თარიღი    დრო

"ერთიანობა მრავალფეროვანებაში" - ყველაფერი რაც ევროკავშირის შესახებ უნდა ვიცოდეთ

საქართველო, თბილისი - 15:26 02.11.2019 229

ბერლინის კედლის დანგრევამ, რასაც გერმანიის გაერთიანება მოჰყვა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საბჭოთა კონტროლიდან გათავისუფლებამ, აგრეთვე, 1991 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირის დაშლამ და მნიშვნელოვანმა დემოკრატიულმა პროცესებმა ევროპის პოლიტიკური სტრუქტურის შეცვლა განაპირობა.

1992 წლის 7 თებერვალს ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ მაასტრიხტში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ევროკავშირის შესახებ, რომელიც ცნობილია როგორც მაასტრიხტის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების გაფორმებით, ევროგაერთიანებები გარდაიქმნა ევროკავშირად და ეკონომიკურთან ერთად, პოლიტიკური ასპექტიც შეიძინა.

ევროკავშირი 28 დემოკრატიული სახელმწიფოს უნიკალური პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებაა, რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავისუფლების უზრუნველყოფას თავისი 500 მილიონზე მეტი მოქალაქისთვის.

1967 წელს ბრიუსელის ხელშეკრულებით მოხდა სამი ორგანიზაციის: ევროპის ნახშირისა და ფოლადის გაერთიანების, ევროპის ეკონომიკური გაერთიანებისა და „ევრატომის“ აღმასრულებელი ორგანოების - კომისიისა და საბჭოს გაერთიანება ერთ ინსტიტუციურ სისტემაში, რომელსაც „ევროპული გაერთიანებები“, ხოლო 1992 წელის მაასტრიხტის ხელშეკრულების საფუძველზე - "ევროკავშირი" ეწოდა.

ევროკავშირი ღიაა წევრობის მსურველი ქვეყნებისთვის, რომლებიც არიან დემოკრატიულები, შესანიშნავი ადამიანის უფლებრივი მდგომარეობით და ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკით.

წევრი სახელმწიფოების დელეგაციები წარმოადგენენ თავიანთ სახელმწიფოებს ევროკავშირის ინსტიტუტებში.

პროცედურები და გადაწყვეტილებები მიიღება წევრი სახელმწიფოების მიერ, ერთობლივად.

ევროკავშირის (დე-ფაქტო) დედაქალაქია ბრიუსელი.

ევროკავშირი ხუთი ძირითადი ორგანოს მეშვეობით იმართება: ევროპარლამენტი, ევროპული საბჭო, ევროპული კომისია, მართლმსაჯულების სასამართლო და აუდიტორთა სასამართლო.

2017 წლის იანვრის მონაცემებით, ევროკავშირში 511,8 მლნ ადამიანი ცხოვრობდა.

ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირის ძირითადი სავაჭრო პარტნიორია.

ლისაბონის ხელშეკრულება ევროკავშირის დატოვების უფლებას აძლევს ყველა იმ ქვეყანას, რომელიც ამას მოისურვებს.

წევრი სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირიდან გამოსვლას გადაწყვეტს, თავისი განზრახვის შესახებ ევროპულ საბჭოს აცნობებს. ევროპული საბჭოს სახელმძღვანელო პრინციპების გათვალისწინებით, ევროკავშირი იწყებს მოლაპარაკებებს წევრ სახელმწიფოსთან, გაერთიანებიდან მისი გასვლის ღონისძიებებისა და მომავალი ურთიერთობების შესახებ.

მნიშვნელოვანი თარიღები

1957 წელი - ბელგიის, საფრანგეთის, იტალიის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდებისა და დასავლეთ გერმანიის ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა ევროპის ეკონომიკური გაერთიანება (EEC). გაერთიანება მიზნად ისახავდა სავაჭრო ბარიერების აღმოფხვრასა და საერთო ბაზრის შექმნას.

1973 წელი - დანია, ირლანდია და გაერთიანებული სამეფო გახდნენ გაერთიანების წევრები.

1981 წელი - საბერძნეთი შეუერთდა გაერთიანებას.

1985 წელი - ესპანეთი და პორტუგალია გახდნენ გაერთიანების წევრები.

1985 წლის 14 ივნისი - ლუქსემბურგში, შემგენში ბელგიამ, საფრანგეთმა, დასავლეთ გერმანიამ, ლუქსემბურგმა და ნიდერლანდებმა ხელი მოაწერეს შენგენის შეთანხმებას. შენგენის ხელშეკრულებამ დაადგინა რომ შიდა, სახელმწიფოებს შორის საზღვრები გაუქმებულიყო, ხოლო გარე საზღვრები გამაგრებულიყო. ამ დროისათვის შენგენის ხელშეკრულება მოიცავს 26 ქვეყანას.

1992 წლის 7 თებერვალი - ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ მაასტრიხტში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ევროკავშირის შესახებ, რომელიც ცნობილია როგორც მაასტრიხტის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების გაფორმებით, ევროგაერთიანებები გარდაიქმნა ევროკავშირად და ეკონომიკურთან ერთად, პოლიტიკური ასპექტიც შეიძინა.

1993 წლის 1 ნოემბერი - მაასტრიხტის ხელშეკრულება შევიდა ძალაში.

1995 წლის 1 იანვარი - ევროგაერთიანებას შეუერთდა ავსტრია, ფინეთი და შვედეთი.

