სესხების განულებასთან დაკაშირებულ ვებგვერდს vali.ge ერქმევა.
როგორც მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, სესხების განულებასთან დაკაშირებული ინიციატივის ფარგლებში სპეციალური ვებგვერდი დღეს 18:00 საათიდან ამოქმედდება.
„დღეს, 18:00 საათზე გაეშვება ვებსაიტი, სადაც ჩვენი მოაქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, რომ დარეგისტრირდეს. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ რამდნიმე მსხვილ ორგანიზაციაზე, კერძოდ, დღეს და ხვალ აიტვირთება ბაზები, სადაც წარმოდგენილი იქნებიან „საქართველოს ბანკის“, „თიბისისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომხმარებლები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მამუკა ბახტაძის თქმით, ვებგვერდზე ყოველდღიურად დაემატება მომხმარებელთა ბაზები, რომლებსაც სესხები გაუნულდებათ.
„ყოველ დღე დავამატებთ ამ ბაზებს შესაბამის ინფორმაციას. ფინანსურ ინსტიტუტებთან ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი გრძელდება. 15 დეკემბრიდან წლის ბოლომდე მოხდება სხვადასხვა პერიოდულობით ჩვენი მოქალაქეების ამოღება „შავი სიიდან“. ჩვენი მოქალაქეებისა და ქართული ოჯახების დიდი ნაწილი ახალ წელს ამ ძალიან მტკივნეული პრობლემის გარეშე შეხვდება “, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.