ENG / RUS       12+

EURASIANET: მოსკოვი აშშ-ისრაელის მხრიდან ირანზე შესაძლო დარტყმისთვის ემზადება

ამ წლის შემოდგომაზე რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიის, სომხეთის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე სამხედრო წრთვნების სერიას ჩაატარებს. არსებული ინფორმაციით, მანევრები აშშ-ისრაელის მხრიდან ირანზე შესაძლო დარტყმების განხორციელების შემთხვევაში საბრძოლო წრთვნების ფარგლებში გაიმართება. ამის შესახებ სტატიაში EURASIANET-ის მიმომხილველი ჯოშუა კუცერა წერს.

სტატიის თანახმად, წრთვნები „კავკასია - 2012" სექტემებრში ჩატარდება და არა ოპერატიულ-ტაქტიკური, არამედ სტრატეგიული ხასიათის იქნება (ამოცანების დამუშავებაში მონაწილეობას მიიღებენ არა მხოლოდ ყველა სახის შეიარაღებული ძალები, არამედ სხვა ძალოვანი სტრუქტურებიც). გარდა ამისა, ამ წრთვნებში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სეპარატისტული ტერიტორიების შეიარაღებულ ძალთა წარმომადგენლები. ის, რომ მანევრების მიმდინარეობის დროს ერთ-ერთი მიზანი დაზვერვის, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის და არმიისთვის ზურგის უზრუნველყოფის

ღონისძიებათა დამუშავებაა, იმის ვარაუდის საფუძველს ილევა, რომ რუსეთი მანევრების პროგრამას აშშ-ისრაელის მხრიდან ირანის წინააღმდეგ შესაძლო ომის გათვალისწინებით ამუშავებს, წერს რუსული „ნეზავისიმაია გაზეტა":

„როგორც სამხედრო პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი პოლკოვნიკი ანატოლი ციგანოკი ვარაუდობს, „სტრატეგიული წრთვნების „კავკასია 2012" წლისთვის მოსამზადებელი ღონისძიებები, როგორც ჩანს, უკვე დაწყებულია, დიდწილად სამხედრო დაძაბულობის მატების გამო სპარსეთის ყურის ზონაში". „ირანის წინააღმდეგ შესაძლო ომში, შეიძლება სამხრეთ კავკასიის ზოგიერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანაც იქნას ჩათრეული. როგორ შეიძლება ასეთ შემთხვევაში უცხოეთში, მაგალითად სომხეთში დისლოცირებული რუსული არმიის ნაწილების ქმედუნარიანობის უზრუნველყოფა? როგორც ჩანს, გენერალური შტაბი დაგეგმავს გარკვეულ სამეთაურო-საშტაბო ღონისძიებებს, მათ შორის კრიტიკულ სიტუაციებში ჯარების ზურგიდან მომარაგების უზრუნველყოფას", - ამბობს ექსპერტი.

სტატიის მიხედვით, ამ თეორიის რეალურობაზე მიუთითებს ასევე მანევრებში „მილსადენური ბატალიონის მონაწილეობა", რომლის ამოცანებშიც ჯარისთვის საწვავ-საპოხის მიწოდების უზრუნველყოფაა.

კუცერა წერს, რომ ამ წრთვნების ამოცანების მიუხედავად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მას კატეგორიულად აპროტესტებს:

„რუსეთი მიზანმიმართულად ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაჩქარებულ მილიტარიზაციას, ავითარებს სამხედრო ინფრასტრუქტურას და იქ შეტევითი ხასიათის შეიარაღება შეაქვს, ცდილობს რა პერმანენტული დაძაბულობის პროვოცირებას საქართველოსთან და შავი ზღვის რეგიონში ზოგადად. საერთაშორისო თანამეგობრობამ ყურადღება უნდა მიაქციოს იმ ფაქტს, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკა არ შეცვლილა. ის განაგრძობს აგრესიულ ქმედებებს, მათ შორის სამხედრო ძალის დემონსტრირებას და პროვოკაციებს. რუსეთი დესტაბილიზაციის და ნეგატიური მოვლენების წყაროა საერთაშორისო არენაზე".

როგორც კუცერა აღნიშნავს, იმავდროულად, სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, აზერბაიჯანი არ იშლის თავის აგრესიულ (კავკასიის სტანდარტებითაც კი) რიტორიკას სომხეთის მიმართ:

„აზერბაიჯანი იძენს თანამედროვე შეიარაღებას იმისთვის, რომ შესაძლებლობა ჰქონდეს სწრაფად და მინიმალური დანაკარგებით დაიბრუნოს კონტროლი სეპარატისტულ მთიანი-ყარაბახის რეგიონზე, თუკი მეზობელ სომხეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკებები ჩაიშლება", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

აღნიშნულ სტატიას "ფორეინპრესი" აქვეყნებს.

ავტორი: . .