თარიღი    დრო

გიორგი ცუცქირიძე: დღეს რევოლუციური სცენარის არანაირი წინაპირობა არ არსებობს

საქართველო, თბილისი - 12:04 12.05.2018 210

„მართალია, ოპოზიციის ულტიმატუმი და დაძაბულობის შემდგომი ზრდა, გამოიწვევს  სტრესებს და  პოლარიზაციას საზოგადოებაში, ხოლო ბაზარზე შეიქმნება გაურკვევლობის მოლოდინი, რაც ნეგატიურად შეიძლება აისახოს  ინვესტიციებზე და ეკონომიკის ზრდაზე, მაგრამ მიუხედავად ამისა ეკონომიკის შენელების, მით უმეტეს რევოლუციური სცენარის არანაირი წინაპირობა არ არსებობს“, - ამის შესახებ განცხადება საფინანსო ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ცუცქირიძემ გააკეთა. 

-  როგორ იმოქმედებს საპრეზიდენტო არჩევნები და ოპოზიციის ულტიმატუმი ხელისუფლებას სამომხმარებლო ბაზარზე და საერთოდ ეკონომიკის ზრდის პერსპექტივებზე?

გიორგი ცუცქირიძე: სხვადასხვა საერთაშორისო კვლევების მიხედვით წინასაარჩევნო პერიოდებში კომპანიები თავს იკავებენ გაფართოებისგან  და ახალი კადრების აყვანისაგან, რაც ბიზნესის ბრუნვის ზრდას ზღუდავს. ეს მგრძნობელობა კიდევ უფრო იზრდება დაძაბული წინასაარჩევნო კამპანიებისას, მით უმეტეს თუ დიდია პოლიტიკური გაურკვევლობა და მოსალოდნელი ცვლილებები,

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი უკავშირდება ხარჯების შემცირებას თავად მომხმარებელში: არჩევნების მოახლოებასთან ერთად, თუ მომავლის გაურკვევლობა დიდია, ადამიანები ხვალინდელი დღის შიშით ისედაც იწყებენ თანხების დაზოგვას, რაც  დაძაბულობის ზრდასთან ერთად, ხარჯების კიდევ უფრო მკვეთრ შენელებაში აისახება. ამას ემატება განსაკუთრებით საცალო ვაჭრობაში, ბიზნეს სუბიექტების მხრიდან სარეკლამო ხარჯების შემცირებაც, რადგან სატელევიზიო ბადე ძირითადად პოლიტიკური რეკლამებით არის დაკავებული და ახდენს ბიზნეს შეთავაზებების ფაქტობრივ გადაფარვას.

ინვესტორების მოლოდინი არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს ისედაც იზრდება არასტაბილურობის ინდექსი. ინვესტორები იძულებული ხდებიან, სიტუაციის გარკვევამდე, შეამცირონ ინვესტირება  თავიანთი პორტფელების რისკის შესამცირებლად, თუ ისინი ბაზრის მოსალოდნელ არასტაბილურობას გრძნობენ.

კიდევ ერთი არც თუ უმნიშვნელო ფაქტორი, ესაა სავალუტო კურსის დინამიკა, რომელიც ხშირად ჩვენს შემთხვევაში სეზონურ ფაქტორებზე და მოლოდინებზეა დამოკიდებული, რაც პირდაპირ ზემოქმედებს ლარის კურსზე. ეს განსაკუთრებით, ჩვენნაირ გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი. სწორედ გაურკვევლობის შიშით ბაზრის მოთამაშეები იწყებენ რა უცხოური ვალუტის შესყიდვას, რაც თუნდაც ჩვენ შემთხვევაში ლარის აშშ დოლართან მიმართებაში დაცემას იწვევს. წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენც ვნახეთ ლარის  გაუფასურება აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში, რისი ერთ-ერთი  მიზეზი წინასაარჩევნო ფაქტორიც იყო. ეს განსაკუთრებით, ოპოზიციის დაპირებებიდან მოდიოდა, რაც ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ხელისუფლების შესაძლო ცვლილებას და წინა ხელისუფლების მსჯავრდადებულ,  მაღალი თანამდებობის პირების შეწყალებას უკავშირდებოდა.

- დღეს ყველას აინტერესებს, თუ როგორი იქნება იქნება არჩევნების შემდგომი პერიოდი და რამდენად  იმოქმედებს სიტუაციაზე პოლიტიკური მდგენელი, ოპოზიციის მიერ არჩევნების შედეგების არ აღიარება და მით უმეტეს საპროტესტო გამოსვლები ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით?

