დღეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის მისიის დირექტორი ჯონათან კონლი, საქართველოს მთავრობის, აგრეთვე ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოში სოციალური კაპიტალის განვითარების საკითხებზე იმსჯელებენ.
ღონისძიებას მხარს უჭერს აშშ-ის მთავრობა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგანტოს (USAID) მეშვეობით. ღონისძიების მიზანია საქართველოში წამოიწყოს მსჯელობა და დიალოგი სოციალური კაპიტალის საკითხებზე, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე, მოხდეს იდეების გენერირება და დაისახოს პრობლემის გადაჭრის გზები.
სოციალური კაპიტალი არის სოციალური და კულტურული ნორმებისა და ურთიერთკავშირების ერთობლიობა, აგრეთვე სოციალური ნდობის გარკვეული დონე, რომელსაც ადამიანები იყენებენ საერთო მიზნების განხორციელებისას, ან საერთო პრობლემების გადაჭრისას. რაც მეტი სოციალური კაპიტალი გააჩნია საზოგადოებას, მით უფრო ადვილია უცნობ ადამიანებს შორის თანამშრომლობა საერთო სიკეთის მისაღწევად.
კონფერენცია და მისი შემაჯამებელი ანგარიში დაეხმარება საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებსა და საქართველოს მთავრობას შემოთავაზებული იდეები გადააქციონ საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეო ინიციატივებად. ანგარიშის საბოლოო ვერსია 2011 წლის იანვრის ბოლოს მომზადდება.
ღონისძიება დღეს, 14 დეკემბერს, 15:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" გაიმართება.