ENG / RUS       12+

თურმე რას გვთავაზობდა მოსკოვი 2008 წლის აგვისტოში და რა მიიღო რეალურად

რამდენიმე დღის წინ, აფხაზ სეპარატისტთა ერთ-ერთმა ისტორიულმა ლიდერმა, ვლადისლავ არძინბას ბავშვობის მეგობარმა, 1989 წელს აფხაზეთის ანტიქართული „სახალხო ფრონტის“ („აიდგილარას“) დამფუძნებელმა, სერგეი შამბამ, რუსულ საინფორმაციო სააგენტოსთან ინტერვიუში  ძალიან საინტერესო დეტალები გაიხსენა 2008 წლის 26 აგვისტომდე (ე.წ. დამოუკიდებლობის“ აღიარებამდე) მიმდინარე დიპლომატიური მოლაპარაკებებისა, რომლის შედეგად „პოსტსაომარი“ ამიერკავკასიის გეოპოლიტიკური ფორმატი უნდა განსაზღვრულიყო, ანუ საქართველოს და მისი ყოფილი ავტონომიების ბედი გადაწყვეტილიყო.

რამდენადაც შეიძლება „ისტორიული“ იყოს ისტორიულ მოვლენათა  შესახებ ინტერვიუ, შამბას ეს „გამონათება“ სწორედაც „ისტორიული დოკუმენტია“ და არათუ წარსულის სწორი გააზრების, არამედ დღევანდელი პრაგმატიზმის გაკვეთილიცაა - თუ როგორ უნდა ავაგოთ ურთიერთობა რუსეთთან და რატომ არის ამ ქვეყანასთან რაიმე კომპრომისი (თუ „კომპრომისში“ კაპიტულაცია არ იგულისხმება) აბსოლუტურად შეუძლებელი.

რას ყვება  სერგეი შამბა, რომელსაც მაშინ (რუსული აგრესიის დროს) აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა? როგორც აღმოჩნდა, მოსკოვი, მიუხედავად სამხედრო გამარჯვების და ორივე ყოფილ ავტონომიაში მოწყობილი ეთნოწმენდისა, სულაც არ ჩქარობდა აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის“ აღიარებას: პუტინის დავალებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა პროექტი, რომლის თანახმად, იქმნებოდა „აფხაზეთ-„სამხრეთ- ოსეთის“ კონფედერაცია (?!), რომელსაც მომავალში, ოდესმე  შეიძლებოდა მიერთებოდა საქართველოც (?!!!). უეჭველად იგულისხმებოდა ის პერიოდი, როცა მიხეილ სააკაშვილი აღარ იქნებოდა საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყნის სათავეში მოვიდოდნენ ე.წ. „პრორუსული“ ძალები და საქართველოც, „ახალი სუბიექტის“ სტატუსით შეუერთდებოდა აფხაზურ-ოსურ კონფედერაციას! ასე ჩამოყალიბდებოდა რუსეთისადმი „მეგობრული“ (ანუ მისდამი სატელიტური) „ამიერკავკასიის კონფედერაცია“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ყველაზე საინტერესო აქ ისაა, რომ როგორც შამბას ინტერვიუდან ირკვევა,  პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, - ვისაც რეალურად მაშინ ბევრი არაფერი ეკითხებოდა და უბრალოდ პუტინის მითითებებს ასრულებდა, - ამ „კონფედერაციას“ აფხაზებსა და ოსებს სთავაზობდა არა მათი დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ ან არა ამ დამოუკიდებლობის აღიარების პარალელურად, არამედ მათი დამოუკიდებლობის აღიარების სანაცვლოდ!

მაშასადამე, ფორმულა ამგვარი  იყო: ჩვენ გადაგარჩინეთ, ახლა გთხოვთ გაითვალისწინოთ რუსეთის გრძელვადიანი ინტერესები -  რაკი არ გვაწყობს საქართველოს სამუდამოდ დაკარგვა, გთხოვთ გაერთიანდეთ „კონფედერაციაში საქართველოსთან“. მანამ, სანამ იქ სააკაშვილია, რა თქმა უნდა არანაირი გაერთიანება არ მოხდება, მაგრამ ჯერ თქვენ შექმენით „აფხაზურ-ოსური კონფედერაცია“ და მომავალში, როცა საქართველოს ხელისუფლება შეიცვლება, მას საქართველოც შემოუერთდება.