გიორგი ცუცქირიძე: ექსპერტები და ანალიტიკოსები, განსაკუთრებით აშშ-ის ბოლო არჩევნებზე,  მიუთითებდნენ გაზრდილ სტრესებზე, როგორც შედარებით ასაკოვან ადამიანებში, ასევე ახალგაზრდებში, რასაც ადრე შედარებით ნაკლები ყურადღება ექცეოდა. წინასაარჩევნო დაძაბულობა და გაურკვეველი მომავალი -თუ რა იქნება ხვალ? ბუნებრივია, ქმნის სტრესულ გარემოს საზოგადოებაში. მოგეხსენებათ, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნები წინა არჩევნებისაგან განსხვავებით, ურთიერთბრალდებების ფონზე, (განსაკუთრებით არჩევნების შედეგში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებულ მანიპულაციებთან დაკავშირებით), გაცილებით მაღალი დაძაბულობით,  საზოგადოების პოლარიზაციით და აგრესიულობით გამოირჩეოდა. და ეს ხდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც თანამედროვე ლიბერალური დემოკრატიის ლიდერია. სტრესების ზრდას ასევე იწვევს წინა საარჩევნო კამპანიის პროცესში ოპონენტების მხრიდან ისეთი დაპირებების გაცემა, რაც ზრდის გაურკვევლობას. მაგალითად, გადასახადების ან ტარიფების ზრდის დაპირებები.

დღეს სამწუხაროდ, ოპოზიციის მოთხოვნები კიდევ უფრო რადიკალურია. რატომღაც მგონია, რომ ოპოზიციას, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების არ აღიარებით და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, საპროტესტო აქციების ფონზე, სურს პოლიტიკური კრიზისის დაფიქსირება, რაც თავისი არსით ისედაც ატარებს უარყოფითი მოლოდინების და მაღალი გაურკვევლობის ნიშნებს. უარყოფითი მოლოდინებიც ხომ მომავლისადმი გაურკვევლობიდან მომდინარეობს, თუნდაც ვადამდელი არჩევნები რომ დაინიშნოს ყოველგვარი რევოლუციური სცენარის გარეშეც კი.

მართალია, ოპოზიციის ულტიმატუმი და დაძაბულობის შემდგომი ზრდა, გამოიწვევს  სტრესებს და  პოლარიზაციას საზოგადოებაში, ხოლო ბაზარზე შეიქმნება გაურკვევლობის მოლოდინი, რაც ნეგატიურად შეიძლება აისახოს  ინვესტიციებზე და ეკონომიკის ზრდაზე, ჩვენს ეკონომიკაზე წმინდა უცხოური ინვესტიციების ფაქტორის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მაგრამ მიუხედავად ამისა ეკონომიკის სერიოზული შენელების, მით უმეტეს რევოლუციური სცენარის არანაირი წინაპირობა არ არსებობს. ამის თქმის საფუძველს იძლევა თუნდაც ოქტომბრის თვის ეკონომიკური მაჩვენებლები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში, მიუხედავად დაძაბული საპრეზიდენტო კამპანიისა, ოქტომბრის თვეში დაფიქსირდა ეკონომიკური ზრდის საკმაოდ მაღალ 6.7 %-იან  მაჩვენებელზე გასვლა, რაც 1.6 %-ით აღემატება წინა სამი კვარტლის საშუალო მაჩვენებელს (5.1 %). ნიშანდობლივია, რომ საგარეო სავაჭრო ბრუნვა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაზრდილია 20.5 %-ით, და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ხოლო წმინდა ექსპორტის ზრდამ ანუ  იმპორტის ექსპორტით გადაფარვამ 5.3 %-შეადგენა, ეს კი  უდავოდ დადებითი სიგნალია ინვესტორებისთვისაც. გარდა ამისა, ეკონომიკის ზრდაში სულ უფრო აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივი წარმოება, დამამუშავებლი მრეწველობის სახით, რომელიც დამატებითი ღირებულების შექმნის თვალსაზრისით წამყვანი სეგმენტია. ამასთან, გაზრდილია საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვის მაჩვენებელიც, რომელიც 13.9 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს და ადასტურებს ბიზნესის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების სისწორეს.

აქედან გამომდინარე, წინა საარჩევნო პერიოდის ზეგავლენა ეკონომიკაზე, თუ არ ჩავთვლით ლარის მოკლევადიან რყევებს, პოზიტიურ ტრენდად უნდა შეფასდეს და ეს განსაკუთრებით 28 ოქტომბრამდე პერიოდზე ითქმის ანუ მიუხედავად დაძაბული საარჩევნო ბატალიებისა, ბიზნესის მოლოდინები სულაც არ იყო ცალსახად ნეგატიური. თუ  მხედველობაში არ მივიღებთ ტელეეთერებიდან გაჟღერებულ ზოგიერთ გამონათქვამებს, რომლებიც სცილდებოდა პოლიტკორექტულობის ნორმებს და მოდელირებულ თუ არამოდელირებულ ქრონიკებს, წინასაარჩევნო გარემო შედარებით მშვიდ ვითარებაში წარიმართა, რაც აღნიშნული იყო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მოხსენებებშიც და როგორც ვხედავთ ადეკვატურად აისახა კიდეც ბიზნეს აქტივობაზე.

