავად ამისა, კატალონიის მთავრობამ გადაწყვიტა, 1 ოქტომბერს ჩაატაროს საბედისწერო რეფერენდუმი „დამოუკიდებლობის“ თაობაზე. ამ რეფერენდუმმა შეიძლება არათუ შეარყიოს, არამედ მთლიანად დაანგრიოს ევროკავშირი. მით უმეტეს ე.წ. „ბრექსიტის“ მერე, როდესაც  დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს გამოეყო და ზუსტად ანალოგიურად აბსურდული წინაპირობები ჰქონდა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

კატალონიაში საქმე უკვე მივიდა სერიოზულ დაპირისპირებამდე: ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, მარიანო რახოი ამბობს, რომ მადრიდი რეფერენდუმის ჩატარებას არ დაუშვებს. რეგიონული მთავრობა თავისას არ იშლის; ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა კატალონიის ყველა „ძალისმიერი სტრუქტურა“ მადრიდს დაუქვემდებარა, მაგრამ რეგიონის მთავრობამ ამ გადაწყვეტილებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა; ბარსელონას ქუჩებზე შეხლა-შემოხლის რამდენიმე ეპიზოდიც კი იყო.

სადამდე მივა ეს ყოველივე, არავინ იცის: უკან დახევას არც ერთი მხარე არ აპირებს....... თუმცა, ევროპულ მედიას თუ გადავხედავთ, ძალიან ცოტა მსჯელობს იმაზე, რა სისტემური მიზეზებითაა განპირობებული ეს გაუთავებელი, აბსურდული, არარაციონალური სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ მაშინ, როდესაც ამის არანაირი რეალური მიზეზი არ არსებობს დღევანდელ ევროპაში, ანუ თანამედროვე ესპანეთში.

სეპარატიზმი ყოველთვის და ყველგან შიზოფრენიული გამოვლინება როდია. მაგალითად, როდესაც საბჭოთა ხალხები, მათ შორის საქართველო იბრძოდნენ ე.წ. „საბჭოთა კავშირიდან“ გამოყოფისთვის, უმრავლეს შემთხვევაში ეს იყო საზიზღარი კომუნისტური რეჟიმისგან გათავისუფლების აბსოლუტურად ლეგიტიმური სწრაფვა. ან, როცა გასული საუკუნის 30-იან წლებში, ესპანეთი სამოქალაქო ომში გადაიჩეხა, ხოლო „ანტიმადრიდული“, რესპუბლიკური ოპოზიციის ცენტრი სწორედ ბარსელონა გახდა, ამის ახსნაც შეიძლება იმით, რომ იმ დროს ესპანეთში ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო ფეოდალური ეთნოკრატიის სისტემა, კატალონური ენა მაშინ იჩაგრებოდა და ა. შ.

მაგრამ დღეს? ვინ როგორ რით ჩაგრავს კატალონიას?  იმდენად, რომ სამოქალაქო ომის საფრთხესაც კი არად აგდებენ, რასაც დიდმა კატალონიელმა, სალვადორ დალიმ გენიალური ქმნილება უძღვნა, დღემდე რომ სისხლს უყინავს ადამიანს?

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

საოცარი პარადოქსია, მაგრამ „ევროკავშირის პროექტი“, რაღაც უცნაური „მანქანებით“ თვითონ  ხდება სეპარატისტულ მოძრაობათა მაპროვიცირებელი და აი რატომ: შოტლანდიამ რეფერენდუმით იმიტომაც თქვა უარი დამოუკიდებლობაზე, რომ გამოყოფის  შემთხვევაში ბრიტანულ გირვანქას კარგავდა. კატალონია კი არაფერს დაკარგავს (თითქოს) ვინაიდან ესპანეთთან  ერთიან „ევროზანაში“ იმყოფება. და იქვე დარჩება.

არც ის ახსნა უნდა იყოს სრულყოფილი, თითქოს ყველაფრის  მიზეზი „ღარიბი რეგიონებისგან გამოყოფის“ სურვილია. აქაოდა, კატალონიას აღარ უნდა „აჭამოს“ ესპანეთის სხვა რეგიონებს, ისევე, როგორც მილანსა და ჩრდილო იტალიას აღარ სურს კვებოს სამხრეთი და ა.შ. თუმცა, გამოკითხვები ადასტურებს: იმ ადამიანთა დიდ ნაწილს, ვინც ცეცხლოვნად მოითხოვს კატალონიის დამოუკიდებლობას, უმრავლეს შემთხვევაში დანაკარგის აუცილებლობაც გაცნობიერებული აქვს. ისევ და ისევ დავაკვირდეთ ამ შხამითა და ზიზღით განმსჭვალულ ეპოქალურ ფრაზას: „თქვენი მეფის თასსაც კი მოგიგებთ“ - მას რაიმე რაციონალური, მათ შორის ეკონომიკური ან სოციალური ახსნა აქვს? -  გამორიცხულია!

