მათი ჩვენებებიდან გამომდინარე, გამოძიების მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, გამოძიებას გარკვეული ეჭვები შესაძლო კავშირებზე გააჩნია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტების კითხვასთან, იკვეთება თუ არა კავშირები სპეცოპერაციისას დაკავებულ პირებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, რეალურად სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები მიმდინარეობს.
„მათი ჩვენებებიდან გამომდინარე, გამოძიების მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, გამოძიებას გარკვეული ეჭვები შესაძლო კავშირებზე გააჩნია, თუმცა რეალურად სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს ვატარებთ, რათა უფრო ნათელი სურათი შევქმნათ და საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ. ეს ადამიანები სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით არიან ბრალდებულები. რაც შეეხება დნმ-ს, განცხადებები იყო, თითქოს იარაღი ჩაუდეს და ა.შ. ეს მათი სტრატეგიაა და ბუნებრივია, ჩვენ არ ვადასტურებთ. საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, იარაღი ამოვიღეთ, პროკურატურამ ბრალი წაუყენათ“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
მისივე თქმით, უკრაინის დაკავებული მოქალაქეების განცხადებები იმის თაობაზე, თითქოს იარაღი ჩაუდეს, მათი სტრატეგიაა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 დეკემბერს, ორ სასტუმროში სპეცოპერაციის შედეგად უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. მათივე ინფორმაციით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.