ENG / RUS       12+

უვიზოდ ჩრდილოეთ კავკასიიდან

უკვე მეექვსე დღეა რაც რუსეთის შემადგენლობაში მყოფ ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებში (ჩეჩნეთი, ინგუშეთი, ჩრდილოეთ ოსეთი, დაღესტანი, ყაბარდო-ბალყარეთი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი და ადიღეა) ჩაწერილ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისათვის საქართველოში შემოსვლისა და ცხოვრებისათვის 90-დღიანი უვიზო რეჟიმი მოქმედებს. იგი საქართველოს ხელისუფლების ცალმხრივი გადაწყვეტილებით, 13 ოქტომბრიდან ამოქმედდა საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის ბრძანებულების თანახმად.

ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის მიერ სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეის 65-ე სესიაზე გახმოვანებული "ერთიანი თავისუფალი კავკასიის" ინიციატივის ხორცშესხმისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.

როგორც ცნობილია, ინიციატივის მთავარ მოტივად და მიზნად სააკაშვილმა კავკასიიის რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის და თანამშრომლობის დამყარება და კავკასიელ ხალხებს შორის მეგობრობის ხელშეწყობა გამოაცხადა.

თუმცა უვიზო რეჟიმზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების შინაარსმა და პათოსმა გარკვეული ეჭვები გააჩინა ამ ინიციატივის რეალურ დანიშნულებაზე. განცხადებაში საგანგებოდ არის ხაზგასმული რომ საქართველოში "ჩრდილოეთ კავკასიის მაცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ ყველა იმ სიკეთით, რომელსაც კორუმპირებული და რეპრესიული ფედერალური რეჟიმის პირობებში მოკლებული არიან სამშობლოში."

შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა კიდევ უფრო განამტკიცა ეჭვი, როდესაც განაცხადა, რომ უვიზო რეჟიმი დაეხმარება საქართველოსა და ამ რეგიონის ინტეგრაციას, რომელიც რუსეთის ფედერალური ძალების ტერორის ქვეშ გმინავს.

რიტორიკაში შსს-ს არც საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩამორჩა. მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, განაცხადა რომ უვიზო რეჟიმის შემოღების გადაწყვეტილება წარმოადგენს თბილისის მცდელობას დაუპირისპირდეს მოსკოვის ანტიქართულ პროპაგანდას, რომელიც თურმე ჩრდილო კავკასიაში "ცდილობს შექმნას საქართველოს, როგორც წარუმატებელი ქვეყნის პროპაგანდისტული იმიჯი, ქვეყნისა, სადაც არაფერი ხდება.... ამრიგად, ჩვენ ვხსნით საზღვრებს, ჩვენ გინდა, რომ ეს ხალხი ჩამოვიდეს საქართველოში და თავად ნახონ რა მიღწევები გვაქვს." ვაშაძის განცხადებით "კრემლში არსებული რეჟიმი კარნახობს მათ(ჩრდილოკავკასიელებს) სად წავიდნენ, რა გააკეთონ, როგორ მოიქცნენ, ვისთან იმეგობრონ და ვისთან არა." თბილისი თურმე ფრიად შეწუხებულია ამით.