მართალია, მეორე ტურის პერიოდის ანუ ნოემბრის თვის მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ არა მგონია, ეკონომიკის შენელება მოხდეს, მიუხედავად შედარებით მაღალი დაძაბულობისა. აქვე მსურს ავღნიშნო, რომ განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებისაგან განსხვავებით, ჩვენნაირი ტიპის ეკონომიკებში, განსაკუთრებით მოკლევადიან პერიოდებში, შედარებით ნაკლებად რელევანტურია პოლიტიკური პროცესების ზეგავლენა ეკონომიკაზე, ეკონომიკის ნაკლებ სექტორალური და საფონდო სეგმენტის განუვითარებლობის გამო. ოქტომბრის თვეში ეკონომიკის სარეკორდოდ მაღალი ზრდაც დიდწილად ამის დასტურია, თუმცა ამავდროულად ინვესტორების და ბიზნესის მხრიდან საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების მხარდაჭერაზე და ნდობაზე მიუთითებს, რაც არის ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორი. შემთხვევითი არ არის, რომ ეს განწყობა საერთაშორისო რეიტინგებშიც სათანადოდ აისახა კიდეც.

რაც შეეხება პოსტ საარჩევნო პერიოდს, იგი პოლიტიკური რისკების ზრდასთან ერთად, ნამდვილად ატარებს ეკონომიკაზე  გადადინების რისკსაც. შესაბამისად, ეკონომიკის შენელება, თავისი უარყოფითი მომენტებით, მათ შორის ფასების ზრდით რეალურად იმ შემთხვევაში მოხდება თუ დროში გაიწელება და გაგრძელდება პოლიტიკური დაპირისპირება, პროცესები გადავა ქუჩაში და არჩევნების ლეგიტიმურობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებშიც.

სამწუხაროდ, ნაციონალური მოძრაობა მიდის სწორედ ამ მიმართულებით ცდილობს რა პროცესების პოლიტიკურ კრიზისში გადაყვანას.   არა მგონია, მათ დღეს ამის რესურსი ჰქონდეთ, მაგრამ ეს არის ყველაზე არასასურველი განვითარების სცენარი, რაც სერიოზულად იმოქმედებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე და პირველ რიგში საინვესტიციო ნაკადების შემცირებაში აისახება. ცნობილია, რომ პოლიტიკური კრიზისებისას არა თუ ახალი ინვესტორები იკავებენ თავს ინესტირებისაგან, არამედ ჩერდება უკვე პრაქტიკულად დაწყებული პროექტები და შეიძლება ინვესტორებმა აქედან კაპიტალის გატანა დაიწყონ. თორემ, მათ ნამდვილად აქვთ უფლება არ დაეთანხმონ არჩევნების შედეგებს და იგი გააპროტესტონ ან მიმართონ სასამართლოს.

საინვესტიციო ნაკადების შემცირება სერიოზულ ზეგავლენას იქონიებს საგარეო მოწყვლადობაზე, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ზრდით, რაც არანაკლებ ზეგავლენას იქონიებს სავალუტო კურსზე. თავის მხრივ, ეკონომიკური ზრდის შენელება,  ნეგატიურად აისახება ბიზნესზეც, ფასების მაჩვებელზეც და შესაბამისად, დასაქმებაზეც, პოლიტიკური კრიზისიდან გამომდინარე, სწორედ გაურკვეველი მომავლის გამო.

მიმაჩნია, რომ შექმნილ სიტუაციაში ბევრი რამ ხელისუფლების ქმედებებზე იქნება დამოკიდებული. ხელისუფლება უნდა იყოს მოქნილიც და ამავდროულად პრინციპულიც და რაც მთავარია თანამიმდევრული თავის გადაწყვეტილებებში. მთავრობის აქტიურობამ და ახალმა ინიციატივებმა ეკონომიკის სტიმულირების მიმართულებით, ასევე წინასაარჩევნო პერიოდში მიღწეულმა სტაბილურობამ უნდა უზრუნველყოს წარმოქმნილი კრიზისული სიტუაციის დაძლევა, რაც საბოლოო ჯამში ეკონომიკის ზრდაზე მხოლოდ პოზიტიურად იმოქმედებს. მაგალითად, იგივე აშშ-ში ბოლო ორი საპრეზიდენტო არჩევნების დროს 2004, 2012 და განსაკუთრებით 2016 წლებში თუ წინასაარჩევნო პერიოდებში გაყიდვების დინამიკა შემცირდა, გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა არჩევნების დასრულების შემდგომ პერიოდებში ნოემბერსა და დეკემბერში, როდესც პოლიტიკური ვნებათაღელვა შედარებით დაცხრა.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%