ENG / RUS       12+

MailOnline: ბიძინა ივანიშვილი მსოფლიოს უმდიდრესი პოლიტიკოსია

MailOnline ბიძინა ივანიშვილს სტატიას უძღვნის. სტატიის თანახმად, წლების განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი ცნობილი იყო იმით, რომ უჩინარი ადამიანი გახლდათ.

"ოლიგარქი ბანკირი, რომლის ქონებაც £3.5 მილიარდად არის შეფასებული, იშვიათად იღებდა ფოტოს და მედიას ინტერვიუ მხოლოდ ერთხელ მისცა. თუმცა, ახლა ის საზოგადოების წინაშე წარსდგა, რადგან მისი მიზანი ქვეყანაში პროცესებზე კონტროლის მოპოვებაა - და მისი £30 მილიონიანი სასახლის კარი გარე სამყაროს პირველად გაუხსნა. ივანიშვილის სასახლე საქართველოს დედაქალაქის, თბილისის ფერდობზე წამოჭიმული, სადაც დაცვის თანამშრომლები სტუმრებს ამ სულისკვეთებით ესალმებიან: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯეიმს ბონდის სახლში"", - აღნიშნულია სტატიაში, რომლის ქართულ ვერსიას "ფორეინპრესი" აქვეყნებს.

სტატიის ავტორის, კრის სლეკის აზრით, კომპლექსი ქალაქზე შთამბეჭდავად დომინირებს და 10 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს.

"შენობის ზედა ორი სართული მინისაა, ხოლო სახურავზე ასაფრენი მოედანია. იქვე მდებარეობს ასევე მინის კოშკიც, სადაც საცურაო აუზია, ხოლო მის თავზე ლითონის სფერო კიდია, რომელშიც ივანიშვილის პრივატული კაფეა. ბაღებში ჰენრი მურის, დემიენ ჰერსტის და სხვათა ფასდაუდებელი სკულპტურებია, მაშინ როცა $1 მილიონიანი არტკოლექციის ასლები, მათ შორის პიკასოს ნამუშევარი, კედლებზე კიდია. მილიარდერიც კი, რომელიც ამ ნამუშევრების მფლობელია, იძულებულია საკუთარ სახლში ასლების გამოფენით შემოფარგლოს იმის შიშით, რომ საქართველოს მთავრობა ფულის გაკეთების მიზნით მათ კონფისკაციას შეეცდება. თითქოს კომპლექსი კერძო ზოოპარკსაც მოიცავს, სადაც სხვა ცხოველებთან ერთად პინგვინები და ზებრები არიან", - წერს სლეკი და აღნიშნავს, რომ ბ-ნი ივანიშვილი ყოველთვის ფუფუნებაში არ ცხოვრობდა. 55 წლის ოლიგარქი სიღარიბეში დაიბადა და მუშაობა ქარხნის დამლაგებლად დაიწყო, ვიდრე რუსეთში რამდენიმე საწარმოს დააფუძნებდა.

მას ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი, და მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი იყო თავისი კარჩაკეტილობით, მოქალაქეებისადმი გულუხვობის გამო ის რიგით ქართველებში სიმპატიით სარგებლობს.

"ივანიშვილი ათასობით კულტურის მოღვაწის ხელფასს აფინანსებს და იმავდროულად თვეში $10 მილიონს ქველმოქმედებაში ხარჯავს. იგი თვეში £80-ს ჩუქნის მისი მშობლიური სოფლის მცხოვრებლებს. ისინი ასევე £1,200 იღებენ საჩუქრად ქორწინების შემთხვევაში, მაშინ როდესაც ცერემონიის ხარჯები ცალკე იფარება.ცსწორედ ეს იმიჯი აძლევს მას იმის რწმენას, რომ მომავალი წლის არჩევნებში დაამარცხებს იმ მთავრობას, რომელსაც ვერ იტანს", - ნათქვამია სტატიაში.


სტატიის თანახმად, მას დღემდე ჩამორთმეული აქვს საქართველოს მოქალაქეობა, მედია სასტიკად აკრიტიკებს; დააკავეს მისი ბანკის საინკასაციო მანქანა და რამდენიმე მილიონი ნაღდი ფული ჩამოართვეს.

"ამის მიუხედავად, ის ქვეყნის ყველა ოპოზიციურ პარტიასთან კავშირებს აყალიბებს და სჯერა, რომ იოლად გაიმარჯვებს. იგი დასძენს: „მე მინდა გავხდე პრემიერ-მინისტრი, ვიმუშაო ორი წელი და შემდეგ წავიდე და თავი მივუძღვნა საზოგადოებრივ საქმიანობას". „პოლიტიკა არასდროს მიყვარდა. [მაგრამ] მე ვარ ერთადერთი ფიგურა, რომელსაც ახლა ხალხი ენდობა". „ჩემი ფული ნიშნავს იმას, რომ მე აქ მცხოვრები ერთადერთი თავისუფალი ადამიანი ვარ. ისინი მე ვერ მაკონტროლებენ. მე შეიძლება პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ იმისთვის რისიც მწამს, ცხოვრების ბოლომდე ვიბრძოლებ"", - აღნიშნულია სტატიაში.

ავტორი: . .