ვაშაძის განცხადებით, "ვერავინ [ჩრდილოეთ კავკასიაში] ვერ ახერხებს თავიანთი შვილები მოსკოვის ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებში გააგზავნოს (?!), ხოლო აქ [საქართველოში] ჩვენ გვაქვს მსოფლიო დონის, ევროპული დონის უნივერსიტეტები (?!), რატომ არ უნდა გამოაგზავნონ ისინი საქართველოში?"
ვაშაძეს თუ დავუჯერებთ, ჩრდილოკავკასიელებს თურმე საკუთარი შვილების მაინცადამაინც საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლა-განათლება მონდომებიათ და ამის გამო წერილებით ლამის "ბომბავენ" საქართველოს ხელისუფლებას.
სად არის იმის დოკუმენტური მტკიცება ან სტატისტიკა, რომ უვიზო რეჟიმის შემოღების, საქართველოში დასვენების, განათლების მიღების, ბიზნესის კეთების სურვილი ჩრდილოკავკასილებში მასობრივ ხასიათს ატარებს? ალბათ საინტერესო იქნებოდა იმის გაგება მაინც რამდენი ასეთი წერილი მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ ჩრდილოკავკასიიდან? ან ამ საკითხზე საქართველოს საზოგადოების აზრით თუ დაინტერესდა ხელისუფლებიდან ვინმე ?
თუმცა მთავარი მაინც იმის დადგენაა თუ რას ესწრაფვის სინამდვილეში თბილისი ამ აქციით, რა სარგებელს მიიღებს ამით ჩვენი სახელმწიფო და რა საფრთხეები შეიძლება ელოდეს.

ხელისუფლება და მისი მხარდამჭერები აცხადებენ რომ უვიზო რეჟიმი საქართველოს ახალი კავკასიური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია, რაც იმას მიანიშნებს, რომ ამ თანდათანობით ამ პოლიტიკის სხვა კომპონენტებიც გამოვა სააშკარაოზე.

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა აღიარა, რომ "საქართველოს დიდი ხნის განმავლობაში იგნორირებული ყავდა მისი უშუალო მეზობლები."
რატომ შეწუხდა თბილისი ჩრდილოკავკასიელთა პრობლემებით მაინცადამაინც ეხლა, აგვისტოს ომიდან ორი წლის შემდეგ ?, ან რატომ აჩქარდა ასე საქართველოს ხელისუფლება? ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება წმინდა სუბიექტურ სიბრტყეში იდოს. საქმე ის არის, რომ გაეროში სააკაშვილის მიერ გახმოვანებულ ინიციატივას პრაქტიკულად ნულოვანი რეაქცია მოჰყვა როგორც საერთაშორისო წრეების, ისე ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკებიდან. ექსპერტულ წრეებში გაჩნდა მოსაზრება რომ ეს იყო სააკაშვილის მორიგი ფუჭი პოლიტიკური "პიარ-აქცია."

საქართველოს ხელისუფლებისა და პირადად სააკაშვილის მხრიდან კი ამ ინიციატივაზე როგორც ჩანს, საკმაოდ დიდი ფსონია დადებული. ამით ისინი როგორც ჩანს, ცდილობენ აღუდგინონ საქართველოს რეგიონის ლიდერის პრეტენზია და რეგიონში დასავლეთის ინტერესების ერთგული დამცველის როლი, სააკაშვილს კი აღუდგინონ დასავლეთისთვის კვლავაც საჭირო ლიდერის იმიჯი. ამიტომაც ინიციატივის დიდხანს "გაცივება" არ შეიძლებოდა და უვიზო რეჟიმის შემოღებით თბილისი ცდილობს დაარწმუნოს საერთაშორისო წრეები, რომ სააკაშვილის ეს ინიციატივა სერიოზული და გრძელვადიანია და საქართველო მის რეალიზაციის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს თუ სათანადო მხარდაჭერა მიიღო. პოლიტიკური და სტრატეგიული თვალსაზრისით მომენტიც შესაბამისია. გამომდინარე იქიდან, რომ მოსკოვს უჭირს ჩრდილოეთ-კავკასიაში სიტუაციის სრული კონტროლი, საქართველომ აშშ-ს და ევროპას შესთავაზა მაცდუნებელი პროექტი, რომელშიც საქართველო კვლავ გვევლინება დასავლეთის ერთგვარი ავანგარდის როლში პოსტ-საბჭოთა სივრცეზე და რომელიც პერსპექტივაში ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დემოკრატიული მოძრაობისა და სამოქალაქო წინააღმდეგობის მეთოდებით ჩრდილო-კავკასიაში რუსეთის გავლენის განუხრელ შემცირებას. შეიძლება ითქვას რომ საქართველოს ხელისუფლება გარკვეულწილად იმეორებს 2003-2007 წლების სტრატეგიას, როდესაც ის დასავლეთს საქართველოს სთავაზობდა მოწინავე ანტირუსულ ბასტიონად პოსტ-საბჭოთა სივრცეში დემოკრატიის ("ფერადოვანი რევოლუციების") გასავრცელებლად. 2008 წელს საქართველო ამისათვის უმკაცრესად დაისაჯა რუსეთის მიერ.