აქ სხვა ფენომენია უდავოდ, რომელიც სერიოზულ შესწავლას საჭიროებს: ბოლო გამოკითხვებით, კატალონიელთა მხოლოდ 45%-ია ესპანეთიდან გამოყოფის მომხრე. 55% კი თითქოს წინააღმდეგია. თუ ასეა,  რატომ აშინებს მადრიდს რეფერენდუმი? იმიტომ, რომ ესპანეთის მთავრობაში საკმარისად გონიერი ადამიანები არიან და ხვდებიან: „პასიონარულ უმცირესობას“ მუდამ აქვს უნარი და შანსი, აიძულოს (!) სტატუს-ქვოს მომხრე „ობივატელური“ უმრავლესობა, ხმა მისცეს „სიახლეს“ ნაცვლად არსებულის შენარჩუნებისა. „სიახლე“ ყოველთვის  ძლიერი და „შემძლეა“. იმიტომ კი არა, რომ „უკეთესია“. უბრალოდ „სიახლეა“. მით უმეტეს  სოციო-ფსიქოლოგიური დომინატის „აკომპანიმენტით“: „როგორ, შენ არ გინდა თავისუფლება, არ გინდა სამშობლოს დამოუკიდებლობა???!!!“

ადამიანი არის Homo-moralis და ასეთი არგუმენტაცია მისთვის დამთრგუნველია. იგი იძულებული ხდება  იმოქმედოს საკუთარი ნება-სურვილისა და ინტერესების საწინააღმდეგოდაც კი. ზუსტად ესაა თანამედროვე სეპარატიზმის არსი - თვით ბრიტანული სეპარატიზმის ჩათვლითაც, რადგან არავითარი რაციონალური საფუძველი დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული ევროპიდან გამოყოფას არ ჰქონდა, მით უმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც ბრიტანეთი გირვანქასაც ინარჩუნებდა ამ საზღვარში და „შენგენის ზონასაც“ არავინ აძალებდა. სხვა ყველაფერი კი „მოლაპარაკებადი“ იყო.

ოღონდ, მუდამ ჩნდებიან „პასსიონარები“, რომლებიც სწორედ ამ საზოგადოებრივი კომპლექსებით იკვებებიან. ამიტომ,  აბსოლუტურად ლეგიტიმურია ვიკითხოთ: ვინ არიან, რას წარმოადგენენ ეს „სუბიექტები?“, ვინ ასაზრდოებს, ვინ აფინანსებს  და ვინ მართავს მათ? ვისი ტიკი-ტომარა იყო, მაგალითად ის „სასარგებლო იდიოტი“ ნაიჯელ ფარაჯი, ვინც 40 წელი იბრძოდა ევროკავშირიდან ბრიტანეთის გამოსაყოფად და მიაღწია კიდეც ბოლოს? ვინ უზრუნველყო იგი ფინანსებით და მედია-რესურსით?

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

დასკვნა იოლი გამოსატანია, თუ შევიარაღდებით ლათინური მაქსიმით „Cui Prodest" - ვის აწყობს?

„ორჯერ-ორი - ოთხივით“ ნათელია: კატალონიაში რეფერენდუმის არჩატარება და ამ მიმართულებით ძალადობის არდაგმობა, ევროპის მხრიდან დემოკრატიის საფუძველთა შერყვნა იქნება; ხოლო აღიარება - ყირიმის რეფერენდუმის „გაპრავება“ გამოვა.

აბა კატალონიელებს თუ აქვთ რეფერენდუმის ჩატარების უფლება, ყირიმელმა რუსებმა რა დააშავეს? ხომ ასე იტყვიან? ნამდვილად ასე იტყვიან რუსები.

გარდა ამისა, კატალონიის გამოყოფა ევროპას აქცევს მუდმივი სეპარატისტული მოძრაობებისა და ამ მოძრაობათა „კარგად დაფინანსებული“ ლიდერების, ანუ „სასარგებლო იდიოტთა“ თუ გარეწარ სექსოტთა  მთელი ლეგიონის საჯიჯგნ ასპარეზად. მაშასადამე, საბოლოოდ დაასამარებს ევროპული ერთიანობის იდეას, რადგან ევროკავშირის დამფუძნებლებმა „ერთიანი ევროპა“ ჩაიფიქრეს, როგორც „სამშობლოთა კავშირი“ და მეტისმეტი ოპტიმიზმია იმის იმედად ყოფნა, რომ ადამიანი (ესპანელი, ფლამი, ინგლისელი და ა.შ) „სამშობლოს“ უომრად დათმობს...... ესე იგი კატალონიაში ან შოტლანდიაში საქმე სისხლისღვრამდე, ანუ სრულ საერთოევროპულ კატასტროფამდე და წარსულის პირსისიხლიან აჩრდილთა საფლავებიდან სტივენ კინგისეულ მახინჯ „ზომბებად“ წამოდგომადე  მივა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

„საფლავში ხარხარებს“ ახლა  სატანა შიკლგრუბერი! აკი ამბობდა: სახელისუფლებო ნების და  მტკიცე ძალაუფლების  გარეშე არანაირი „ერთიანი ევროპა“ არ იქნება, რადგან აქტიური უმცირესობა (იმ დროს მემარცხენეები, - აი  ძალიან რომ ჰგვანან დღევანდელ ანტიგლობალისტებს - ნ.ი.) მას აუცილებლად დაანგრევენ....... თუ დროზე არ გავჟლიტავთო.

ნიკა იმნაიშვილი ,,ჯი-ეიჩ-ენი“

ავტორი: . .