ENG / RUS       12+

რა ქნას ოპოზიციამ?

საახალწლო საცივის მოლოდინში, ქართული პოლიტიკა კვლავ ტკბილ ძილს მიეცა. „რა დროს ესაა“, როცა კაი ღვინოა საშოვნი და სამწვადე დასაბასტურმებელი? „უკეთეს შემთხვევაში“ სამარხვო ფხალეული და „ცოცხალი“ მაინც - თუ „ხსნილი“ იქნა.

ჰოდა ძალიან ღიზიანდება ბევრი, „ეროვნული პასიონარობის“ თეორიას როცა ახსენებ: „ის რუსი გუმილიოვი ვის რაში აინტერესებსო“. ნუ გაინტერესებთ მაგრამ.....უკრაინელები ეტყობა იმიტომ იდგნენ დეკემბრის საზარელ ყინვაში  „მაიდანზე“ (ორჯერ), იმიტომ ითოშებოდნენ კარვებში საახალწლოდ, რომ „საცივი“, „გოზინაყი“ და „დედმამიშვილების სადღეგრძელო“ არ იციან.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

„შობა-ახალი წლის“ მოდონდლოვებული ვითარება უფრო დაბნეულობას ჰგავს. თან ორმხრივ დაბნეულობას. ოპოზიცია ვერა და ვერ პასუხობს მარტივ კითხვას: რატომ არ გამოდის ხალხი აქციებზე? ისიც „ხალხია“, ბუნებრივია, ვინც გამოვიდა 3 დეკემბერს, გამოვიდა 16 დეკემბერს, მაგრამ „იმდენი“ და, რაც მთავარია „ისეთი“ არა, რაც არსებითი იქნებოდა ქვეყანაში ვითარების შესაცვლელად ან თუნდაც რაიმე მოთხოვნის დასაყენებლად. და რაც უფრო ხშირად გაიმეორებენ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა, მით უფრო მკაფიო და თვალსაჩინო გახდება ეს უმწეობა.

მმართველი პარტია არათუ რაიმე ინიციატივით პასუხობს, არამედ არც კი განიხილავს მოთხოვნას რიგგარეშე არჩევნების ან თუნდაც ამჟამინდელი პატრონ-კლიენტური (ე.წ. „მაჟორიტარული“) სისტემის შეცვლაზე  წმინდად პროპორციული, თუნდაც ნაწილობრივ  რეგიონულ-პროპორციული სისტემით (მაინც).

ხელისუფლება ამაზე არც კი ლაპარაკობს! ოღონდ ეს „არდალაპარაკება“ სულაც არ ნიშნავს, თითქოს „ოცნება“ უკეთეს დღეშია, ვიდრე ოპოზიცია. ისიც ასევე „დაბნეულია“ და არანაირი სტრატეგია არ გააჩნია, თუ როგორი „მენეჯმენტი“ განახორციელოს პოლიტიკურ ვითარებაში, რაც ნოემბრის არჩევნებზე „დაიდო“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ეს საპრეზიდენტო არჩევნები მიხეილ სააკაშვილის უდიდესი პოლიტიკური წარმატება გახდა 2012 წლის შემდეგ, რაკი სრულიად ცხადია, რომ

1) იგი პიროვნულად დაფიქსირდა, როგორც „ალტერნატივის მთავარი შემოქმედი“.

2) დადასტურდა მთელი პოლიტიკური სპექტრისთვის არასასურველი ვითარება, როცა მიშას, ასევე მისი მოკავშირე ტელევიზიის მხარდაჭერის გარეშე, სხვა ყველა დანარჩენის  „წონა“ Limes-უსასრულობით უახლოვდება მათემატიკურ ნულს. ანუ სააკაშვილი, პრინციპში მართალია, როცა ამბობს: „ჩემს გარეშე ამ ხმების მეხუთედსაც ვერ მიიღებდითო“. ოღონდ ამ „ჩემს გარეშეში“ იგი სრულიად ლოგიკურად და კანონიერად გულისხმობს მის მოკავშირე, - ძალიან ნიჭიერ და კრეატიულ ტელევიზიასაც!

