ENG / RUS       12+

Le Monde-ი ბიძინა ივანიშვილის წერილს აქვეყნებს

ფრანგული გავლენიანი გამოცემა Le Monde-ი ბიძინა ივანიშვილის წერილს აქვეყნებს. წერილში ბიზნესმენი ქართულ პოლიტიკაში მოსვლის მიზეზებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

"ბიზნესმენად ჩამოყალიბებული ადამიანისთვის, რომელსაც პოლიტიკაში არანაირი გამოცდილება არ აქვს, ეს იოლი დებიუტი არ არის. მე საქართველოში პოლიტიკური მოძრაობის დაფუძნება იმიტომ გადავწყვიტე, რომ ძალიან შეშფოთებული ვარ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მცოცავი ავტორიტარიზმით. მისი აზროვნების სტილი და ქმედებები, რაც გამომდინარეობს პრინციპიდან „სახელმწიფო - ეს მე ვარ", საქართველოს წონასწორობას უკარგავს და ჩემს ქვეყანას წარმატებული რეფორმირების უნარს უმუხრუჭებს" ,- წერს სტატიაში ივანიშვილი.

ბიზნესმენი წერს, რომ თუ საზოგადოება არ დაბალანსდება ოპოზიციურ ძალთა წყალობით, საქართველო იზოლაციისა და გაღატაკებისკენ სვლას განაგრძობს.

"თუკი უმრავლესობის პარტია კვლავ ძველებურად ჩაებღაუჭება ხელისუფლებას 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო, და კიდევ ერთი წლის შემდეგ დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში, აუცილებელი რეფორმები დღის სინათლეს ვერ იხილავს და ქვეყანა განადგურდება პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობით. დამოუკიდებლობის ოცწლიანი ტურბულენტური პერიოდის შემდეგ, საქართველო ვერ მისცემს თავს კიდევ ერთი რევოლუციის უფლებას", - წერს ივანიშვილი და სწამს, რომ ქართველები მზად არიან რეალური პოლიტიკური დებატებისთვის. ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ დამამცირებელია, როდესაც ქვეყანაში მთავარი მედია საშუალებები ხელისუფლების ხელშია, ოპოზიციის ხმა კი ჩახშულია.

"ეს არაჯანსაღი სიტუაცია სახელმწიფო მოხელეებში უპასუხისმგებლობის განცდას და სახელმწიფოს საქმეებში გაუმჭვირვალობას ბადებს. შედეგად ვიღებთ კორუფციას და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, რაც პირველ რიგში ქართველ ხალხს აზიანებს. მე ყოველთვის მაოცებდა ქართველებისთვის დამახასიათებელი სიყოჩაღე. სამეზობლო ჩვენ ყოველთვის შემოქმედ და საქმიან ადამიანებად აღგვიქვავდა", - წერს ივანიშვილი.

ბიზნესმენი ვარდების რევოლუციას იხსენებს და ამბობს, რომ მიუხედავად იმ პირველი პოზიტიური ცვლილებებისა, რაც 2003 წლის „ვარდების რევოლუციას" მოჰყვა, რომლის მიზანიც საქმიანი კლიმატის გამუმჯობესება და ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა იყო, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიზერულია: 2629 დოლარი 2010 წელს, ხოლო სომხეთი და აზერბაიჯანი ჩვენზე წინ არიან.

"2008 წელს საქართველო ჩაება და დამარცხდა რუსეთის წინააღმდეგ ომში, რომლის თავიდან არიდებაც შეიძლებოდა. ეს დისფუნქციური სისტემის პირდაპირი შედეგი იყო, რომლის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ მთავრობაში გადაწყვეტილებების მიღების სისტემა არ არსებობს და ძალაუფლება მთლიანად ერთი კაცის ხელშია. ჩვენ დღემდე ამის შედეგებს ვიმკით: დაკარგული გვაქვს ტერიტორიის 20% და სავაჭრო კავშირები რუსეთთან გაყინულია, მაშინ როდესაც ის უმნიშვნელოვანესი ბაზარია ჩვენი პროდუქციისა და მომსახურებისთვის, და იმავდროულად ჩვენი მოსაზღვრე სახელმწიფოა. ჩვენი ისტორიის ამ სამწუხარო ეპიზოდმა დააზიანა ასევე ჩვენი ურთიერთობები ჩვენს მნიშვნელოვან დასავლელ პარტნიორებთან, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ საქართველო უპასუხისმგებლოდ მართავდა თავის ურთიერთობებს რუსეთთან", - ნათქვამია სტატიაში და იქვე ივანიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს პოტენციალი ამაოდ იხარჯება.