საერთაშორისო რეზონანსი ხელისუფლების ინიციატივას მაინც მოჰყვა.

BBჩ აღნიშნავს რომ "სააკაშვილი ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები ადამიანებისთვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლის გადაწყვეტილებას ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის განვითარებისთვის გამოიყენებს, თუმცა იქვე აღნიშნავს რომ რუსეთი ამ ნაბიჯს პროვოკაციას უწოდებს.

არ არის გასაკვირი, რომ უვიზო რეჟიმის ინიციატივას ყველაზე პირველად საჯაროდ მიესალმნენ ჩრდილოკავკასიის ისტებლიშმენტის ის წარმომადგენლები, რომლებიც რუსეთს მტრად მიიჩნევენ, ებრძვიან და ნებისმიერი მხარდაჭერა მათთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მით უმეტეს ღირებულია ის საქართველოსგან, რომელსაც აგვისტოს ომის შემდეგაც კი ჩრდილოკავკასიურ პრობლემებთან მიმართებაში სირაქლემას პოზა ეკავა.

ჩეჩნური წინააღმდეგობის მოძრაობის გავლენიანი წარმომადგენელი უცხოეთში საფრანგეთში მოღვაწე ისტორიის დოქტორი მაირბეკ ვაჩაგაევი ქართული დიპლომატიის წარმატებად მიიჩნევს, რომ უვიზო რეჟიმის შემოღება რუსეთთან შეუთანხმებლად და კრემლისთვის მოულოდნელად მოხდა და მისი ნაცნობი ჩრდილოკავკასიელები (ადვილი მისახვედრია ვისზეა საუბარი) ამ ინიციატივას მხურვალედ მიესალმნენ. ვაჩაგაევს, საქართველოში ჩეჩნური დიასპორის ლიდერს ხიზრი ალდამოვს და მსგავსი ბექგრაუნდის მქონე ჩრდილოკავკასიელებს მიაჩნიათ რომ ინიციატივა საქართველოსა და ჩრდილოკავკასიას შორის აფხაზეთის ომის შედეგად გაცივებულ ურთიერთობს დაათბობს, საქართველოს და დანარჩენ კავკასიას საერთაშორისო მხარდაჭერით ერთიანი ძალით დაუპირისპირებს რუსეთს.
ექნება თუ არა ინიციატივას რეალური საერთაშორისო მხარდაჭერა უახლოეს ხანში გამოჩნდება. მანამდე კი იმაზე მოგვიწევს დაფიქრება რამდენად მიღწევადია უვიზო რეჟიმის დასახული მიზნები და რას უნდა ვერიდოთ. ბუნებრივია, ეს ეჭვები არ გაჩნდებოდა საქართველოს და რუსეთს მინიმუმ კეთილმეზობლური და მშვიდობიანი ურთიერთობები რომ აკავშირებდეთ. ასეთ შემთხვევებში საზღვრებზე მიმოსვლის გამარტივება მსოფლიოში მიღებული და აღიარებული პრაქტიკაა, მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ ჩრდილოეთ კავკასიასთან მიმართებაში სერიოზული ინტერესები აქვთ დიდ საერთაშორისო მოთამაშეებს, თბილისის ეს ინიციატივა ძალიან სერიოზულ განხილვას საჭიროებს ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.

უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ ამ დროისათვის საქართველოს საზოგადოების უმრავლესობა ჩრდილო კავკასიელებისათვის უვიზო რეჟიმის შემოღებას უარყოფითად აფასებს და მასში უფრო საფრთხეებს ხედავს. ამას მოწმობს ქართულ ინტერნეტ-ფორუმებზე მიმდინარე გამოკითხვები და გამოხმაურებები. თუკი უვიზო რეჟიმს საქართველოში ჩრდილო-კავკასიიის მოსახლეობის მასობრივი შემოდინება მოჰყვა, რამაც შეიძლება ქვეყანაში კრიმინოგენული სიტუაცია გაართულოს და სხვა არასასურველი ექსცესებიც გამოიწვიოს, ეს ბუნებრივად ქართული მოსახლეობის პროტესტს გამოიწვევს. ამას კი შეიძლება მძიმე შედეგები მოჰყვეს. შესაძლოა ამით რუსეთმა ისარგებლოს. ქართული საზოგადოება არც მორალურად და არც ფსიქოლოგიურად არ არის მზად ამ ინიციატივისათვის.

რაც ყველაზე უფრო სახიფათოა და ეს მკაფიოდ იკითხება ოფიციალურ პირთა განცხადებებში, საქართველო ამ ინიციატივით ხაზს უსვამს ჩრდილო-კავკასიის განცალკევებულობას რუსეთის ფედერაციის სხვა სუბიექტებისგან, რაც რეგიონში ისედაც ფეხმოკიდებული სეპარატისტული განწყობების კიდევ უფრო მეტი წახალისებაა. იაკობაშვილის განცხადებით, "საქართველოს უშუალო მეზობლები ჩრდილოკავკასიელები არიან და არა - სლავური რუსეთი !?."

დავუმატოთ უვიზო რეჟიმს ოფიციალური თბილისის მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების გეგმები და გააქტიურებული კონტაქტები ანტი-რუსულად განწყობილ ჩრდილოკავკასიურ წრეებთან და წრე როგორც იტყვიან შეიკვრება.

ჩრდილო-კავკასიელებისთვის უვიზო რეჟიმი შესანიშნავ საშუალებას აძლევს საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებს, მათთან დაახლოებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნან მხარდამჭერთა ეფექტური ქსელი. არც ის არის გამორიცხული რომ ქართულმა სპეცსამსახურებმა დაიწყონ ჩრდილო-კავკასიიდან შემოსული აქტიური და მოტივირებული ადამიანების გადმობირება და მათგან ე.წ. "ზეგავლენის აგენტთა" მომზადება, რომლებიც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დემოკრატიის მოთხოვნის ლოზუნგებით გაშლიან აქტიურ საზოგადოებრივ კამპანიას. თბილისში კი იტყვიან რომ საქართველოში ვიზიტებმა ეს ხალხი სწრაფი დემოკრატიული რეფორმების აუცილებლობაში დაარწმუნა. ბუნებრივია ეს დადებით გამოხმაურებას ჰპოვებს დასავლეთში აქედან გამომდინარე ყველა პოზიტიური შედეგით ხელისუფლებისათვის.

ხელისუფალთა განცხადებით, გადაჭარბებულია შიში, რომ უვიზო რეჟიმით ტერორისტები და სხვადასხვა ჯურის კრიმინალები ისარგებლებენ, . "არგუმენტები" კი ასეთია: ტერორისტები ლეგალური გამშვები პუნქტებით არ სარგებლობენ, ხოლო საქართველოში ტერაქტის მოსურნეებს სავიზო რეჟიმი ვერ შეაკავებს. მაშინ რატომ ვუმარტივებთ მათ საქმეს უვიზო რეჟიმით? ან კი რამდენად რეალურია რომ საქართველოს ჯერ კიდევ ახალგაზრდა სპეცსამსახურებმა შეძლონ საზღვარზე გადმოსული ყველა ტერორისტის ან კრიმინალის გაშიფრვა. როგორ მოახერხებენ მაგალითად საქართველოს მოსაზღვრე ტერიტორიებზე პრეტენზიების მქონე ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრები "დარიალის" მსგავსი რადიკალური ორგანიზაციების წევრთა ამოცნობას და განეიტრალებას?

