თარიღი    დრო

საქართველოს ინიციტივები ჰგავს ერთგვარ სატყუარას - დაურ კოვე

საქართველო, თბილისი - 15:02 12.06.2018 655

ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივაზე განაცხადეს, რომ ეს ინიციატივები აფხაზეთის დამოუკიდებლობის ალტერნატივა ვერ გახდება. ისინი ფიქრობენ, რომ ურთიერთობის ნორმალიზაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება. რატომ ეშინიათ აფხაზებს სამშვიდობო ინიციატივების,  რატომ არ სურს სოხუმს დიალოგის დაწყება, ამ საკითხზე „ჯი-ეიჩ-ენი“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს დაურ კოვეს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ 2005 წელს ის თბილისშიც იყო, გაეროს მისიის ეგიდით გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე, თუმცა დღეს მოლაპარაკებები მხოლოდ ჟენევაში მიმდინარეობს. (Русская версия интервью)

- ბატონო დაურ, თქვენ გააკეთეთ განცხადება და თქვით, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ სამშვიდობო ინიციატივები აფხაზეთის დამოუკიდებლობის ალტერნატივა ვერ გახდება. სოხუმისგან კი თბილისს, ინიციატივა, გარდა აფხაზეთის აღიარების მოთხოვნისა, არ მიუღია. არადა, ცნობილია, რომ სამშვიდო ინიციატივა არის დიალოგი პოლიტიზების გარეშე, რომელიც მიმართულია კონფლიქტით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის კონტაქტების წახალისების, ურთიერთობის გაღრმავების, საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობისა და დიალოგის გაშლისკენ. თქვენ ამის წინააღმდეგი ხართ?

- ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით დიალოგის მოწინააღმდეგეები სულაც არ ვართ, მაგრამ ეს უნდა იყოს დიალოგი ორ თანასწორ მხარეს - აფხაზეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის. მიმაჩნია, რომ მხოლოდ ასეთ მიდგომას შეუძლია ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნაბიჯ-ნაბიჯ ნორმალიზაცია.

რაც შეეხება კონტაქტების პოლიტიზებასა და სტიმულირებას, უნდა აღვნიშნო, რომ იმას, რასაც გვთავაზობს ქართული მხარე - სხვადასხვა სამშვიდობო ინიციატივასა და პროგრამებს - არ აქვს არანაირი დადებითი შინაარსი და მომავალი. ეს ინიციატივები გათვლილია არა აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებზე, არამედ ვიღაც „აფხაზეთის მოსახლეობაზე“. ეს ინიციატივები სრულებით არ შეესაბამება თანამედროვე პოლიტიკურ რეალიებს. მსგავს ინიციატივებს რა მიზნები შეიძლება მოჰყვეს, დასავლეთის პარტნიორების წინაშე თბილისის მიერ მშვიდობის სიყვარულისა და კონსტრუქციულობის დემონსტრირების სურვილის გარდა? თავისი არსით, ეს აქციები ჰგავს ერთგვარ სატყუარას აფხაზეთის მოსახლეობის ცალკეული ფენებისთვის და არა ნამდვილ სურვილს, დაიწყოს თანასწორი და ორივე მხრიდან პატივისცემით გამსჭვალული დიალოგი აფხაზურ მხარესთან.

ჩვენ ვერ ვხედავთ საქართველოს სურვილს, აწარმოოს კონსტრუქციული დიალოგი ჟენევის ფორმატის დისკუსიებში. ეს კი, შეგახსენებთ, ერთადერთი ფორმატია, რომელშიც მონაწილეობენ აფხაზეთისა და საქართველოს წარმომადგენლები. აქამდე რატომ ვერ ვაღწევთ შეთანხმებას აფხაზეთსა და საქართველოს შორის იარაღის გამოუყენებლობის შესახებ? განა ეს არ არის დამაჯერებლი მტკიცებულება ქართული მხარის უკომპრომისო პოზიციის შესახებ აფხაზეთის საზოგადოებისთვის ასეთ მნიშვნელოვან საკითხში?!  ვფიქრობ, ამ დოკუმენტის მიღება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა აფხაზეთსა და საქართველოს შორის თანასწორი დიალოგის წარმოებისთვის. ამ მიმართულებით შედეგების მიღწევა ხელს შეუწყობდა ნდობის ფორმირებას და აფხაზ ხალხს დაარწმუნებდა, რომ საქართველოს შეუძლია გაიგოს ჩვენი მღელვარების მიზეზი.

