ბათუმში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 154 დევნილ ოჯახს გადაეცა. ამავე კორპუსებში საცხოვრებელ ფართს სოფელ წაბლანაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 208 ეკომიგრანტი ოჯახიც მიიღებს.
იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინის გასაღებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ გადასცეს.
ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ორი 16-სართულიანი კორპუსი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში აშენდა.
აჭარის მთავრობამ, კორპუსების მშენებლობისთვის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 1 550 000 ლარი და 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო სამინისტრომ საკუთარი ბიუჯეტიდან 9 000 000 ლარზე მეტი გამოყო.
ბათუმში დევნილი ოჯახებისთვის გადაცემული 154 ბინიდან 38 ერთოთახიანია, 96 ოროთახიანი, 15 სამოთახიანი, 5 კი ოთხოთახიანი. გასანაწილებელი დარჩა 10 ოთხოთახიანი ბინა, რომელზეც დამატებითი განაცხადების მიღება მიმდინარეობს.