ENG / RUS       12+

რევოლუციურს, ჯერ "არ ნახულს", ჯერ "არ გაგონილს"!..

სამზადისი სამი დღით ადრე დაიწყო... 
მოლოდინი გამძაფრდა და დრამატულ სანახაობად იქცა დათქმული დღისა და საათის მოახლოვებასთან ერთად... ტელეკამერები მუშაობდნენ ყველგან - პარტერში, ლოჟებში, შესასვლელებთან და გამოსასვლელებთან... პოლიტიკოსები არბოდნენ და ჩამორბოდნენ წითელ ხალიჩებიან კიბეებზე, ნერვულად გადი-გამოდიოდნენ კოლიდორებში, სეირნობდნენ "ვესტბიუროებში"... ვიღაც ხელებს იფშვნეტდა სიამოვნების მოლოდინში, ვიღაც გენერალურ "რეპეტიციას" გადიოდა და გამოცდაზე გამსვლელი აბიტურიენტივით ალბად ათასმეერთედ იმეორებდა გულში ტრიბუნაზე წასაკით ტექსტს; ვიღაც "სცენარის" მიხედვით გაწერილი ემოციის დეფიციტს "ოლიმპიური" სიმშვიდით ნიღბავდა, ვიღაც - "ჰოლივუდის" ღიმილით...
მოკლედ, ყველა პირობა იყო შექმნილი საიმისოდ, რომ ტელეეკრანთან მიმჯდარ მაყურებელს პარლამენტის სხდომის არა მხოლოდ ყურების, მასზე პირადად დასწრების ეფექტიც კი შეჰქმნოდა. ერთადერთი ადგილი, საიდანაც იმ დღეს ჩართვა არ განხორციელებულა, ეს პარლამენტის ტუალეტი იყო...
...და იყო კიდევ ერთი კადრი, თანაც ეგზომ მნიშვნელოვანი, ვერცერთმა კამერამ ვერ დააფიქსირა როგორ შემოვიდა პრეზიდენტი სხდომათა დარბაზში(?) იმ დროს, როცა ლამის კისერმოღრეცილი დეპუტატები შემოსასვლელ კარს 20 წუთის განმავლობაში (პრეზიდენტმა სწორედ 20 წუთი დააგვიანა) თვალს არ აცილებდნენ, პრეზიდენტი კულისებიდან გამოვიდა და უმოკლესი გზით მივიდა ტრიბუნასთან.
ეს იყო ერთგვარი პოლიტიკური "ჭიტა" და ნიშანი იმისა, რომ "სპექტაკლი" დაიწყო(!)
...ვაშა ამ "ახალ" საქართველოს, ვაშა "შენებას"!!!

საათზე მხოლოდ ორჯერ დაიხედა და 42 წუთში ჩაეტია. ჰქონდა აღმაფრენისა და დაღმაფრენის მომენტები, იყო ლიბერელურიცა და მრისხანეც, იყო ნოვატორულიცა და ათასმეერთედ გამეორებულიც, იყო გულმოწყალებისა და ნულოვანი ტოლერანტობის "სინთეზი", ჩვეული მანერებითა და ჩვეული მავნე ჩვევებით...
ხუთჯერ წამოუდგნენ ფეხზე და ცხრაჯერ შეაწყვეტინეს სიტყვა ტაშით...
თითქმის ექვსი საათის განმავლობაში უსმენდნენ და უსმენდა. გამუდმებით რაღაცას ინიშნავდა და საჭიროების შემთხვევაში იხდიდა ბოდიშს, საჭიროების შემთხვევაში იღიმებოდა და თვით ღიმილიც ჰქონდა საჭიროებისამებრი - ალაგ ცინიკური და ალაგ გაბადრული...
გამოსვლაც ჩვეული ბაქი-ბუქობით დაიწყო და ჯაზ-ფესტივალზე და მათემატიკაში მსოფლიო ოლიმპიადაზე გამარჯვებული ქართველი ახალგაზრდების წარმატებით დაიწყო.
მოგვიანებით, მთლად წარმატებად არ შეუფასებია, მაგრამ ყურადრება საკუთარი 14 წლის შვილის იუმორის გრძნობაზეც გაამახვილა და ამაყად განაცხადა: "ჩემს პატარა შვილსაც აღარ სჯერა და ღიმილს ჰგვრის ყველა იმ სიბინძურის მოსმენა, რასაც მე მაბრალებენო". Dდასტურია მისაღებად სამთავრობო ლოჟაში მჯდარ მეუღლეს გადახედა. სანდრამაც გაიღიმა, თურმე ეღიმება პატარა ედვარდსაც და იმედია, დიდი ედვარდიც იღიმის(!)
მაგრამ ეღიმებათ თუ არა კრიალაშვილისა და ოთანაძის შვილებს ისევე არავის უკითხავს, როგორც ათობით ადგილზე ლიკვიდირებულთა და ასობით უკანონოდ დაპატიმრებულთა შვილების ბედი...