-ინტერვიუს ფორმატი არ არის და ვერ ვიმსჯელებთ, აფხაზეთის დამოუკიდებლობის სამართლიანობის შესახებ, მაგრამ რეალობაა, რომ რუსეთისა და კიდევ ორი ქვეყნის გარდა, ამას არავინ აღიარებს. ისევე, როგორც ყველას, აფხაზ ახალგაზრდებსაც და არა მხოლოდ მათ,  სურთ მოგზაურობა ევროპაში, სწავლა და ა.შ. მაგრამ ამ პირობებში, მათ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ რუსული პასპორტები აქვთ. როგორ ფიქრობთ, ეს საფრთხეს არ უქმნის აფხაზებს, როგორც ეთნოსს? მით უფრო, იმ ფონზე, როცა საქართველოს ხელისუფლებამ სხვადასხვა დროს გაფართოებული ავტონომიური უფლებები, ნეიტრალური პასპორტები და სხვა უამრავი ინიციატივა შემოგთავაზათ...

- უპირველესად, აუცილებელია, აღინიშნოს, რომ იმ ქვეყნების რაოდენობის გაფართოების პროცესი, რომლებმაც აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარეს, გრძელდება. ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, ბოლო სახელმწიფო, რომელმაც ქვეყანა აღიარა, სირიის არაბთა რესპუბლიკაა. ეს მიმდინარე წლის მაისში მოხდა. სირია მეშვიდე სახელმწიფოა, რომელმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. დარწმუნებული ვარ, აფხაზეთის აღიარება შეუქცევადია, თბილისის აქტიური წინააღმდგობრივი ქმედებების მიუხედავად. რაც შეეხება ჩვენი მოქალაქეების გადაადგილებას საზღვარგარეთ, ეს სწორედ ის პრობლემაა, რომელსაც მიზანმიმარულად ქმნის საქართველოს ხელისუფლება. ამას, რა თქმა უნდა, ერის განვითარებისთვის რაიმე სერიოზული საფრთხის შექმნა არ შეუძლია, თუმცა ხელს უშლის ზოგადსაკაცობრიო უფლებების რეალიზაციას. მაგალითად, თავისუფალი გადაადგილების უფლებას. ამიტომ, თქვენ მიერ გაჟღერებული „საფრთხეები“ აფხაზური ეთნოსისთვის, გამოგონილია.

-აფხაზურმა ოპოზიციამ თქვა: თუ ასე გაგრძელდა, დავკარგავთ ისევ ყველაფერს და მერე მუხლებზე დავდგებით და საქართველოს ან რუსეთს შევეხვეწებით, რომ თავიანთ შემადგენლობაში მიგვიღონ“.  ამაზე წერს რუსული მედიაც. ასევე, აფხაზური ოპოზიცია შიშობს რომ მიმდინარეობს აფხაზების გარუსების ტენდეცია, საერთაშორისო იზოლაციის პირობებში, ამას როგორ გაუმკლავდებით?

-თქვენ, ალბათ, ციტირებთ აფხაზეთში ცნობილი პოლიტიკური მოღვაწის ნათქვამს, თუმცა ციტირებთ არასწორად. ჩვენ უკვე მივეჩვიეთ იმას, რომ აფხაზი პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეების გამონათქვამები, რომლებშიც ნახსენებია საქართველო, ქართული მედიის მიერ კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი და ისეა გადმოცემული, როგორც მას სურს. შედეგად, კონტექსიდან ამოგლეჯილი, ცალკეული ციტატებიდან კეთდება სრულიად ფანტასტიკური დასკვნები და ჩნდება ცრუ, არაფერზე დაფუძნებული მოლოდინები. ასეთი მიდგომა აისახება თქვენს შეკითხვებშიც. რაც შეეხება „აფხაზების გარუსების ტენდენციას“, ეს საქართველოში პოპულარული მითია და მასზე სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებ.

-კონფლიტის შემდეგ 25 წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში, იყო სოხუმის მხრიდან შემხვედრი ნაბიჯებიც, მაგალითად, დელეგაცია სერგეი შამბას ხელმძღვანელობთ თბილისში ჩამოვიდა და ა.შ  მიმოსვლაც შედარებით ადვილი იყო. ახლა ეს შესაძლებლობა, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. ყველაფერი თითქოს გაიყინა. საქართველოს ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო ინიციატივების სანაცვლოდ, ულტიმატუმად აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნა აღიქმება ისე, რომ სოხუმს დიალოგის დაწყება არ სურს. ეს ასეა?

