ENG / RUS       12+

ქართული თეატრის კიდევ ერთი საერთაშორისო წარმატება

რამდენიმე დღის წინ ერევანში დასრულდა საშემსრულებლო ხელოვნების მე-9 საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც თეატრალურ წრეებში „High Fest"-ის სახელით არის ცნობილი. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ეს მნიშვნელოვანი თეატრალური ფორუმი, რომელიც აზიისა და ევროპის კულტურულ ხიდს წარმოადგენს, 2001 წელს დაარსდა ნიდერლანდების საერთაშორისო ფონდ „კავკასიის" მიერ. სხვათა შორის, ფესტივალის დამფუძნებლებს შორის ქართველი თეატრმცოდნე, პროფესორი ლევან ხეთაგურიცაა, რომელიც უცხოელ კოლეგებთან ერთად დღემდე რჩება ფესტივალის სამხატვრო საბჭოში. სწორედ მისი დამსახურებაა ის გამონაკლისი, რომელსაც ფესტივალი საქართველოსთან მიმართებაში უშვებს: - რამდენიმე თეატრი საქართველოდან. წლევანდელ ფესტივალზე საქართველოს სამი ქართული თეატრი წარმოადგენდა, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი (დავით მღებრიშვილის დადგმით „ყვითელი დღეები"), ახალი თეატრი (ნიკა საბაშვილის დადგმით „ქაღალდის წვიმა") და კოტე მარჯანიშვილის თეატრი (ლევან წულაძის დადგმით „კაპიტან კორელის მანდოლინა"), თუმცა ეს უკანასკნელი ერევანში საერთოდ არ უჩვენებიათ...
ფესტივალზე „ახალი თეატრის" დასის წევრებთან ერთად გავემგზავრე. ვოლონტიორებმა, რომლებიც ბლომად მოგვამაგრეს ქართველებს, ჩასვლისთანავე გვამცნეს, რომ ქართული თეატრი ერევანში წარმატებით წარსდგა მაყურებლის წინაშე და ამიტომაც დიდი ინტერესი იყო როგორ სპექტაკლს აჩვენებდა მეორე ქართული თეატრი.
წლევანდელ High fest-ში მონაწილეობას ევროპისა და შორეული აზიის თორმეტი ქვეყნის ოცდაათამდე თეატრალური დასი იღებდა, მათ შორის, თეატრები და თეატრალური კომპანიები დიდი ბრიტანეთიდან, შვედეთიდან, ბულგარეთიდან, რუსეთიდან, იტალიიდან, ლატვიიდან, საბერძნეთიდან, ირანიდან, ინდოეთიდან, საქართველოდან და სომხეთიდან. ფესტივალის საზეიმო დახურვის პატივი „ახალ თეატრს" ხვდა წილად.
ნიკა საბაშვილის კლოუნადის ჟანრში გადაწყვეტილი სპექტაკლი „ქაღალდის წვიმა" ერევნის თოჯინების თეატრის დიდ სცენაზე ქართველებმა 8 ოქტომბერს წარმოადგინეს. რეჟისორს მსახიობებთან ირაკლი გოგოლაძესთან, გიორგი სახამბერიძესთან, ირაკლი ცქიფურიშვილთან და გიორგი ტატიშვილთან ერთად სპექტაკლის ტექნიკური გადაწყობა სხვა სცენური სივრცის გამო მაინც მოუხდათ. რეპეტიციის გასავლელად, განათების დასაყენებლად დრო ახალი თეატრის მესვეურებს სპექტაკლის წარმოდგენამდე ოთხი საათით ადრე მიეცათ. ამ მოკლე დროში დასმა შესძლო მობილიზება და სპექტაკლის მიუჩვეველ გარემოში საინტერესოდ გაცოცხლება.
მსახიობებს ირაკლი გოგოლაძეს, გიორგი სახამბერიძეს, ირაკლი ცქიფურიშვილსა და გიორგი ტატიშვილს დიდი ჯაფა არ დასჭირვებიათ სრულიად უცხო მაყურებლის მოსახიბლავად. სპექტაკლის დაწყებიდან ხუთ წუთში დარბაზსა და სცენას შორის სრული ჰარმონია და კონტაქტი დამყარდა. დარბაზში მსხდომი მაყურებელი უმალვე ჩაერთო სპექტაკლის მოქმედებაში, რამაც ქართველ მსახიობებს სტიმული მისცათ საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის გამოსავლენად.
„ქაღალდის წვიმას" რიგითი მაყურებლის გარდა ფესტივალის მონაწილეები, უცხოელი პროდიუსერები, ფესტივალების დირექტორები, თეატრის ექსპერტები, პრესისა და ტელევიზიების წარმომადგენლებიც დაესწრო. ქართველებს საპატიო სტუმარიც ჰყავდათ. საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში თენგიზ შარმანაშვილი, რომელმაც სპექტაკლის დასრულების შემდეგ ქართველ მსახიობებს წარმატება მიულოცა და კომენტარიც გააკეთა: „ჩემდა სამწუხაროდ „ახალ თეატრს" პირველად შევხდი და ისიც სხვა ქალაქსა და სხვა სახელმწიფოში, თუმცა ქართულ თეატრს სადაც არ უნდა შევხვდე ყოველთვის სიხარულის მომტანია, მით უმეტეს, სხვა ქვეყანაში. დღევანდელი სპექტაკლი ერთი შეხედვით ქართულ მოტივებს არ იყო დაფუძნებული, უნივერსალური ღირებულებების და აზრების გარშემო ტრიალებდა სიუჟეტი, მაგრამ მაინც ქართული სპექტაკლი ვნახე. განსაკუთრებული ყურადღება მსახიობების პლასტიკამ და ექსპრესიულობამ მიიპყრო. კარგა ხანია ასეთი რამ არ მინახავს. სასიხარულოა, რომ ეს ახალგაზრდები ეძებენ რაღაც ახალს და რაც მთავარია გამოსდით" - განაცხადა ელჩმა.