თბილისის საკრებულოში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომლის ორგანიზატორებიც თბილისის საკრებულო, მირზა ფათალი ახუნდზადეს მუზეუმი და „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ გახლდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში, აზერბაიჯანული კულტურის ნიმუშები გამოიფინა. ნოვრუზის დღესასწაულზე მოსულ სტუმრებს ქართულ და აზერბაიჯანულ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდები შეეგებნენ. ღონისძიება ქართული „მრავალჟამიერით“ გაიხსნა, რის შემდეგაც დარბაზში მყოფ სტუმრებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ მიულოცა და ქართველებისა და აზერბაიჯანელების მრავალწლიანი მეგობრობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენთვის დიდ პატივია, ვიყოთ თქვენი სახალხო დღესასწაულის მასპინძლები. მინდა გითხრათ, რომ ბაირამობა ჩვენი საერთო დღესასწაულია. ჩვენც თქვენთან ერთად ვზეიმობთ და გვიხარია „ახალი დღის“ დადგომა. მინდა სიკეთე და ბედნიერება გისურვოთ. გქონოდეთ მუდამ მშვიდობა და სიხარული ოჯახებში და ჩვენს საერთო სამშობლოში“ - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული აზერბაიჯანელებს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა რიმა ბერაძემაც მიულოცა და განაცხადა, რომ ქართველები და აზერბაიჯანელები მშვიდობიანად თანაცხოვრობენ და მათ საერთო სამშობლო და მისადმი დიდი სიყვარული აერთიანებთ. რიმა ბერაძემ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„უკვე მრავალი წელია ამ დღეს ჩვენ და თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელები ერთად აღნიშნავთ. ნოვრუზ ბაირამი უძველესი ტრადიციის მქონე სახალხო დღესასწაულია, რაც მას განსაკუთრებულ ელფერს სძენს. ეს დღესასწაული მთელი ხელოვნებაა არამარტო თქვენი ერისთვის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის. ის ზედმიწევნით გამოხატავს თქვენს კულტურასა და ხასიათს. გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს და გისურვებთ სიკეთეს, ბარაქას და ბედნიერება, “ - განაცხადა რიმა ბერაძემ.
დღესვე საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს უმრავლესობის წევრმა რიმა ბერაძემ და შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა აზერბაიჯანულ-ქართულ მეგობრულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის სამი ქალბატონი დააჯილდოვეს. ახუნდზადეს მუზეუმის დირექტორს ლეილა ალიევას, აზერბაიჯანული მუსიკალური სტუდია „მეიდანის“ ხელმძღვანელს ნარგილა მესტიევასა და თბილისში მოღვაწე აზერბაიჯანული ანსამბლის „ჯეირანის“ ხელმძღვანელს ჯეირან ყურბანოვას მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.