თარიღი    დრო

ერთადერთი, ვინც ამ არჩევნებიდან დასკვნები ვერ გააკეთა, ისევ „ნაციონალური მოძრაობაა - რომან კაკულია

საქართველო, თბილისი - 12:40 12.03.2018 787

„ახლა საჭიროა პოლიტიკური ნების მკვეთრად გამოხატვა, რასაც საზოგადოება მიიღებს და  დაიჯერებს, რომ ეს ნება არსებობს. ეს საკითხებიც ხელის გულზე დევს, თუ რა არის პრობლემატური, რომელიც განსაკუთრებით  ბოლო დროს გამოიკვეთა  და აქ შეიძლება, ჩამოვთვალოთ რეგინებში კორუფციის  საკითხები, სასამართლო სისტემის მიმართ პრობლემები, ასევე ის, თუ რამდენად სამართლებრივია  პროცესები ძალოვან სტრუქტურებში, აქვე შეიძლება დავასახელოთ,  ეკონომიკური პოლიტიკის პერსპექტივის მკაფიოობა და თუნდაც, საგარეო პოლიტიკა. ანუ, ის ყველაფერი, რაც საბოლოო  ჯამში ხელისუფლების სახეს ქმნის. ამიტომ უახლოეს  ერთ თვეში ძალიან მკაფიო  გზავნილებია ჩამოსაყალიბებელი.  რა თქმა უნდა, ის პოზიტივიც, რაც არსებობს,“ - ეს  განცხადება მმართველი გუნდის წარმომადგენელმა, რომან კაკულიამ, გააკეთა.

როგორ აფასებს ის არჩევნებს, რა დასკვნები უნდა გაკეთდეს  მმართველი გუნდის თუ ოპოზიციის მხრიდან, ამ საკითხებზე რომან კაკულიას ვესაუბრეთ. 

- ამ ყველაფერს ქვეყნის განვითრების კონტექსტში თუ შევხედავთ,  ყველაფერი დადებითი იყო იმიტომ, რომ პირველი  ტურის შედეგებმა „იცნება“  სარკეში ჩაახედა  და საკუთარი თავი რეალურად დაანახა, მეორე ტურის შემთხვევაში კი, თავად საზოგადოებას მოუწია იმის გახსენება, თუ რამდენად დიდია მისი ხვედრითი წილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების სწორად განვითრებისთვის. მეორე ტურში გამარჯვება იყო იმის განაცხადი, რომ „ნაციონალურმა  მოძრაობამ“  და მათთან დაკავშირებულმა პოლიტიკურმა ძალებმა ვერ მოახერხეს და ალბათ, ვერც მოახერხებდნენ  საოზგადოების იმაში დარწმუნებას, რომ არ ასოცირდებიან ძალადობასთან. ეს იყო გადამწყვეტი იმისთვის, რომ საზოგადოებამ მათ უარი უთხრა და რა თქმა უნდა, ამას ემატება ივანიშვილის მკვეთრი გამოსვლა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში  ის რადიკალურად შეცვლის ყველაფერს. ამან, ალბათ, კიდევ ერთხელ და ჩემი აზრით, საბოლოოდ გააჩინა იმედი. მთლიანობაში, თუ არ ჩავთვლით იმ ნეგატიურ კამპანიას დარევოლუციური სცენარების მამოძრავებელი  რამდენიმე  მსჯელობის მცდელობას,  შესაძლოა, პორცესები კარგად განვითარებულიყო.

- რას გულისხმობთ?

- კარგად განვითარებულიყო იმ გაგებით, რომ  ერთი მხრივ, „ქართული ოცნების“ მიერ უკვე  გაკეთებული განცხადებები აყენებს მას ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ძალიან მალე,  ახალ წლამდე  მაინც, მკაფიო მესიჯები უნდა გამოკვეთოს, რას გულისხმობდა, როდესაც  ითქვა,  რომ საზოგადოებას ახალ რეალობას შესთავაზებდა. ცხადია, რომ ერთ წელიწადში ქვეყანაში მდგომარეობა რადიკალურად ვერ შეიცვლება და ახლა საჭიროა პოლიტიკური ნების მკვეთრად გამოხატვა, რასაც საზოგადოება მიიღებს და  დაიჯერებს, რომ ეს ნება არსებობს. ეს საკითხებიც ხელის გულზე დევს, თუ რა არის პრობლემატური, რომელიც განსაკუთრებით  ბოლო დროს გამოიკვეთა  და აქ შეიძლება, ჩამოვთვალოთ რეგინებში კორუფციის  საკითხები, სასამართლო სისტემის მიმართ პრობლემები, ასევე ის, თუ რამდენად სამართლებრივია  პროცესები ძალოვან სტრუქტურებში, აქვე შეიძლება დავასახელოთ,  ეკონომიკური პოლიტიკის პერსპექტივის მკაფიოობა და თუნდაც, საგარეო პოლიტიკა. ანუ, ის ყველაფერი, რაც საბოლოო  ჯამში ხელისუფლების სახეს ქმნის. ამიტომ უახლოეს  ერთ თვეში ძალიან მკაფიო  გზავნილებია ჩამოსაყალიბებელი.  რა თქმა უნდა, ის პოზიტივიც, რაც არსებობს. 