გარდა ამისა, რუსულ საზღვარგარეთის პასპორტში ჩაწერის ან რეგისტრაციის გრაფა არ არსებობს და მახაჩყალაში აღებული პასპორტის მფლობელი შეიძლება მოსკოვში ან პენზაში ცხოვრობდეს. კონსპირაციაში საკმაოდ გამოცდილ ისლამისტ ბოევიკებს თავისუფლად შეუძლიათ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა "სუფთა პასპორტით". მეორე საკითხია, რამდენად ვრცელდება უვიზო რეჟიმი ჩრდილოკავკასიაში საკმაო რაოდენობით მცხოვრებ რუს მოსახლეობაზე. მათაც ექნებათ საშუალება დატკბნენ ქართული რეფორმების "სიკეთეებით"?

ან კი როგორ მოასწრებენ ჩრდილოკავკასიელები 90 დღის განმავლობაში? საქართველოში არსებული "სიკეთეებით" სარგებლობას, რომლითაც საქართველოს მკვიდრი მოსახლეობის უმეტესობა ვერ სარგებლობს? მცირეა ალბათობა რომ ისინი საქართველოში რაიმე სერიოზული ბიზნესით დაკავდნენ, აქაურ განათლებას დახარბდნენ ან ტურიზმში ფული დახარჯონ.
ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკები დიდი ხანია ტერორიზმით, კრიმინალით და ომით არის გათანგული. მოსახლეობის უმეტესობა ეკონომიურად გაჭირვებულია და უამრავი პრობლემა აქვთ. სამაგიეროდ დიდია ალბათობა რომ ბევრი ჩრდილოკავკასიელი, რომელსაც რუსეთის ფედერალურ ხელისუფლებასთან ან იქაურ კანონმდებლობასთან პრობლემები აქვთ, ამ პრობლემებს საქართველოში დაემალოს და ამაში მათ რუსებმა ხელი შეუწყონ იმისათვის, რომ შემდეგ საქართველო ტერორისტების მფარველობასა და შეკედლებაში დაადანაშაულონ და ამით ხელფეხი გაიხსნან მორიგი აგრესიისათვის. მითუმეტეს რომ რუსეთის ახალი კანონმდებლობით მათ ეს შეუძლიათ.

თუკი ამ ინიციატივის ფარული მიზანი ჩრდილოეთ კავკასიაში სიტუაციის კიდევ უფრო მეტი დესტაბილიზაციია, რას მოიგებს საქართველო თუკი ამ დესტაბილიზაციის ტალღა მის ტერიტორიასაც მოსწვდება?

რუსეთში თბილისის ინიციატივა უკვე შეფასდა როგორც პროვოკაცია და რუსეთისაგან ჩრდილო-კავკასიის მოწყვეტის მცდელობა. კონტრზომები სავარაუდოდ დიდხანს არ დააყოვნებს, თუკი მოსკოვმა ჩათვალა, რომ ქართული რეფორმებით ჩრდილოკავკასიელთა "ნათლობა" რუსეთისთვის საფრთხის მატარებელია, მითუმეტეს ეხლა, როდესაც რუსეთი აგვისტოს ომის შემდეგ კავკასიაში მყარად დამკვიდრებას გეგმავს. საქართველოს წინააღმდეგ მორიგი პროვოკაციის მოწყობა რთული არ არის და აქედან გამომდინარე ჩნდება ლოგიკური კითხვა? რამდენად არის თბილისის ამ ახალი ინიციატივის სიცოცხლისუნარიანობა და უსაფრთხოება უზრუნველყოფილი შიდა თუ გარეშე რესურსებით? ჯერჯერობით ამ კითხვაზე ხელისუფლებას პასუხი არა აქვს.

"ჯი-ეიჩ-ენი", ზაალ ანჯაფარიძე

ავტორი: . .