...ვაშა ამ "ახალ" საქართველოს, ვაშა "შენებას"!!!

როცა ჯერი წარუმატებლობებზე მიდგა, როგორც მოსალოდნელი იყო, ამაში მხოლოდ მსოფლიო კრიზისი და რუსების მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება დაასახელა... და პრეზიდენტმაც პილატესავით ხელები საჯაროდ ისე "გადაიბანა", თითქოს ასი ათასობით ადამიანი თბილისის ქუჩებში სწორედ ამ მიზეზბის გამო იდგა დარსა და ავდარში; თითქოს 100 დღე არ გრძელდებოდა საპროტესტო აქციები; თითქოს 100-ზე მეტი პოლიტ-პატიმარი არ გამოამწყვდია ამ სამი თვის მანძილზე ციხეებში(!)
მოკლედ, სააკაშვილმა იმ ასიათასამდე ქართველს, ასი დღის მანძილზე გაგრძელებულ საპროტესტო აქციებსა და ასზე მეტ პოლიტ-პატიმარს "უჩინმაჩინის ქუდი" დაახურა და თავისი "ჯადოსნურ ჯოხს", რომელსაც ხშირად უღერებს ხოლმე კონსტიტუციას, მორიგი პრეზიდენტისეული სურვილი ჩაუთქვა: უკლებლივ გაემთელებინა ერთი წლის წინ ნაკუწ-ნაკუწ ქცეული 11 დეპუტატის მანდატი, ისინი რომლებიც ოპოზიციის სიით გასულმა დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად, საჯაროდ და თანაც დიდი მაკრატლით დაჭრეს(!)

...ვაშა ამ "ახალ" საქართველოს, ვაშა "შენებას"!!!

თითქოს უჩვეულო არაფერი იყო ამაში, რადგან ეს სურვილი ამასწინათაც გახმოვანდა პრეზიდენტის მრავლის ამომთქმელი პირიდან, მაგრამ უცნაური ის იყო, რომ აქამდე ამას შეთავაზების ფორმა ჰქონდა, ეხლა კი მტკიცებით ფორმაში ბრძანა: "შემოვლენ, თუ არა პარლამანტში, ჩვენ უფლებამოსილება მაინც აღვუდგინოთ და კარი ღია დავტოვოთო".
მსოფლიო კრიზისისა და საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის გათვალისწინებით პრეზიდენტმა მართლაც "იდეალური" გამოსავალი მოძებნა...

მოკლედ, რაც ოპოზიციამ ამ სამი თვის განმავლობაში მის რეზიდენციაში კურდღლები გადაუშვა და სტაფილო და კომბოსტო გადაყარა, როგორც სჩანს "ადრესატმა" იქედან ერთდროულად ორი ნასუქი კურდღელი მაინც დაიჭირა: პირველი და თვალსისაცემი ის იყო, რომ პრეზიდენტს ამჯერად კრინტიც აღარ დაუძრავს ოპოზიციისათვის მინისტრის მოადგილეების პოსტების შეთავაზებაზე. როგორც ჩანს ღია და ფარულ მსურველებს ვერ აუვიდა მისი მთავრობაში "დასაქმების" პოლიტიკა, ვაკანსიებიც არ ეყო და სამთავრობო კარუსელის "დამძიმებასაც" ისევ გაცილებით უმტკივნეულო პროცესი - საკანონმდებლო ორგანოს "გადახალისება" არჩია, მეტადრე ბაიდენის ვიზიტის წინ(!)

...და მეორე - მსოფლიო კრიზისი ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ კრიზისთან ერთად, ასე "საინტერესოდ" აქამდე მართლაც არავის დაუძლევია - ახალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ( რასაც ასე დაჟინებით ითხოვს ოპოზიცია) მილიონებით დანახარჯი სჭირდება. 11 სადეპოტატო მანდატის ხელახლა დაბეჭვდვას კი, მაქსიმუმ 11 ლარი(!)
ეს უკვე, მართლაც ის შემთხვევაა, როცა თამამად შეგვიძლია ვთქვათ: "მსოფლიოში პირველად საქართველოში" და ამაში არავინ, არსად და არასდროს არ შეგვედავება!..