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ შთაბეჭდილებების გაზიარება სპექტაკლის სხვა სტუმრებსაც ვთხოვეთ.
ძოვინარ სიმონიან-ლოკმაიგოზიან, თურქულ-სომხური გაზეთის „აგოსი" კულტურის მიმომხილველი: საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა და დღესაც გამოირჩევა თავისი კულტურით. თქვენ გავქვთ კარგი კინო, მაღალი პროფესიული დონის თეატრი და არაჩვეულებრივი ნაციონალური ცეკვა. მე ყოველთვის თვალს ვადევნებ ამ ფესტივალზე ქართულ სპექტაკლებს და ყოველთვის ველი მაღალ პროფესიულ დონეს და მუდამ ყოველთვის მართლდება ეს მოლოდინი. მე ვფიქრობ რომ ქართველებიდან სამსახიობო ოსტატობა უნდა ისწავლონ სხვებმა. ქართულ სპექტაკლებში ყოველთვის ჩანს თეატრალური სკოლის დონე. მე დღეს ამ დიდი სიამოვნება მივიღე და რაც არ უნდა გაგრძელებულიყო ეს სპექტაკლი ემ ცქერით მე არ დავიღლებოდი. თუმცა გამიჩნდა უკმარისობის გრძნობა რომ მენახა ამ თეატრალური მანერით გაცოცხლებული კლასიკური დრამატურგია. ეს იყო მხოლოდ იმპროვიზაცია მსახიობებისა და არა გამართული სიუჟეტი.
იდა კარაპეტიანი, გაზეთ „ეთერის" კულტურის რედაქტორი, ქართულ-სომხური დიასპორა „ივერიის" თავჯდომარე: როგორც ჩანს ბედისწერას ვერ გაექცევი. ფესტივალი უნდა დაეხურა მარჯანიშვილის თეატრს თავისი სპექტაკლით, მაგრამ მათ ვერ მოახერხეს ჩამოსვლა, მაგრამ სასიხარულოა, რომ მაინც ქართულმა თეატრმა თავისი წარმოდგენით დახურა ფესტივალის საერთაშორისო პროგრამა მხიარული განწყობით. „ფესტივალი მხიარული ქართველებით დაიხურა" - სწორედ ასეთი სათაურით ვაპირებ ჩემი სტატიის დაწერას. არაჩვეულებრივი სპექტაკლია პანტომიმის და დრამატული თეატრის ხერხების საუკეთესო შერწყმის თვალსაზრისით. სცენაზე იდგნენ მომხიბვლელი ქართველი არტისტები გამორჩეული ტემპერამენტითა და ენერგიით. გულწრფელად რომ გითხრათ, მე ვისურვებდი რომ თქვენი თეატრი აქ დარჩენილიყო და წარმოედგინა სპექტაკლები, რათა ის ბევრ მაყურებელს ენახა.
შაინ ნაზარენგო, High Fest-ის PR მენეჯერი: სიმართლე გითხრათ „ახალი თეატრის" შესახებ არაფერი მსმენია და ბევრს არაფერს ველოდი, მაგრამ რაც ვნახე შთამბეჭდავია, ფერადოვანი და ამაღელვებელი. ეს სპექტაკლი ყველასთვის საინტერესოა ბავშვებისთვისაც და უფროსებისთვისაც. ყველაფერი ისე იყო წარმოდგენილი, როგორც ქართულ თეატრს ეკადრება.
ნევი მუსიკათმცოდნე /ირანი/: სპექტაკლზე ბევრი ვიცინე, პირველივე წუთებიდან ჩავერთე და ბედნიერება მომანიჭა მსახიობების თამაშმა. ძალიან ლამაზი და მომხიბლავი სპექტაკლია.
სერინე მიკირტიჩიან, ვალერი ბრუსოვის უნივერსიტეტის სტუდენტი: სპექტაკლში არ იყო არაფერი ისეთი, რაც არ მომეწონა. ეს იყო დიდებული და მაღალი რანგის სპექტაკლი. სპექტაკლში არ იყო ისეთი ეპიზოდი, რომელიც ვერ გავიგე. მართალია ტექსტი არ ჰქონდათ, მაგრამ მსახიობთა მიმიკით ყველაფერი გასაგები იყო.
გრეტა ვართაზანიანი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი: ძალიან მომეწონა სპექტაკლი, იმიტომ რომ ძალიან სასაცილო იყო, მსახიობები მართლაც კარგად თამაშობდნენ
ახალი თეატრის სპექტაკლმა „ქაღალდის წვიმა" უკვე მიიღო მიწვევა ლატვიიდან „სიცილის ფესტივალის" კოორდინატორიდან, რომელიც რიგაში 2012 წლის აპრილში გაიმართება და ასევე ახალმა თეატრმა ახალი სპექტაკლით მომავალ High Fest-ზე, რომელიც მომავალი წლის ოქტომბერში გაიმართება.

ლაშა ჩხარტიშვილი, თეატრმცოდნე

ავტორი: . .