1999 წლის 1 იანვარი - დაიბადა ევროკავშირის ოფიციალური ვალუტა - ევრო, რომელიც ერთადერთი ფულადი ერთეული 300 მილიონი ევროპელისთვის ევროგაერთიანების შემდეგ ქვეყნებში: ავსტრია, ბელგია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პორტუგალია, ესპანეთი და ესტონეთი, რომელსაც კოლექტიურად ევროზონასაც უწოდებენ. ორმხრივი შეთანხმებების შედეგად ევრო ასევე ოფიციალური ვალუტაა შემდეგი არა-წევრი ქვეყნებისთვის: მონაკო, სან-მარინო და ვატიკანი. ევრო დე-ფაქტო ვალუტაა ანდორაში, კოსოვოსა და მონტენეგროში.

2004 წლის 30 აპრილი - ირლანდიაში, დუბლინში საზეიმოდ აღინიშნა ევროკავშირის ყველაზე დიდი გაფართოება - გაერთიანებაში მიიღეს პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, კვიპროსი, ესტონეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, მალტა და სლოვენია.

2004 წლის ივნისი - წევრმა სახელმწიფოებმა დაამტკიცეს ევროკავშირის კონსტიტუციის ტექსტი, რომელიც ხელმოწერილ იქნა იმავე წლის ოქტომბერში, რომში.

2005 წლის 29 მაისი - საფრანგეთში ჩატარებულ რეფერენდუმში მოსახლეობის უმრავლესობამ ევროკავშირის კონსტიტუციის წინააღმდეგ მისცა ხმა.

2005 წლის 1 ივნისი - ნიდერლანდებში ჩატარებულ რეფერენდუმში მოსახლეობის უმრავლესობამ ევროკავშირის კონსტიტუციის წინააღმდეგ მისცა ხმა.

ამ ორ ქვეყანაში კონსტიტუციის პროექტის ჩავარდნის გამო ზოგიერთი სხვა ქვეყნის მთავრობებმაც რეფერენდუმი გადადეს ან გააუქმეს, რამაც კონსტიტუციის მომავალი სათუო გახადა. რატიფიცირების შემთხვევაში ხელშეკრულება ძალაში შევიდოდა 2006 წლის 1 ნოემბერს. საერთო ჯამში, 18 წევრმა ქვეყანამ დოკუმენტს რატიფიცირება გაუკეთა, 2-მა უარყო, ხოლო 7-მა პროცესი გადადო.

2007 წლის 23 ივნისი - ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ ახალი შეთანხმების მიღწევაზე, რომელიც ჩაანაცვლებდა ევროკავშირის კონსტიტუციის პროექტს.

2008 წლის 19 ივნისს - ევროკავშირმა კუბისთვის დაწესებული დიპლომატიური სანქციები მოხსნა.

2009 წლის 19 ნოემბერი - ჰერმან ვან რომპეი, ბელგიის პრემიერ-მინისტრი გახდა ევროპული საბჭოს პირველი პრეზიდენტი, ლისაბონის შეთანხმების შესაბამისად, ხოლო კეტრინ ეშტონი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.

2009 წლის 1 დეკემბერი - ძალაში შევიდა ლისაბონის ხელშეკრულება, რომლის მიზანი იყო ევროკავშირისთვის უფრო ძლიერი, ერთიანი მმართველობის შექმნა, ეფექტიანი საგარეო პოლიტიკისა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის გადაწყვეტილების მიღების შედარებით მარტივი სისტემის ჩამოყალიბება. ლისაბონის შეთანხმების მიხედვით, შეიქმნა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობები.

2012 წლის 12 ოქტომბერი - ევროკავშირს ოფიციალურად გადასცეს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია.

2013 წლის 25 ივნისი - ევროკავშირი დათანხმდა თურქეთთან წევრობის მოლაპარაკების ახალი რაუნდის დაწყებას.

2013 წლის 1 ივლისი - ხორვატია 28-ე წევრად შეუერთდა ევროგაერთიანებას.

2015 წლის მარტი - ისლანდიამ უკან გაიწვია თავისი წინადადება ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე.

2016 წლის 18 მარტი - ევროკავშირსა და თურქეთს შორის გარიგება მიგრანტთა ნაკადების გასამკლავებლად ძალაში შევიდა. ნაკადების შეკავების სანაცვლოდ ევროკავშირმა თურქეთს ფინანსური და პოლიტიკური დახმარება შესთავაზა.

2016 წლის 23 ივნისი - გაერთიანებულ სამეფოში ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლას. დაიწყო ბრექსიტის ერა.

2016 წლის 1 ივლისი - ძალაში შევიდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულება.

2017 წლის 2 თებერვალი - ევროპარლამენტმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო.

2017 წლის 29 მარტი - ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ, ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე პარაგრაფის შესაბამისად, ბრიუსელს ამცნო, რომ გაერთიანებული სამეფო იწყებს ევროკავშირიდან გასვლას. 2019 წლის 29 მარტს, ევროკავშირთან ბრიტანეთის საბოლოო გასვლა გაფორმდება.

ევროკავშირის წევრები: (გამუქებულია დამფუძნებელი წევრები)

ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი.

კანდიდატი ქვეყნები:

ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, სერბია, თურქეთი.

აპლიკანტი ქვეყნები:

ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.9%
შემცირდა 12.1%
არ შეცვლილა 3%