შამბა ყვება, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სერგეი ლავროვის მონაწილეობთ, 12 აგვისტოდან - 26 აგვისტომდე (ანუ მოსკოვის მხრიდან მათ აღიარებამდე) მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა. რუსეთის უშიშროების საბჭოზეც კი განუხილავთ ეს პროექტი - ბაღაფშისა და კოკოითის მონაწილეობით. მოსკოვი უკანასკნელ მომენტამდე  ცდილობდა დაერწმუნებინა სეპარატისტები, მიეღოთ ეს ფორმულა, ანუ ჯერ თვითონ გაერთიანებულიყვნენ კონფედერაციაში და შემდეგ, „ოდესმე“ ამ კონფედერაციას „მიშასგარეშესაქართველოც“ შემოუერთდებოდა. თან, რაც ყველაზე ნიშანდობლივია, ეს წინადადებები დაჟინებით გამოითქმოდა უკვე მაშინ, როცა ცხადი გახდა, რომ მიშა რჩებოდა ხელისუფლებაში და თბილისში ხელისუფლების „დამამხობელი ტალღის“ აგორება ვერ მოხერხდა.

25 აგვისტოს, ესე იგი აღიარებამდე 1 დღით ადრე,  სოჭის „ბოჩაროვ რუჩეის“  რეზიდენციაში გამართულ მოლაპარაკებებზე, „კლიენტებმა“ - პატრონს საბოლოო უარი სტკიცეს და პრეზიდენტმა მედვედევმაც „თავის მოფხანით“ მიუგოთ: „რაკი არ დაგვთანხმდით, ჩვენც სხვა გზა აღარ გვრჩება და. . . . . . . . . . . . . . .  იძულებული ვართ ვცნოთ თქვენი დამოუკიდებლობა“.

ისტორიული ანეკდოტია! ანგლოსაქსებს სწორედ ამაზე უთქვამთ Tail wagging the dog - კუდი აქიცინებს ძაღლს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ ისტორიას არავითარი კავშირი არა აქვს ყბადაღებულ „სარკოზი-მედვედევის შეთანხმებასთან“. მოსკოვი „კონფედერაციის“ წინადადებას უკვე მას შემდეგაც გამოთქვამდა სეპარატისტებთან  შეხვედრისას, რაც მიშამ შეცვალა (და სწორადაც მოიქცა!) „პარიზ-მოსკოვის შეთანხმების“ ის პუნქტი, რომელიც აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ სტატუსის თაობაზე საერთაშორისო მოლაპარაკებათა გამართვას გულისხმობდა.

სინამდვილეში, ეს პუნქტი არანაირ გარანტიას არ ქმნიდა მოსკოვის მხრიდან „არაღიარებისა“, რაკი კრემლში ყოველთვის შეეძლოთ ეთქვათ, რომ საქართველომ ამით თავად აღიარა სადავოდ ავტონომიათა სტატუსი და მოსკოვი უბრალოდ თავის პოზიციას გამოხატავს მათი „დამოუკიდებლობის“ თაობაზე.

სინამდვილეში, სეპარატისტული ტერიტორიების აღიარება-არაღიარება სარკოზი-მედევდევის შეთანხმებაზე ან თუნდაც მიშას იმ მომენტში დარჩენა - არდარჩენაზე კი არ იყო დამოკიდებული, არამედ იმაზე, მოახერხებდა თუ არა მოსკოვი საკუთარი „კლიენტურის“ დარწმუნებას, მოეწერათ ხელი „კონფედერაციაზე“.

ვიმეორებ: მიშას არავინ არაფერს სთავაზობდა, რაკი „პუტინის პროექტი“ გულისხმობდა აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის კონფედერაციას და მერე, ოდესმე, მომავალშიც საქართველოს „შემოტყუებას“ ამ კონფედერაციაში. თუმცა, როგორც ჩანს,  სეპარატისტები მოსკოვს დაემუქრენ, რომ რუსულ მედიაში ატეხდნენ გნიასს, დაადანაშაულებდნენ მედვედევს „ღალატში“, „მოკავშირეების ჩაბარებაში“, „დასავლეთისადმი კაპიტულაციაში“, ოსტატურად ითამაშებდნენ რუსული შოვინისტური საზოგადოების ემოციებზე და სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდნენ პუტინ-მედვედევის ტანდემს.

არადა, ეს პროექტი მოსკოვმა შეიმუშავა საკუთარი გრძელვადიანი ინტერესებიდან გამომდინარე (და არა ქართველების სიყვარულით), რათა საქართველო, მომავალში,  თავის ორბიტაზე დაებრუნებინა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამავე პროექტს სთავაზობდა კრემლი ედუარდ შევარდნაძეს 1990-იან წლებში: „ქართულ-აფხაზური კონფედერაციის“ ან „ორსუბიექტური ფედერაციის“ (ჩეხეთ-სლოვაკეთის მსგავსად) თემა აქტიურად განიხილებოდა 1997 წელს, როცა ევგენი პრიმაკოვმა თბილისში ჩამოიყვანა ვლადისლავ არძინბა.

