ხვალ, 24 თებერვალს, 12:00 საათზე, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის "საქპატენტის" საკონფერენციო დარბაზში საქპატენტის გენერალური დირექტორი ირაკლი ღვალაძე პატენტრწმუნებულებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრას გამართავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "საქპატენტიდან" აცნობეს, პატენტრწმუნებულები არიან დარგობრივი სპეციალისტები, რომლებიც მოქალაქეების მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე ამზადებენ განაცხადებს, ადგენენ გამოგონების ფორმულას, აღწერილობას, განაცხადების გაფორმებაში ეხმარებიან განმცხადებლებს. პატენტრწმუნებული უფლებამოსილია პატენტიდან გამომდინარე უფლებების დარღვევის თაობაზე პატენტის მფლობელის სახელით წარადგინოს სარჩელი. თავად პატენტრწმუნებულები გადიან ატესტაციას საქპატენტში, განაცხადების შემოტანის შემდეგ საქპატენტის კომისია იღებს გადაწყვეტილებას პატენტ-რწმუნებულობის მინიჭების თაობაზე. მოთხოვნებს პატენტრწმუნებულის მიმართ, ატესტაციისა და რეგისტრაციის პირობებს ადგენს დებულება პატენტრწმუნებულთა შესახებ, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
საქართველოში რეგისტრირებულია 26 პატენტრწმუნებული, რომლებიც ინტენსიურად თანამშრომლობენ საქპატენტთან.
აღსანიშნავია, რომ საქპატენტში გამართულ შეხვედრაზე განიხილება საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი და პატენტრწმუნრბულებთან მომავალი თანამშრომლობის პირობების საკითხები.