ყველა პრობლემა, რომელიც ბიზნესს აწუხებს, 2011 წლის პირველ თვეებში მოგვარდება.
ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა დღეს პარლამენტში, საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობასთან შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.
"ეკონომიკის ახალი კურსი უკავშირდება ჯერ კიდევ არსებულ სირთულეებს, რაც ბიზნეს სექტორში არსებობს. ძირითადად მათი წუხილი მდგომარეობს კომუნიკაციაში, რადგან ფიქრობენ, რომ ბოლომდე არ არის სრულყოფილი კომუნიკაცია სახელმწიფოსა და ბიზნეს სექტორს შორის. ასევე მათ აქვთ გარკვეული პრობლემები ადმინისტრირებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა ეს არ ეხება გადასახადების სიმცირეს, რადგან ყველა მიიჩნევს, რომ საქართველოში ყველაზე დაბალი გადასახადებია, მაგრამ ფიქრობენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ჯარიმები არაადეკვატურად მაღალია", - აღნიშნა ბაინდურაშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად შემუშავდა სწორედ ახალი საგადასახადო კოდექსი, ასევე აშენდა ინფრასტრუქტურა, რამაც უნდა მოაგვაროს პროცედურული პრობლემები, მოხდა კადრების გადამზადება და შემოსავლების სამსახური ინსტიტუციურად განვითარდა.
"დღეს მზად ვართ დავიწყოთ ახალი ეკონომიკური კურსი, რომლის მიზანიც იქნება მომდევნო თვეების განმავლობაში, სავარაუდოდ 2011 წლის პირველ ნახევარში, ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რაც დღეს ბიზნეს აწუხებს", - აცხადებს მინისტრი.
ამასთან, ბაინდურაშვილის თქმით, ბიზნესისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო გარემო არ იყოს რისკი მისი თანხების დაბანდების პროცეში, არამედ გარემოს უნდა აღიქვამდეს, როგორც პოზიტიურს და როგორც პარტნიორს მისი საქმიანობის დროს.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობას და უმცირესობას ფინანსთა მინისტრი საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს და ახალ ეკონომიკურ კურსს აცნობს.
სხდომა პარლამენტში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.