 ცოტამ თუ იცის, რომ ედუარდ შევარდნაძემ მაშინ თანხმობა განაცხადა საქართველოს ქცევაზე ჩეხეთ-სლოვაკეთის მსგავს გაერთიანებად და სწორედ არძინბამ უარყო საბოლოოდ, რადგან შეთანხმება გულისხმობდა სოხუმსა და გაგრაში ქართველი ლტოლვილების დაბრუნებას.

კრწანისში გამართულ მოლაპარაკებებზე არძინბამ თქვა: „ეს პუნქტი ამოვიღოთ და ახლავე ხელს ვაწერო“. არადა, ლტოლვილთა დაბრუნების გარეშე ამ ხელშეკრულებას საქართველოსთვის არანაირი ღირებულება აღარ ჰქონდა.

2008 წელს „ლტოლვილებზე“ საერთოდ აღარ ყოფილა ლაპარაკი, მაგრამ სეპარატისტებმა ამაზეც კი არ მოაწერეს ხელი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რას გვასწავლის მთელი ეს ისტორია? იგი ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ ყველა ილუზია, თითქოს მთავარია გავიგოთ, „რა უნდა რუსეთს“,  „რაში მდგომარეობს მოსკოვის ინტერესები“ და შემდეგ ამ ინტერესებთან ჩვენი ეროვნული ინტერესების „კორელაცია“ – „კონვერგენცია“ ვცადოთ, არის მტკნარი სისულელე! არასდროს მოსკოვი არ გადადგამს და ვერ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რაც სერგეი შამბასა და სხვა გაიძვერა სეპარატისტებს მისი შანტაჟირების საბაბს მისცემს.

ანუ კრემლი, მისი თითქოსდა „ყოვლისშემძლეობის“ მიუხედავად, თავად აღმოჩნდა მის მიერვე მოქსოვილ „ობობას ქსელში“, როცა საკუთარ კლიენტურასაც კი ვეღარ მართავს ისე, როგორც მას უნდა და სჭირდება მისივე გრძელვადიან ინტერესთა გათვალისწინებით.

არადა, 2008 წელს მოსკოვს არაფრის დიდებით არ აძლევდა ხელს (სინამდვილეში) აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება. ოღონდ მარტო იმიტომ კი არა, რომ ამით საქართველოს სამუდამოდ კარგავდა, არამედ იმიტომაც, რომ  დამოუკიდებელი, საერთაშორისოდ აღიარებული აფხაზეთი, რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან ისტორიული ადიღურ-ჩერქეზული პრობლემის განახლების „პლატფორმად“ იქცევა უეჭველად. დღეს იქნება თუ 50 წლის მერე, ეს აუცილებლად მოხდება.

და თვით შამბას ეს ინტერვიუც, იმ ფარული ბრძოლის გამოხატულებაა, რაც მოსკოვსა და სოხუმს შორის მიმდინარეობს, რადგან სხვა საკითხია, რამდენად შეიძლება ეწოდოს შამბას „დიპლომატი“, თუმცა დიპლომატიური მოლაპარაკებების შინაარსის „გარეთ გამოტანა“ და „გამომზეურება“ ელემენტარული ნორმისა თუ ეთიკის დარღვევაა: უბრალოდ, აფხაზი სეპარატისტები ამით ისევ აშანტაჟებენ მოსკოვს, რომელიც ახლა მათ „აწვება“ აფხაზეთში მიწების და ბინების ყიდვა-გაყიდვის თემაზე.

შამბა ადრეც „ანამიოკებდა“  რუსულ მედიასთან, რომ თუ კრემლი მეტისმეტად „მიაწვებოდათ“, ისეთ რამეს იტყოდა და „გამოამზეურებდა“, რაც მოსკოვს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებდა თვით რუსული  საზოგადოების თვალშიც. ამიტომაც მალავდნენ დღემდე რუსი დიპლომატები იმ საიდუმლო მოლაპარაკებათა თემატიკას.

ჩვენთვის კი ეს ისტორია უნდა ნიშნავდეს ერთადერთს: არავითარი აზრი მოსკოვთან მოლაპარაკებას არა აქვს. მისი გარეგნული „ძლევამოსილების“ მიუხედავად, ეს არის ნაციონალისტური და იმპერიული ნარატივის  ჩიხში უიმედოდ მოქცეული სახელმწიფო  და მასთან კომპრომისი გამორიცხულია იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოდესმე საქართველოს სათავეში აბსოლუტურად „პრორუსული“ ტიპაჟი აღმოჩნდება

 

ნიკა იმნაიშვილი   

ავტორი: . .