3) ხელისუფლებას სერიოზული ძალისხმევა და რესურსების მობილიზება დასჭირდა, რათა არჩევნები, საბოლოოდ, მაინც მოეგო. „ბიულეტენების“ ჩაყრა არ ყოფილა მთავარი მარკერი; მთავარი იყო მილიარდერი ლიდერის „პირადი ჩართულობის“ დონე, რაც 2012 წელსაც კი არ დასჭირვებია.....ასე და ამ დოზით.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რა დასკვნა გამოიტანა ოცნებამ ამ სიტუაციიდან? აბსოლუტურად მცდარი, როგორც ბოლო მოვლენები ადასტურებს!

აი დავაკვირდეთ ბოლო მოვლენებს: მიხეილ სააკაშვილი ამბობს (და ამბობს სიმართლეს!), რომ არც 26 მაისის არც 7 ნოემბრის აქციების, იმდროინდელი თავპირისმტვრევისა და მედიაში ატეხილი გნიასის ფონზე, მას არც ერთი პოლიტიკური ლიდერი არ დაუპატიმრებია.

ნამდვილად ასეა. იმიტომ, რომ ჯერ ერთი, მან ძალიან კარგად იცის თანამედროვე ევროპული ისტებლიშმენტის ხასიათი, მისი დამოკიდებულება ამგვარი დაპატიმრებებისადმი განურჩევლად იმისა, გაქვს ფორმალური საფუძველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დასაპატიმრებლად თუ არა. მაინც „პოლიტპატიმრად“ გამოცხადდება და იმიჯს შეგილახავს.

ოღონდ ბევრად უფრო არსებითი სხვაა: მიშას ამგვარი დაპატიმრებები განსაკუთრებით არც დასჭირდებოდა, რადგან როცა 2007 წლიდან სიტუაციას „ხელი მოუჭირა“, მან სხვა რესურსები შეუზღუდა ოპოზიციას. პირველ რიგში მედია-რესურსები: „TV-იმედი“ და ა.შ.

რას აკეთებს ამ დროს „ოცნება?“ დააპატიმრა ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერი, დავით კირკიტაძე (ვთქვათ მიშას რომ შალვა ნათელაშვილი დაეპატიმრებინა 2007 წელს) ამით ოპოზიციურ ძალებს მისცა „ატლანტიკური“ არგუმენტი („სათქმელი“) საქართველოში დემოკრატიის დასუსტების ანუ ავტორიტარიზმის დამყარების თაობაზე, თან იმ ვითარებაში, როცა 2007 წლის სააკაშვილისაგან განსხვავებით, არა აქვს „მეგანარატივი“ კირკიტაძის „კრემლის აგენტობის თაობაზე“ (2007 და 2011 წელს ეს ნარატივი ხელისუფლებას ევროპელებისთვის ჰქონდა ნათელაშვილზე, ბერძენიშვილებზე, ხაინდარავაზე, გამსახურდიაზე და ა.შ) და რაც მთავარია, აძლევს ოპოზიციას „სათქმელს“ იმ ვითარებაში, როცა ვერაფერს უბედავს (მიშასგან განსხვავებით)  ოპოზიციურ მედიას. თან ძალიან გავლენიანს, პოპულარულს, ნიჭიერს და კრეატიულს.

ეს არის ე.წ. „კატასტროფის ფორმულა“, რაც არათუ პოლიტიკის კანონებს, არამედ ელემენტარულ პოლიტიკურ ტექნოლოგიას ეწინააღმდეგება!

