ENG / RUS       12+

The Guardian: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საიდუმლოებით მოცული მილიარდერია

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ უნდა გადაარჩინოს მისი „ნიჰილისტი" თანამემამულეები და იმედი გაუჩინოს მათ ახალი პოლიტიკური პარტიის ფორმირებით. ამის შესახებ პოპულარული ბრიტანული გამოცემა The Guardian სტატიაში "მე არ ვარ აგენტი ან ოლიგარქი, ამბობს საქართველოს საიდუმლოებით მოცული მილიარდელი" წერს.

"ივანიშვილი იმდენად ჩაკეტილი ბუნების ადამიანია, რომ, როდესაც Observer-ი საქართველოში მასთან ინტერვიუს ჩასაწერად ჩაფრინდა, მისმა ერთ-ერთმა მრჩეველმა აღიარა: „ხალხმა შეიძლება მისი სახელის შესახებ იცის, თუმცა მისი ამოცნობა გაუჭირდებათ". მაგრამ ეს შეიცვლება მომავალ კვირას, როდესაც ივანიშვილი დააფუძნებს თავის ალიანსს „ქართული ოცნება" - ახალ პოლიტიკურ მოძრაობას, რომლის მიზანიც მმართველი პარტიის „ნაციონალური მოძრაობის" და მისი ქარიზმატული პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებიდან მოცილებაა. ერთ დროს სააკაშვილის მხარდამჭერი ივანიშვილი, რომელმაც თავისი ფული რუსეთში საბანკო საქმით, საბითუმო ვაჭრობითა და უძრავი ქონების ბიზნესით გააკეთა, ამბობს, რომ მისი ქვეყნის კურსით იმედგაცრულებულია. ის აცხადებს, რომ მისი პოლიტიკაში მოსვლა იძულებითი, დროებითი და აუცილებელია. „მე არ მსურდა პოლიტიკაში მოსვლა. არ ვარ საჯარო ფიგურა; მირჩევნია საკუთარი დაბადების დღეები ოჯახის და მეგობრების წრეში ავღნიშნო. მაგრამ 2008 წლის არჩევნები გაყალბდა, ამიტომ ოპოზიციის გასაძლიერებლად მისი დაფინანსება გადავწყვიტე. [ქართველ] ხალხში ნიჰილიზმმა დაისადგურა. ჩემი გამოჩენით, ხალხს იმედი გაუჩნდა"", - ნათქვამია სტატიაში, რომლის ქართულ ვერსიას "ფორეინპრესი" აქვეყნებს.

სტატიის თანახმად, ივანიშვილი არ მალავს იმ ფაქტს, რომ არ სცემს პატივს სააკაშვილს, რომლის მეორე და ბოლო საპრეზიდენტო ვადა 2013 წელს იწურება. სტატიის ავტორი ჯემი დოუარდი მიიჩნევს, რომ არსებობს ვარაუდი, რომ ვადის დასრულების შემდეგ, მან შეიძლება „პუტინი გაიმეოროს" და პრემიერ-მინისტრობა მოინდომოს.

"ივანიშვილის მოულოდნელი გამოჩენა პოლიტიკაში პირადი რისკისგან დაზღვეული არ არის. ის ფაქტი, რომ მის კომპლექსს, რომელსაც თავის მხრივ შეუძლია დაიკვეხნოს ასაფრენი მოედნითა და ანიშ კაპურის და რობერტ ინდიანას სკულპტურებით, ასე გულდასმით იცავენ, ამ ოთხი შვილის მამის სერიოზულ მოწყვლადობაზე მიუთითებს. მას საქართველოს მოქალაქეობა გაუუქმეს; მისი განაცხადი სატელევიზიო სადგურის შესაძლო ყიდვაზე დაიბლოკა; მისი კუთვნილი ნაღდი ფული, რომელიც საინკასაციო მანქანას „ქართუ ბანკიდან" გადაჰქონდა ჩამოართვეს; კანონპროექტი, რომელიც მისთვის ბანკის ჩამორთმევის მიზნით მომზადდა, პარლამენტში წარადგინეს. გასულ თვეში, მინისტრებმა ივანიშვილი, რომელიც მოსკოვიდან 8 წლის წინ დაბრუნდა, რუსეთის აგენტად წარმოაჩინეს. ცინიკოსები აცხადებენ, რომ კრემლის მხარდაჭერის გარეშე ის თავის ქონებას ვერ დააგროვებდა და რომ ახლა ის პუტინთან დავალებულია. სამი წლის შემდეგ მას მერე, რაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა ეს მომწამვლელი ბრალდებაა", - წერს დოუარდი.

ივანიშვილს, რომელიც ჩეხეთის ყოფილ პრეზიდენტ ვაცლავ ჰაველს საკუთარ გმირად ასახელებს, ეს ვარაუდები აბრაზებს. „მე არასდროს ოლიგარქი არ ვყოფილვარ. ოლიგარქი ნიშნავს ადამიანს, რომელიც მთავრობასთან თანამშრომლობდა, მე კი არასდროს ასე არ ვყოფილვარ".

"ივანიშვილის გეგმა, მისი თქმით, პრემიერ-მინისტრად გახდომაა მხოლოდ ორი-სამი წლით, რაც საკმარისია იმ საკონსტიტუციო რეფორმების რეალიზაციისთვის, რაც საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს განამტკიცებს, რის შემდეგაც ის გვერდით გადგება და დონკიხოტურად დააფინანსებს ოპოზიციურ პარტიებს, ახალი მთავრობის კონტროლისთვის. ივანიშვილის უზარმაზარი ოფისის კედლებზე დე ქუნინგის, ფრეიდის და მონეს ნამუშევრები კიდია. ეს ასლებია: მისი 1 მილიარდიანი არტ-კოლექციის ორიგინალები უსაფრთხოების მიზნით გადამალულია. თუმცა დამაინტრიგებელია ის რომ, როგორც ამბობენ, რომელიღაც ორიგინალია. ნამდვილის ყალბისგან გარჩევა რთული გახლდათ", - აღნიშნულია სტატიაში.

ავტორი: . .