- თქვენ არჩევნებს ძალიან დადებით კონტექსტში ახსენებთ. არადა, საერთაშორისო დამკვირვებლებს ძალიან მწვავე შეფასებები აქვთ. არ ფიქრობთ, რომ ეს რეალურად პრობლემაა და  ხელისუფლების მთავარი გამოწვევა  რა არის?

- ამ ეტაპზე ერთადერთ გამოწვევად რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნები, რომელიც საკმაოდ  გაუგებარია, რადგან ზოგადად დემოკრატიული არჩევნების პრინციპი არის 50+1. გასაგებია, რომ რაღაც ხარვეზები არის,  რაღაც კარტოფილზე და ხახვზე რომ ლაპარაკობენ, მაგრამ ეს ხომ არ არის ისეთი მასშტაბის, რომ შედეგები შეცვალოს. 

- ნუ,  თქვენც თვლით, რომ ამომრჩევლის  მოსყიდვა იყო?

- მე არ გამოვრიცხავ, რომ  რეგიონალურ დონეზე ვიღაცეებმა თავის გამოჩენა მოინდომეს და მიმაჩნია, რომ ამის შესწავლა და რეაგირება უნდა მოხდეს, მაგრამ მე ახლა სხვა რამეზე  ვლაპარაკობ. ეს ასეც რო იყოს,  ოცპროცენტიან  განსხვავებაზე ეს გავლენას ვერ მოახდენს და  მათი მხრიდან ამ არჩევნების შედეგების არალეგიტიმურობაზე ლაპარაკი უკვე ცხადყოფს მათ იმთავითვე არსებულ ჩანაფიქრს რევოლუციურ სცენართან დაკავშირებით.  ეს ძალიან სამწუხაროა,  რადგან ეს ხომ როდესმე უნდა დამთავრდეს, წაგებული მუდმივად  რევანშით და რევოლუციით დაბრუნებით რო იმუქრება? ისევ შეფასებას რომ დავუბრუნდეთ, ერთადერთი, ვინც ამ არჩევნებიდან დასკვნები ვერ გააკეთა,  ისევ „ნაციონალური მოძრაობაა“.

- ხელისუფლებამ სწორი დასკვნები გააკეთა?

- სწორედ აქეთკენ მივდიოდი და ეს არის ჩემი აზრი და არა პარტიის, რომელიც ჯერ არ ჩამოყალიბებულა, რა არის გასაკეთებელი.  ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნებია გასაკეთებელი ორი მიმართულებით. ერთი ის, რაც უკვე ჩამოვთვალე, ანუ არსებულ პრობლემებზე როგორი იქნება ხელისუფლების რეაგირება და  მეორე, ძალიან სერიოზულად არის გასაანალიზებელი ამომრჩევლის  ის რაოდენობა, რომლის მხარდაჭერა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო. ეს ძალა  რთული კონგლომერატია და ძალადობა სულ  რამდენიმე ადამიანის ინიციატივა იყო და ამან გადაფარა ყველაფერი დანარჩენი, მაგრამ იქ იყვნენ მაღალი კვალიფიკაციის ადამინები, იყო პროგრესული განვითარებების  მცდელობები, რომელიც იმ  ძალადობით გადაიფარა, რამაც მათში იმძლავრა. მე დარწმუნებული  ვარ, რომ იმ  800 ათას ადამიანში  პირდაპირ ვერ იტყვი, რომ  ამ ძალადობას ამართლებენ და  მიიჩნევენ, რომ დასაშვები იყო. ამიტომ მგონია, რომ აქ სწორედ ის ხალხია, ვისაც ამ სწრაფი ეფექტიანობის ნოსტალგია აქვთ და შესაძლოა, სჯერათ, რომ, თუკი ემმ მობრუნდება, სწორედ ამ დადებით მომენტს წამოწევენ წინა პლანზე.  უფრო მეტიც, ჩემი აზრით, მათი ყოფილი პრეზიდენტის ასეთი აქტიურობა  რომ არ ყოფილიყო ბოლო დროს. შესაძლოა, სულ სხვა შედეგიც კი დამდგარიყო და მათი მხარდამჭერების რიცხვი გაზრდილიყო. ამიტომ  ამას სერიოზული გაანალიზება  უნდა, რადგან ეს ადამიანები  შესაძლოა,  ჩვენი მხარდამჭერები გახდნენ, თუკი ენმ-ის სწორედ  ეფექტიანობის  ნაწილში გავუწევთ კონკურენციას.

