თუ საპატრიარქო და ქართული ეკლესია ფრთხილობს, რაღაც შედეგების გამო, რომელსაც მე არ მინდა ხაზი გავუსვა, არ შეიძლება, რომ მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ვიყო ნაკლებად პასუხისმგებლიანი. ჩემთვის მილოცვა ადვილი იყო, მაგრამ არ გავაკეთე, რადგან არ მაქვს უფლება, რომ ავიღო ეს პასუხისმგებლობა ამ საკითხების გამო. არ მინდა დავაკონკრეტო, მაგრამ ყველამ იცის, რა საფრთხეები შეიძლება იყოს. მე არ ავიღებ ჩემს თავზე იმის პასუხისმგებლობას, რომ არსებული სიტუაცია გავამძაფრო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე უკრაინიისთვის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მიღების მილოცვასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი.
"საკითხი, რომელიც ჩემთვის პირადად და მგონი ძალიან ბევრისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცით, კარგად გვახსოვს, თუ რა მნიშვნელობა შეიძინა საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენამ 1917 წელს, ანუ ჩვენთან ეს იყო საწინდარი დამოუკიდებლობის. ძალიან მარტივი იქნებოდა ჩემთვის უკრაინელი ხალხისთვის მილოცვა ამ ავტოკეფალიის, რადგან ეს არის ჩემთვის ძალიან ბუნებრივი ჩვენი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, მაგრამ დღეს მე, როგორც ადამიანი არ გესაუბრებით, მე ვარ პრეზიდენტი და მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა", - განაცხადა პრეზიდენტმა.