 - ეს ასე არ არის. ჩვენ ულტიმატუმს არავის ვუყენებთ და ზებუნებრივს არაფერს ვითხოვთ. ჩვენს ოფიციალურ განცხადებებში თბილისს მოვუწოდებთ, გააცნობიეროს არსებული პოლიტიკური რეალიები და  იქიდან გამომდინარე იმოქმედოს. მოვუწოდებთ საქართველოს, უარი თქვას ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის კურსზე, თავი გაანებოს აფხაზეთის შესახებ არაობიექტური ინფორმაციის ტირაჟირებას, დაბრკოლებების შექმნას საზღვარგარეთ ჩვენი მოქალაქეების გაადაადგილებისთვის, სხვადასხვა ქვეყანაში აფხაზეთის მოქალაქეების კულტურულ-ჰუმანიტარული აქციების ჩაშლას. ეს ჩვენთვის ძალიან მგრძნობიარე თემებია. რაც შეეხება საქართველოს მიერ დაყენებულ სამშვიდობო ინიციატივებს, ამ საკითხზე ჩემი აზრი უკვე გამოვთქვი. ეს ინიციატივები არ შეიძლება იყოს ურთიერთობების ნორმალიზაციის საფუძველი. დღეისათვის, როგორც ვთქვი, ხდება შეხვედრები საქართველოს წარმომადგენლებთან მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში.

როგორც აღვნიშნე, ურთიერთობის ნორმალიზაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება. მაგრამ ქართული მხარე კატეგორიულად ეწინააღმდეგება მსგავსი დოკუმენტის ხელმოწერას. მეტიც, ქართული დელეგაცია არ თანხმდება ერთობლივი დეკლარაციის მიღებას ამ მნიშვნელოვან თემაზე - ჟენევის დისკუსიების საკვანძო საკითხზე. შესაძლებელია ამ პირობებში სერიოზულად საუბარი იმის შესახებ, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა დიალოგზე უარს ამბობს? უმჯობესი არ არის, რომ მსგავსი შეკითხვა საქართველოს ხელისუფლებას დაუსვათ?

-აფხაზი, ქართველი, რუსი ექსპერტების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთს აფხაზეთი არაფერში სჭირდება და ეს მხოლოდ იარაღია რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ, მაგალითად, ნატოში ინტეგრაციის შესაფერხებლად და ა.შ. ამბობენ, რომ რუსეთმა აფხაზეთი მიატოვა. ამის არგუმენტად ისიც მოჰყავთ, რომ რუსეთი აფხაზეთში მხოლოდ სამხედრო ბაზებს აშენებს და სხვა ინვესტიცია არ ხორციელდება. შეჩერდა რუსეთის მიერ დაპირებული პროექტების დაფინანსებაც. თქვენი პოზიცია რა არის?

- ვიღაც დამოუკიდებელი ექსპერტების გამონათქვამებზე სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებ, მით უფრო, რომ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს სამზარეულოში უსაქმურ ლაპარაკს და არა - პროფესიონალურ ექსპერტულ შეფასებებს. თუ ფაქტებს ყურადღებას მივაქცევთ, მაშინ ნებისმიერი მიუკერძოებელი დამკვირვებლისთვის ნათელია აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობის ხასიათი.  ეს არის ორმხრივად სასარგებლო საერთაშორისო ურთიერთობები, რომლებიც სტრატეგიულ ხასიათს ატარებს. აუცილებელია, აღინიშნოს, რომ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობა ინტენსიურად ვითარდება  არა მხოლოდ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, არამედ სოციალურ-ეკონომიკური და სხვა მიმართულებებით. შეინიშნება ჩვენს ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვის ზრდა, მუშავდება საინტერესო საინვესტიციო პროექტები. ეტაპობრივად, რეალიზირდება ღონისძიებები, რომლებიც ითვალისწინებს აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინვესტპროგრამების ამოქმედებას. რეგულარულად იმართება მნიშვნელოვანი შეხვედრები აფხაზეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის, რომელიც ადასტურებს ორმხრივი ურთიერთობის პოზიტიურ დინამიკას. ბოლო ასეთი შეხვედრა გაიმართა ცოტა ხნის წინ, მიმდინარე წლის ნოემბერში. ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე, ვერ ვხედავ სკეპტიციზმის სერიოზულ საფუძველს და რაიმე პესიმისტურ შეფასებებს აფხაზეთ-რუსეთის მოკავშირეობრივ ურთიერთობაში.

„ჯი-ეიჩ-ენი“




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%