6-წლიანი მმართველობის მიუხედავად "ლეიბორისტული პარტია" მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტად ისევ არ ცნობს.
პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა "ვარდების რევოლუციის" იუბილესთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე სააკაშვილის ხელისუფლების მმართველობის შედგები შეაჯამა და მისი გადადგომა კიდევ ერთხელ მოითხოვა.
ნათელაშვილის აზრით, საზოგადოება სააკაშვილის მოწოდებებს არ უნდა აჰყოლოდა, რადგან მმართველი გუნდი ქვეყანაში უცხო ძალების პოლიტიკას ატარებს.
"6 წლის წინ მიხეილ სააკაშვილმა სახელისუფლებო კორუმპირებული ძალებისა და უცხოური ცენტრების დახმარებით, მასობრივი ფსიქოზისა და წმინდა გიორგობის ამაღლებული დღესასწაულის ანტიქრისტიანული გამოყენებით მოახდინა ძალადობრივი, ანტიკონსტიტუციური სახელმწიფო გადატრიალება, მიითვისა ძალაუფლება, რომელსაც დიქტატის, ძალადობის, რეპრესიების უსასტიკესი მეთოდების, არჩევნების მასობრივი ფალსიფიცირების, ბიზნესისა და მედიის დატყვევება-დაკაბალების საშუალებით დღემდე უკანონოდ ინარჩუნებს", - განაცხადა ნათელაშვილმა.
ამასთან, მისივე განმარტებით, 2003 წლის "ვარდების რევოლუციიდან" დღემდე, საქართველოში პოლიტიკურ-ეკონომიკურ-ტერიტორიული ვითარება კატასტროფამდეა მისული, რაც სწორედ მოქმედი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის დამსახურებაა.
"სააკაშვილმა დანაშაულებრივი პოლიტიკით საქართველოს სახელმწიფო სამ ნაწილად დაშალა, დარჩენილი ტერიტორია კი კოლონიად გადააქცია. ", - განმარტა მან.
"ლეიბორისტების" ლიდერმა ჟურნალისტებს 2003 წლის ნოემბრის თვეში ჩატარებული პრეკონფერენციების საარქივო ვიდეომასალაც გადასცა, სადაც ის მოსალოდნელ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ტერიტორიულ საფრთხეებზე საუბრობს.