შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. მათ შორის, კითხვა ეხებოდა კრიმინალის და დანაშაულის სტატისტიკის ზრდას, რაზეც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ საგანგაშო არაფერია, გარკვეული მიმართულებებით ზრდა ფიქსირდება, თუმცა შემცირებულია მძიმე დანაშაულთა რიცხვი. ნათია მეზვრიშვილის თქმით, 2019 წლის სტატისტიკას პირველი ორი თვის მონაცემებში ზრდის ტემპი არის საკმაოდ შემცირებული.
„მოდით, ამ შეკითხვაზე ცოტა შორიდან დავიწყოთ პასუხი, იმიტომ რომ ასე თუ გავცემთ პასუხს, კატასტროფული მდგომარეობა უნდა დავხატოთ, რასაც რეალურად ციფრებს თუ დავაკვირდებით და შინაარსში თუ შევალთ ღრმად, ასეთი მდგომარეობა არ გვაქვს. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ იმას, რომ დანაშაული ქვეყანაში არ ხდება. რა თქმა უნდა, არც იმას ვგულისხმობ, რომ ყველაფერი კარგად არის, ეს ასე არ არის, დანაშაული ხდება, მათ შორის, ხდება მძიმე დანაშაულიც, ხდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულიც. თუმცა, თუ გადავხედავთ სტატისტიკურ მონაცემებს, ნათლად დავინახავთ, რომ მძიმე დანაშაულების და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების მიმართულებით, ვსაუბრობ მძიმე შემთხვევებზე, როგორიც არის, მაგალითად, ყაჩაღობა - რომელიც შემცირებულია, როგორიც არის მაგალითად, მკვლელობა, მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, როგორიც არის განზრახ მკვლელობა, რომელიც არ მომატებულა. მაგალითად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, დაჭრის ყველაზე მძიმე შემთხვევები, რომელიც არ მომატებულა - ამ კატეგორიებში გვაქვს დანაშაულის კლება. რაც შეეხება ზრდას, გვაქვს გარკვეული მიმართულებებით, მათ შორის საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების, ქურდობების, წვრილმანი ქურდობების, არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი ქურდობების, ოჯახში დანაშაულის, ციფრებში მატება გვაქვს თვითმკვლელობამდე მიყვანის შემთხვევებზე, თუმცა, ამ ყველაფერს აქვს თავისი ახსნა. ბუნებრივია, მოკლე ინტერვიუ ამისთვის საკმარისი არ იქნება. 2 ძირითადი მიზეზი შემიძლია დაგისახელოთ, გარკვეულ დანაშაულებთან მიმართულებით ეს არის მიმართვიანობის გაზრდა, მაგალითად, ოჯახში ძალადობაზე როცა ვსაუბრობთ. გარკვეულ დანაშაულებზე როცა ვსაუბრობთ, ეს არის აღრიცხვიანობის გაუმჯობესება. 2018 წლიდან ჩვენ ახალ სტატისტიკას ვაქვეყნებთ გაუმჯობესებული აღრიცხვიანობით, რაც ნიშნავს იმას, რომ აბსოლუტურად ყველა შემთხვევაზე, რომელიც დანაშაულის მცირედ ნიშანს შეიცავს, ან ზოგჯერ არც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, მაგრამ პოლიციას ეჭვი აქვს, რომ შესაძლოა დანაშაულს ადგილი ჰქონდეს, გამოძიებას ვიწყებთ. ბუნებრივია, ეს ყველაფერი, აისახება ციფრებზე, ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, არ არის სწორი ციფრების 2018 წლის 2017 წელთან შედარება. 2019 წლის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, პირველი ორი თვის მონაცემებში ზრდის ტემპი არის საკმაოდ შემცირებული, ამიტომ საგანგაშო მდგომარეობა არ არის." - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.