...ვაშა ამ "ახალ" საქართველოს, ვაშა "შენებას"!!!

პრეზიდენტის პარლამენტში სტუმრობას, დიდი გათვლით, ისედაც განსაცდელში მყოფი არასაპარლამენტო ოპოზიციის მდგომარეობა არც დაუმძიმებია და არც შეუმსუბუქებია. დასარბევი და დასაჭერი ჯერჯერობით აღარავინაა და არალეტარული იარაღის თემამ აქტუალურობა ვეტოს დაუდებლადაც დაკარგა. ადგილობრივმა არჩევნები კი, სულ რაღაც ოთხი თვით წინ გადაიწევს, თუ უკან გადმოიწევს, ამით არც საპრეზიდენტო არჩევნების ვადა განისაზღვრება და არც საპარლამენტოსი...
რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციას, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველამ თავისი პარტიული იმიჯის ამაღლებაზე იზრუნვა და არცთუ უშედეგოდ:
"ქრისტიან დემოკრატებმა" სწორედ რომ თავისი პარტიული "დროების დროება" შემოგვთავაზეს...
"ე.დ.პ."-მ "ნახირს ადევნებული კუს ნაბიჯები" წარმატებით გადადგა...
პეტრე მამრაძემ რაც შეეძლო "ახმოვანა და ახმოვანა" ნოღაიდელი... ჯონდი იყო ჯონდი... დავითაია - დავითაია და "პადოშა" - "პადოშა"(!)

...ვაშა ამ "ახალ" საქართველოს, ვაშა "შენებას"!!!

პრეზიდენტს, რომელიც მუდმივად სიახლეებზე საუბრობს და მუდმივად ძველს იმეორებს, ერთი "უცნაური" სურვილი გაუჩნდა, რომლის ერთგვარი "პრეზენტაციაც" სწორედ პარლამენში შესდგა. სურვილი "სახალხო დიალოგისა"!.. მართალია ეს სურვილი, როგორც პარლამენტის თავჯდომარე ბრძანებდა " მის აღმატებულებას"ჯერ "არასამთავრობო" და "ა-პოლიტიკურ" ორგანიზაციად არ დაურეგისტრირებია, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი გაჩეჩილაძის "დაიცავი საქართველოს" ალტერნატივა გახდება... და მასშიც სახოგადოებისა და ინტელიგენციის ის ნაწილი გაერთიანდება, რომელიც არჩევანს ხვალინდელ ქათამსა და დღევანდელ ინდაურს შორის, ინდაურის სასარგებლოდ გააკეთებს(!)
... და ბოლოს, პრეზიდენტმა ხანგრძლივად და ენერგიულად ისაუბრა რეფორმებზე, მათ აქტუალურობასა, უკიდეგანო მნიშვნელობაზე და დასასრულს - როგორც დამაგვირგვინებელი აკორდი, "კვანძის" გახსნის, ან კულიმინაციის მომენტში - საჩვენებელი თითი სამჯერ აღმართა ზე, სამჯერ დაიქნია ქვე და სამჯერ წარმოსთქვა: "რეფორმა, რეფორმა, რეფორმა!"
ჩემდა უნებურად (ალბათ უფრო ასოციაციით) დიდი ბელადის ანდერძი - "სწავლა, სწავლა და სწავლა" გამახსენდა და "საინტერესო დებატების" მიუხედავად, შუაღამისას ჩამთვლიმა კიდეც...
ბელადებმა" შეთანხმებულივით ერთდროულად გამომაფხიზლეს: სიზმრად, საკლასო ოთახში გამოკიდული პორტრეტიდან ლენინის საჩვენებელ თითს გვიღერებდა, ცხადში, ნაციონალური ტელეარხიდან მიხეილ სააკაშვილმ გვმოძღვრავდა...ჩვენ კი, ამ ყველაფრის შემყურე და სიზმარ-ცხადში გაბნეულები მთელი ხმით გავკიოდით:

...ვაშა ამ "ახალ" საქართველოს, ვაშა "შენებას"!!!

"ჯი-ეიჩ-ენი", ელგა ფოლადიშვილი

ავტორი: . .