პოლიტიკის ერთ-ერთი „ოქროს კანონია“, რომ „სანახევრობა“ დამღუპველია!  „სანახევროება“ ანგრევს სისტემას მთლიანად. ზუსტად „სანახევროდ ჩართულობამ“ (პირველ ეტაპზე) „დაუდო“ ქართულ ოცნებას ის შედეგი, რაც მიიღო  პირველ ტურში, როცა ვითომ „ოცნებისგან“ გამიჯნული სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ხმის მისაცემად არჩევნებზე მობილიზებულად მივიდა „პასიონარული უმცირესობა“, ესე იგი  პროტესტული ელექტორატი, მაგრამ არჩევნებზე არ მივიდა ის „ლოიალისტური“ უმრავლესობა, რომელიც მერე ძლივს მიიყვანეს მეორე ტურში ხმის მისაცემად.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

იგივე სისტემური შეცდომა მეორდება ამჟამადაც; „სანახევრო გამკაცრება“ არ გამოვა: მაშინ უნდა მოიქცე ისე, როგორც მიშა მოიქცა 2007 წლის შემდეგ, ან სჯობს საერთოდ არავინ დაიჭირო, როგორც მიშამ არ დაიჭირა არც ერთი პოლიტიკური ლიდერი, თუმცა ხელები კი ექავებოდა ალბათ - არა მხოლოდ ცვირ-პირი დაემტვრია მათთვის, არამედ ციხეებშიც „ჩაელპო“

ამგვარი სტრატეგია ვერც ვერავის დააშინებს, ვერც რადიკალიზმს შეამცირებს (უფრო პირიქით) და საბოლოოდ  „ოცნებისთვის“ ნამდვილად კატასტროფულ შედეგს გამოიღებს. ოღონდ იმიტომ კი არა, თითქოს მიშასეული „პასიონარული უმცირესობა“  ოდესმე მოუგებს ბიძინას არჩევნებს. ვერც ვერასდროს მოუგებს! თუმცა ასეთი „სანახევროებით“ და „დონდლო-ლბილი გამკაცრებით“ იქმნება იმგვარი ატმოსფერო ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც (ზუსტად  2003 წლის მსგავსად) როცა ხსენებული „პასიონარული“ ანუ „შემვარდნი“ უმცირესობა, მორიგი არჩევნების შემდეგ, ისევე „შევარდება“ სადმე ვარდებით ხელში, როგორც 2003 წელს „შევარდა“.

ამიტომ „ოცნების“ ამჟამინდელი წინასაახალწლო „საცივი“, გემრიელი სუფრის წინათგრძნობაში ტკბილ თვლემას უფრო ნიშნავს, რასაც მწარე გამოღვიძება მოჰყვება. და თუ არ უნდათ, ფანატიკურად მიზანსწრაფული და ნიჭიერი მოწინააღმდეგის ძალისხმევით ასევე მწარედ გაიღვიძონ ტკბილი ეიფორიიდან, უნდა მიიღონ იმ გონიერი და პასუხისმგებელი პოლიტიკოსების რჩევა, ვინც ურჩევთ, დაიწყონ „ინკლუზიური დიალოგი“ მთელს ოპოზიციურ სპექტრთან და შექმნან ნამდვილად მრავალპარტიული, პლურალისტური დემოკრატიის კონსტიტუციური გარანტიები უკვე 2020 წლის არჩევნებზე, როდესაც მეტნაკლებად ძლიერ და ავტორიტეტულ „მოთამაშეებს“, ვისაც ჯერ კიდევ ძალუძთ მიშას „გაწონასწორება“, ექნებათ გარანტია მომავალ პარლამენტში ანგარიშგასაწევი ფრაქციის შექმნის, შესაბამისად მთავრობის კოალიციურობისა.

ისევე, როგორც გერმანიაში: ამჟამინდელი საკონსტიტუციო მოდელი ძალიან ჰგავს გერმანულს. ოღონდ სწორედ კოალიციურობის „ინსტრუმენტთა“ გარეშე.

სხვა შემთხვევაში, „ნაბახუსევი“ (აი იგივე გუმილიოვი და ძმანი მისნი რომ „პახმელიას“ ეძახიან)  ძალზე.........მჟავე გამოდგება.