- რაში გჭირდებათ? მართლა  ასპროცენტიანი ერთპარტიული მმართველობა გინდათ? არ ფიქრობთ, რომ ქვეყანასაც დაღუპავს და თქვენს პარტიასაც?

- ძალიან კარგი შეკითხვაა და როდესაც მე ვამბობდი, რომ ამას დაფიქრება სჭირდება, იმას კი არ ვგულისხმობდი, რომ ეს ნაწილი მაინცდამაინც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი უნდა გახდეს. დღეს ყველა ხედავს, რომ მუდმივად ვერც „ქართული ოცნება“ იქნება“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ წარსულია, ამიტომ მესამე ძალაა საჭირო და ჩემი აზრით,  „ნაციონალური მოძრაობის“ ის ნაწილი, ვისზეც ვსაუბრობდი, შესაძლოა, იყოს სწორედ იმ მესამე რეალური ძალის ელექტორატი იყოს და ასევე შესაძლოა, რომ ამ მესამე ძალის ელექტორატი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ნაწილიც გახდეს. თუმცა, ეს მესამე ძალა სრულიად  უნდა განსხვავდებოდეს ორივესგან.

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად რევანშზე ლაპარაკობს და  მმართველ ძალასაც დაძაბულ მდგომარეობაში ამყოფებს, რადგან მათ არა აქვთ  განცდა, რომ ხელისუფლების შემდეგ მშვიდად წავლენ სახლში და არიან მუდმივად შურისძიების მოლოდინში არიან, ძალაუნებურად ებღაუჭებიან ხელისუფლებას და აქედან გამომდინარე „ნაციონალური მოძრაობა“ თავისივე განცხადებების მძევალი ხდება.

- თქვენი ნათქვამიდან გამოდის, რომ არჩევნების შედეგებზე სააკაშვილის დაბრუნების და რევანშის შიში იყო. მაშინ სახელმწიფო თუ ივანიშვილის ამხელა პირადი რესურსი,  ამდენი ფული ტყუილად დახარჯა „ქართულმა ოცნებამ“?

- არა,  რა თქმა უნდა. აქამდეც მივიდოდი, უბრალოდ, მე იერარქიულად ვსაუბრობ, თუ რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, თორემ იმის თქმა, რომ  ამას  გავლენა არ ჰქონდა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, მით უმეტეს, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.  ეს იყო კომპლექსური საკითხი, სადაც დომინანტი  მაინც წარსულში არდაბრუნების შიში იყო.

- ხომ გამოჩნდა,  რომ ეს ძალა არ არის ამ შურისძიების მომხრე. სააკაშვილის განცხადებას სამოქალაქო დაუმორჩილებლობის  შესახებ, ფაქტობრივად, არავინ არ დაეთანხმა. არ ფიქრობთ, რომ ამ ძალადობის და რევანშის მოლოდინს ხელისუფლება უფრო მეტად ქმნის, როდესაც  მუდმივად სამოქალაქო დაპირისპირებას აანონსებს და რეალურად ამის ფაქტობრივი  მტკიცებულებები არასოდეს არა აქვს.

- მე  ასე ცალსახად ვერ ვიტყოდი. სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ასოცირებული ძალადობის პოტენციალთან. საქმე იმაში კი არაა, მათ ჰქონდათ თუ არა ძალადობრივი ქმედებები დაგეგმილი, არამედ ის, არის თუ არა ეს ძალა ის, სადა შეიძლება, მოხარშოს ხელისუფლების ხელში ძალადობრივად ჩაგდების სცენარი და ამაზე პასუხი არის „დიახ“. მტკიცებულებები შესაძლოა, ხელის  გულზე არ იყო,  მაგრამ საზოგადოების აღქმაა, რომ ისინი ამის გამკეთებლები არიან.

- არის თუ არა ეს აღქმა. ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ხელისუფლება ამ აღქმას მტკიცებით ფორმაში რომ იყენებს,  პრობლემა არ გგონიათ?

-ეს არის პრევენცია იმისთვის, რომ ქვეყნის წინაშე არ დადგეს ეს საფრთხე. ამიტომ ასეთ დროს მტკიცებულებებზე  ვერ ვილაპარაკებთ.

