დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ ბრექსიტის გადავადებას სამწუხარო ამბავი უწოდა.
„დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებას ეს მობეზრდა, თქვენ დაიღალეთ იმისგან, რომ პარლამენტარები მხოლოდ ბრექსიტზე საუბრობენ. თქვენ აღელვებულები ხართ ამით, მე თქვენ მხარეს ვარ. დადგა დრო, პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღოს“, - განაცხადა მეიმ ბრიტანელი ხალხისადმი მიმართვაში.
გუშინ მეიმ ბრიუსელს გაუგზავნა წერილი, სადაც ბრექსიტის გადავადება 30 ივნისამდე სთხოვა. ამასთან, მან უარი თქვა პარლამენტის სპიკერის რეკომენდაციაზე და აპირებს თემთა პალატას განსახილველად წარუდგინოს მანამდე უკვე ორჯერ უარყოფილი წინადადება ევროკავშირთან შეთანხმების ტექსტის შესახებ.
დღეს ბრიტანეთის პრემიერი ბრიუსელში ევროკავშირის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა მოუწოდა ტერეზა მეის, ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლის პროცესი ევროპარლამენტის არჩევნებამდე დაასრულოს.
მანამდე ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლას 29 მარტისთვის გეგმავდა, თუმცა გასულ კვირას პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, ბრექსიტის თარიღი უნდა გადავადდეს.
მთავრობა განიხლავდა წლის ბოლომდე და ორი წლითაც კი Brexit-ის გადავადების შესაძლებლობას, მაგრამ მეი ამის წინააღმდეგ წავიდა.
ვადების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ბრიუსელი მიიღებს.