ENG / RUS       12+

ლალი მოროშკინა: საქართველოს მხარეზე ვარ და არა რომელიმე პოლიტიკური მხარის

რესპოდენტის შესახებ

 ჟურნალისტ ლალი მოროშკინას პირველი წიგნი "მე, პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი" წლის ბესტსელერი ხდება. გამოსვლიდან ორი თვის თავზე წიგნის, რომელშიც ჟურნალისტის თითქმის მთელი ცხოვრებაა გამომზეურებული თითქმის მთელი ტირაჟი გაიყიდა.

"მე, პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი" ნოველებისგან შემდგარი ლიტერატურული ნაწარმოებია, რომელშიც ავტორი საკუთარი ცხოვრების შესახებ ყვება. ხმაურიანი სათაურიდანაც ჩანს, რომ წიგნში მკითხველისთვის მოროშკინას ცხოვრების საინტერესო და ძალიან პიკანტური დეტალებიც საჯარო ხდება...

როგორ მიიღო წიგნი მკითხველმა და რას ფიქრობენ მასზე ნაწარმოების მთავარი გმირები: პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი, "ჯი-ეიჩ-ენი" თავად ლალი მოროშკინას ესაუბრა...

- ქ-ნო ლალი, გაამართლა თუ არა საზოგადოებამ თქვენი მოლოდინი წიგნთან "მე პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი" დაკავშირებით. მიიღო თუ არა ისე, როგორც ფიქრობდით?

- საზოგადოებამ ჩემი წიგნი უკეთესად მიიღო, ვიდრე ველოდი. მე ვფიქრობდი, რომ ამ წინგს შუახნის ქალბატონებისგან წყრომა მოჰყვებოდა იმის გამო, რომ მასში ქართული ტრადიციები, მათ შორის მზითვის ტრადიცია და ის, რომ ქართველი ქალები ქმრის ღალატზე მეტ წილად თვალებს ხუჭავენ გაქილიკებულია, თუმცა აღმოჩნდა, რომ თურმე, ეს ყველაფერი მათაც აწუხებთ. ეს საზოგადოებისთვისაც მტკივნეული თემა ყოფილა, უბრალოდ ამაზე არავინ საუბრობდა. ზუსტად ამ ქალბატონებმა მიიღეს ჩემი წიგნი ყველაზე კარგად. ძალიან ბევრი მკითხველი ახლაც პირადად მიკავშირდება. ბევრმა მითხრა, რომ მოღალატე ქმარს ღალატი მართლა არ უნდა აპატიო.. არის რაღაც ტრადიციები, რომელიც გჭამს, გზღუდავს და განვითარების საშუალებას არ გაძლევს.

- რა არის წიგნის მიზანი, რისი ჩვენება გინდათ მისი საშუალებით საზოგადოებისთვის?

- მთავარია საზოგადოებას ვაჩვენო ჩვენი თაობის გაჭირვება. 1989 წლის 9 აპრილიდან დაწყებული უბედურებები, რომლებიც თავს გადაგვხდა. მადლობელი ვარ, რომ საზოგადოებამ გამიგო.

- წიგნში რუსეთ-საქართველოს ომზედაცაა მოთხრობილი. რამდენად გინდათ მას რუსი საზოგადოებაც გაეცნოს და ზოგადად, რას ფიქრობდთ პუტინისა და მედვედევის პოლიტიკაზე?

- რა თქმა უნდა, დიდი სურვილი მაქვს ეს წიგნი რუსეთშიც გავრცელდეს. მართალია მას ისეთი ყდა და ხმაურიანი სათაური აქვს, ვერც კი იფიქრო, რომ მასში რუსეთ-საქართველოს ომზეც შეიძლება იყოს საუბარი, მაგრამ თუ წაიკითხავთ, ნახავთ, რომ პუტინისა და მედვედევის პოლიტიკა მკაცრად გაკრიტიკებული მაქვს. როგორც ჩანს ეს წიგნი უკვე წაიკითხეს მოსკოვში და მომწერეს კიდეც, რომ ეს ცდება რუსეთის პოლიტიკის ხაზს; რომ ომის ახსნა ჩემს წიგნში არის ზედმეტად პროქართული და მითხრეს, თუ შევცვლიდი ომის შედეგების შეფასებას, წიგნს დაბეჭდავდნენ რუსეთში. ნამდვილად არ შევცვლი.

- გარდა ამისა, რას მიიჩნევთ წიგნის დადებით მხარედ?

- კიდევ ერთი დადებითი, რაც ამ წიგნს აქვს ის არის, რომ მისი წყალობით შევეცადე პასუხი გამეცა ბევრისთვის საინტერესო შეკითხვისთვის: ვისიანი ვარ - ხელისუფლების მომხრე თუ ოპოზიციის? იმედია, ამ წიგნით ყველა კარგად მიხვდა, რომ მე საქართველოს მხარეზე ვარ და არა რომელიმე პოლიტიკური მხარის მხარეს.

ყველაში ვხედავ როგორც კარგს, ასევე ცუდს. ჩემთვის ყველა პოლიტიკოსი, უპირველეს ყოვლისა ადამიანია, თავისი პრობლემებით, ტკივილებით, სიძულვილით, სიყვარულითა და ა.შ... მათთან ვურთიერთობ ხან როგორც მეგობარი, ხან როგორც ჟურნალისტი, ხან კი როგორც ქალი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მიკერძოებული ვარ და ვინმეს აზრს თავიდან ბოლომდე ვიზიარებ.

- საინტერესოა, თუ იცით თქვენი წიგნის შესახებ პოლიტიკოსების და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების აზრი? მათ როგორ მიიღეს ის?

_ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩემი წიგნიდან ორი თავი პრეზიდენტმა სააკაშვილმა ერთ-ერთ თავის გამოსვლაში ახსენა. ეს ძალიან მესიამოვნა. ასევე გამიხარდა, რომ დამირეკა გუბაზ სანიკიძემ, ძალიან მომიწონა და შემაქო. მადლობელი ვარ ლევან ღვინჯილიასი, რომელმაც ძალიან მაღალი შეფასება მისცა, აღარ ვამბობ არაფერს რამაზ საყვარელიძეზე, რომელმაც რეცენზია დაწერა. მადლობელი ვარ, რომ მიუხედავად კრიტიკისა, პარლამენტის თავმჯდომარემ, დათო ბაქრაძემ მიიღო და ეს წიგნი იყიდება პარლამენტში, რაც ძალიან იშვიათობაა: პარლამეტში იყიდება წიგნი, რომელიც შეიცავს კრიტიკას. აქედან გამომდინარე, მიზანი მიღწეულია - შეიძლება აკრიტიკო ადამიანი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი მტერი ხარ. შეიძლება შენს შეფასებას გამოთქვამდე ამა თუ იმ მოვლენის მიმართ, მაგრამ მთავარია, რომ მარიონეტი არ გახდე და თავიდან ბოლომდე მონურად არ ეთაყვანებოდე ყველაფერს.

წიგნი ხდება წლის ბესტსელერი ხდება. არა მგონია ახლა, დეკემბერში კიდევ რამე დაიწეროს და კომერციულად მომგებიანი იყოს.

- როდის დაიწყეთ წიგნზე მუშაობა?

- მთელი ზაფხული "ვაშინგტონ პოსტისთვის" ვწერდი ანალიტიკას. ზუსტად ეს ანალიტიკა მოხვდა წიგნში. ეს იყო მზა მასალა. დანარჩენი ივნისში დავწერე. სულ დაკავებული ვარ, ზაფხულია ერთადერთი დრო, როდესაც ლექციები არ მაქვს, ჩავკეტე კარი, ბავშვები გავყარე სახლიდან და ორ თვე-ნახევარს არ გამოვსულვარ გარეთ. 24 საათი ვმუშაობდი. მარტო დასაძინებლად ვწყდებოდი საქმეს, საჭმელსაც იქვე ვჭამდი. ეს წიგნიც ერთ ამოსუნთქვაზე იკითხება, იმიტომ რომ ერთი ამოსუნთქვითაა დაწერილი.

- ახალ წიგნზე ხომ არ მუშაობთ?

- ახლა არა, მაგრამ ზაფხულში, იმავე რეჟიმში მომიწევს ახალ წიგნზე მუშაობა.

_ გარდა წერისა, რითი ხართ ამჟამად დაკავებული?

_ ვკითხულობ ლექციებს, ვარ პროფესორი ორ ინსტიტუტში: სეუ-სა და მასკი-ში, ვკითხულობ ჟურნალისტიკას, მედიამენეჯმენტსა და პიარს. ჩამოვაყალიბე შპს _ კრეატიული ჯგუფი "მოროშკინა და პარტნიორი", რომელიც საღამოების, პრესტიჟული ქორწილების, საახალწლო, საშობაო საღამოების მოწყობაზე იმუშავებს. პირველი პროექტის პრეზენტაცია 31 დეკემბერს გაიმართება.

- ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენ ოქტომბერში გერმანიაში იმყოფებოდით. რასთან დაკავშირებით გაემგზავრეთ?

- გერმანიას უკვე 500-წლიანი ისტორია აქვს წიგნის ბაზრობას, რომელიც ფრანკფურტში, ყოველ ოქტომბერს იმართება და სადაც მთელი მსოფლიოდან ჩადიან გამომცემლები და იმ წიგნების ავტორები, რომლებიც ბესტსელერი გახდა. საქართველოდან ამ ბაზრობაზე ჩასვლა მე მომიწია. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო, რადგან მივიღე გარკვეული შემოთავაზებები და წინადადებები. ახლა დეტალებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

- დატვირთული რეჟიმის მიუხედავად ყოველთვის ფორმაში ხართ, კარგად გამოიყურებით, როგორ ახერხებთ ამას?

- ბოღმა არ ვარ, არ ვარ ცუდ ხასიათზე და ვცდილობ, რომ ძალიან რაციონალურად გავანაწილო დრო. როგორც კი დროს გამოვნახავ ვვარჯიშობ და ვფიქრობ, როცა ქირურგიული ჩარევის გარეშე ახერხებ ადამიანს გავდე 40 წლის მერეც, ეს სპორტული წარსულის და იმის დამსახურებაა, რომ ყველაფერს ოპტიმისტურად ვუყურებ. ცხოვრებაში ბევრი ისეთი რამ გადამიტანია, რომელიც სხვისთვის შეიძლება ცხოვრების დასასრული ყოფილიყოს, მაგრამ მე ჩავთვალე, რომ ცხოვრება გრძელდება. უბრალოდ ეს ჩემი დევიზია, რომ არასოდეს ცხვირი არ ჩამოუშვა, ყველა პრობლემას ისე შეხვდე, თითქოს ეს არის კიდევ ერთი გამოცდა, რომელსაც ღმერთი გიგზავნის და თუ კარგად ჩააბარებ...

- სამომავლო გეგმების შესახებ რა შეგიძლიათ გვითხრათ?

_ სამომავლო გეგმა ამ ეტაზე აღნიშნული კრეატიული ჯგუფის ამუშავებას უკავშირდება. ძალიან საინტერესო ბიზნესია. შევეცდები თავი გამოვიჩინო.

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ლილია ალელიშვილი

ავტორი: . .