- როდესაც მესამე ძალის აუცილებლობაზე საუბრობთ, ამისთვის ხელისუფლება რა გააკეთა, როდესაც ბოლომდე იბრძოლა  და ყველაფერი  ჩადო იმისთვის, რომ ზურაბიშვილი გასულიყო და რატომ იყო თქვენთვის ასეთი მნიშვნელოვანი მისი გაპრეზიდენტება?

- აქ გარკევულ უცნაურობას მეც ვხედავ და ეს ჩემი პოზიციაა და არა გუნდის. „ნაციონალური მოძრაობა“ კი ყველას მოგვბეზრდა და ის არის ერთადერთი ძალა, რომელმაც ტრანსფორმაცია ვერ  მოახერხა, მაგრამ მაინც ის ქმნის დღის წესრიგს და ვფიქრობ, ამის გამო მოხდა.

- ანუ,  თქვენთვის პრობლემა ვაშაძე  იყო და სხვა რომ ყოფილიყო მეორე  ტურში, იგივეს არ გააკეთებდით?

- მე ვფიქრობ, რომ არა.

- ბაქრაძის  შემთხვევაშიც, რომელიც  ერთ დროს „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი იყო?

- მე მინდა, ხაზი გავუსვა ერთ რამეს, რომ, როდესაც ოპოზიციაში არის პოლიტიკური ძალა, რომლისგანაც შურისძიება არის მოსალოდნელი, ეს თავისთავად  არალოგიკურ მდგომარეობაში ამყოფებს მასთან პირისპირ მდგომ ძალას და ძალიან ბევრ არაადეკვატურ ნაბიჯსაც ადგმევინებს, რომელსაც ის იდეაში არ გადადგამდა, ასეთი ოპოზიცია რომ არ ჰყავდეს.  ჩემი აზრით, ივანიშვილის პოლიტიკისადმი ინტერესი პერიოდულად ძლიერდება იმის გამო, ხომ არ ხდება, სამედიცინო ენაზე რომ ვთქვათ, იმ სიმსივნის გაღვიძება, რომელიც 2012 წელს კი მოიკვეთა, მაგრამ სხვადასხვა ფაქტორის გამო, მისი  ბოლომდე მკურნალობა ვერ მოხერხდა და ახლაც „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ძალადობრივი ინსტრუმენტით რომ არ ყოფილიყო, მე არა მგონია, რომ ივანიშვილს საქართველოში პოლიტიკასთან ურთიერთობის ასეთივე ინტერესი ჰქონოდა.  როგორც ცხოვრებამ დაამტკიცა, ეს შიში  ძალაში ყოფილა.

- თქვენს პარტიაში რა არის შესაცვლელი?

- ჩემი აზრით, პირველ რიგში უნდა განვსაზღვროთ, რა არის  ძირითადი  პრობლემა საქართველოში. ჩვენი პრობლემა კი არის ის, რომ  ხდება აკუმულირება ორი მსოფლმხედველობრივი ფილოსოფიის, საიდანაც ერთ-ერთს აქვს ლიბერალური საფუძველი და მეორეს - ტრადიციული და  საწუხაროდ, ამის დაგროვება ხდება რადიკალურად განსხვავებულ მხარეებთან და მათ სამწუხაროდ, ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალება და ფორმები  ვერ გამონახეს, რაც ევროპაში მოგვარებულია. ამიტომ ქართული პოლიტიკა დღეს რეალურად  თანამოაზრეთა პარტიულ გაერთიანებებს ითხოვს და ამით ვპასუხობ თქვენს კითხვას, თუ რა არის გუნდში შესაცვლელი. გუნდში შესაცვლელია ის, რომ ძალიან მკაფიოდ უნდა გამოიკვეთოს, რეალურად  ვინ არიან თანამოაზრეები, რომელსაც შეუძლია, მკაფიოდ გამოკვეთოს  თავისი ღირებულებები და  ამისთვის იბრძოლოს. თუ ივანიშვილი დაინახავს ამ პრობლემას, რო თანამოაზრეობის და ღირებულებების  საფუძველზე გაერთიანების მუხტი აკლდა ამ პარტიას და ეს ყველაფერი შესაძლებელია უფრო ეფექტიანი მმართველობის პირობებში და ასევე საზოგადოებაში არსებული სიგნალების გათვალისწინება და იმ პირების დომინანტობა, ვისაც არავითარი უხერხულობა არა აქვს, საზოგადოების წინაშე ილაპარაკოს შეცდომებზე,  ჩემი აზრით, ეს იქნება რეალური გარანტი იმისა, რომ „ქართული ოცნება“ შეიძლება,  ჩამოყალიბდეს  ძალად, რომელსაც შემდეგ არჩევნებშიც  ექნება რეალური ამბიცია, მმართველ პროცესებში მიიღოს მონაწილეობა. 

ესაუბრა რუსა მაჩაიძე




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%