"მიუხედავად მთავრობის სერიოზული ძალისხმევისა ქვეყანა გარე სამყაროს თვალში ენერგიულ რეფორმატორულ სახელმწიფოდ წარმოაჩინოს. სააკაშვილის შეუწყნარებლობა ოპოზიციის მიმართ და ქვეყანაზე ტოტალური კონტროლის სურვილი აფერხებს ჩვენს ბუნებრივ დინამიკას და ხელს უშლის საქართველოს უკმაყოფილო მოქალაქეეების პოლიტიკური გამოხატვის შესაძლებლობას, მათ შორის საჯარო სივრცეებშიც კი. ეს კი შიშის ატმოსფეროში ცხოვრებას გვაიძულებს. 2007 წლის ნოემბერში მიხეილ სააკაშვილის მიერ ანტისამთავრობო დემონსტრანტების სასტიკი დარბევა დავიწყებული არ არის და პირველად სწორედ ამან მიბიძგა უფრო კრიტიკულად აღმექვა დღევანდელი მთავრობა", - წერს ავტორი და სამომავლო გეგმებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ უპირველესი ამოცანაა, გამოიძებნოს ოპოზიციის გაძლიერების გზები და ჩატარდეს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, "რათა ქართველებმა შეძლონ თავად გააკეთონ არჩევანი საკუთარი ქვეყნის მომავალთან და პასუხისმგებელ ლიდერებთან დაკავშირებით. ეს მოითხოვს რეფორმებს, რომელიც ოპოზიციური პარტიებისთვის ნაციონალურ მედიას უფრო ხელმისაწვდომს გახდის, ასევე ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში, რათა ის უფრო სამართლიანი გახდეს".

ივანიშვილის საქართველოს ხელისუფლების მიერ მისთის მოქალაქეობის ჩამორთმევასა და „ქართუ ბანკის" დაჯავშნული ავტომანქანის დაკავსბის შესახებაც წერს და აღნიშნავს, რომ ეს ქმდება "ავლენს მათ უკიდურეს ნევროტულობას მოვლენების კონტროლთან დაკავშირებით".

"იმავდროულად დევნიან და აპატიმრებენ ჩემი ნათესავების ზოგიერთ მეგობარს და ჩემი თანამშრომლების ახლო ნათესავებს. ჩვეულ მანერაში, ხელისუფლების მიერ კონტროლირებადმა ტელეარხებმა ჩემზე თავდასხმების განხორციელება დაიწყეს იმ საბაბით, რომ მე რუსეთის ინტერესების გამტარებელი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანა თითქმის ათი წლის წინ დავტოვე. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მე ვაპირებ რუსეთში დარჩენილი ყველა ჩემი კომერციული აქტივის რეალიზაციას", - აღნიშნავს ბიზნესმენი.

"საქართველოს მთავრობის გადამეტებული რეაქცია იმაზე მიუთითებს, რომ ისინი კვლავ არასწორ გათვლას აკეთებენ და თავიანთ რეალურ სახეს აჩვენებენ. ვფიქრობ, ეს იმის ნიშანია, რომ მმართველმა პარტიამ იცის, რომ პარლამენტში მათი მანდატების კონტროლი სინამდვილეში არანაირად არ ასახავს მოსახლეობის რეალურ მხარდაჭერას. იმის გამო, რომ 2003 წლის „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, ჩემი იმედგაცრუება სულ უფრო იზრდებოდა, ქვეყნის დატოვებაზე ვფიქრობდი. მე გადავწყვიტე დარჩენა, რადგან საკუთარ მოვალეობად მივიჩნიე დავხმარებოდი საქართველოს, რათა ის სწორ გზაზე დადგეს. მოვლენებმა, რომელიც ჩემი განცხადების შემდეგ განვითარდა, ჩემი გადაწყვეტილების სისწორე დაადასტურა. როგორც ქართველს, მე არ მაქვს სხვა არჩევანი, თუ არა შევუერთდე ჩვენს ბრძოლას უკეთესი და უფრო თავისუფალი მომავლისთვის", - ნათვამია სტატიაში.

წერილის ქართულ ვარიანტს Foreignpress-ი აქვეყნებს.
 

ავტორი: . .