წლის ბოლომდე ყველა ქართული პროდუქციის დარეგისტრირება მოხდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას განმარტებით, წლის ბოლომდე დარეგისტრირდება ასევე აფხაზეთის ტერიტორიაზე ნაწარმოები პროდუქციაც, რათა საქართველოს ტერიტორიაზე ნაწარმოები პროდუქტი საზღვარგარეთის ბაზრებზე ქართული ბრენდის სახით გაიყიდოს.
ვერა ქობალიას განმარტებით, ქართული სასაქონლო ნიშნების დარეგისტრირებაზე ინტენსიურად მუშაობენ სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები.
"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ქართული პროდუქცია დარეგისტრირდეს. ევროკავშირისა და საზღვარგარეთის ბაზებზე იყიდება ისეთი პროდუქცია, რომელიც რეგისტრირებული არ არის. საზღვარგარეთის მსგავსად, თავად საქართველოშიც ხდება არალიცენზირებული პროდუქციის რეალიზაცია",- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ვერა ქობალიას განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ მეტი ქართული პროდუქციის დარეგისტრირება მოხდეს, რათა ექსპორტირებული პროდუქტი მაქსიმალურად ხარისხიანი იყო. მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა, ქართული პროდუქცია დროულად დარეგისტრირდეს და მისი ევროპის ქვეყნებში ექსპორტი განხორციელდეს.
"ფალსიფიცირების შემთხვევები სხვა ქვეყნებშიც ხდება. მაგრამ ჩვენ რთულ მდგომარეობაში ვართ, რადგან სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჩვენი ექსპორტი მცირეა, ამიტომ უნდა მივხედოთ ამას, დავარეგისტრიროთ ქართული პროდუქცია და როცა დავარეგისტრირებთ, შეგვიძლია იურიდიული მეთოდებით იმ კომპანიებს მივმართოთ, რომელიც ფალსიფიცირებულ პროდუქციას აწარმოებენ და დაურეგისტრირებელი პროდუქცია გაყიდვიდან ამოვიღოთ",- განაცხადა ვერა ქობალიამ.
შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის წინ საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა, მაღაზიებში ქართული პროდქცია სომხური წარწერებით აღმოაჩინეს. მათივე ინფორმაციით, საფრანგეთში ქართული ხაჭაპური "ხაჩატურიანის" სახელით, ჩურჩხელა "არმიანსკოე ჩუდოს" სახელწოდებით, ხოლო ქართული "საფერავის" ნაცვლად, სომხური "საფერავი" იყიდება.