თარიღი    დრო

„ნაციას“ ქმნის გამარჯვება!

საქართველო, თბილისი - 10:09 12.03.2018 596

რამდენიმე დღის წინ, ყირიმის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა უკრაინელ სამხედრო მეზღვაურებს, რომლების ე.წ. ქერჩის ინციდენტისას“ დააკავეს შავი და აზოვის ზღვის გამყოფ სრუტეში. თავისთავად ეს ინციდენტი მოსალოდნელი იყო, რადგან ყირიმის ანექსიისა და სრუტეზე ხიდის აგების შემდეგ, რუსეთმა სამჯერ შეზღუდა უკრაინული პორტებიდან, ქერჩის სრუტით,  სატვირთო გემების მოძრაობა. პირველ რიგში ეს ეხება მარიუპოლის ინდუსტრიულ კომპლექსს, რომელიც უკრაინული ეკონომიკის მაცოცხლებელი წყაროა: „მოხალისეებად“ გადაცმულმა რუსულმა არმიამ ვერ შეძლო მარიუპოლის აღება 2014-2015 წლების აგრესიის დროს, ამიტომ „მეორე მხრიდან“ მოუარეს: აპირებენ უკრაინას ქერჩის სრუტე ჩაუკეტონ და ამით ინდუსტრიული პროდუქციის ექსპორტიც შეუძლებლად აქციონ.

თუმცა ამ ისტორიას, ისევე როგორც თვით აგრესიას, რასაც მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ახორციელებს 2013 წლიდან დაწყებული, სხვა, უფრო ღრმა შრეც აქვს: ამჟამად მოსკოვის საინფორმაციო იარაღი, რასაც რატომღაც „ტელევიზია“ ეწოდება, ყოველნაირად ცდილობს, უკრაინელ სამხედროთა სასამართლო პროცესი ისე წარმოაჩინოს, ისე გააშუქოს, მაქსიმალურად დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი იყოს უკრაინელი ერისთვის: უსასტიკესად სცემეს ის უკრაინელი სამხედრო, რომელმაც 2014 წლის ანექსიისას მთელი ერი აღაფრთოვანა მართლაც გმირული საქციელით, როდესაც სევასტოპოლში, შოვინისტური ეიფორიის დროს, ამაყად იმღერა უკრაინული ჰიმნი, რამაც მთელი ქვეყანა შეძრა და წინააღმდეგობის ნება შესძინა.

ახლა ამ ბიჭის საქვეყნო დამცირებით, მისი საჯარო მონანიებით (წამების შედეგად) მოსკოვი რევანშს ცდილობს და უფრო შორსმიმავალი, ისტორიული მიზანიც აქვს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამ მიზნის გასარკვევად, გავიხსენოთ, როგორ მოქმედებდა მოსკოვი საქართველოში: 2004 წელს, როდესაც „სამხრეთ ოსეთში“ ვითარება დაიძაბა, რუსული ГРУ-ს ანუ სამხედრო დაზვერვის რეზიდენტებმა დაგეგმეს და, სამწუხაროდ, წარმატებით განახორციელეს ნიშანდობლივი სპეცოპერაცია:  „ოსურმა შენაერთებმა“ ღამით ალყა შემოარტყეს ქართულ სოფელ ვანათს, სადაც მაშინ იმყოფებოდა ქართული საჯარისო (შინაგანი ჯარის) შენაერთი;  უბრძოლველად იგდეს ტყვედ ათეულობით ქართველი ჯარისკაცი, ჩამოიყვანეს ცხინვალში და სამარცხვინოდ, მთელი მსოფლიოს თვალწინ დააჩოქეს.

ამ გულისმომკვლელმა „სურათმა“ და „ვიდეომ“ მსოფლიო მოიარა. ბუნებრივია, ქართველთა თავმოყვარეობისათვის იგი გამანადგურებელი იყო და ზუსტად ამ მიზანს ისახავდა მოსკოვი - მაქსიმალურად დაეზიანებინა ქართველთა ეროვნული თავმოყვარეობა.

თუ თვალს მივადევნებთ რუსეთის შემდგომ პოლიტიკას, მათ შორის „ჰიბრიდული ომის“ მეთოდიკას, „დამცირება“ და „შეურაცხყოფა“ (ხშირ შემთხვევაში რაფინირებული „ტექნოლოგიებით“) ამ აგრესიის განუყოფელი ნაწილია. განსაკუთრებით და პირველ რიგში სწორედ მეზობელი სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც სულ ახლახანს გათავისუფლდნენ და იწყებენ  დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჩამოყალიბებას, ანუ, ქართველი პოეტის სიტყვებით, ეს ერები ცდილობენ „დადგნენ ერად სხვა ერთა შორის“.

რატომ არის რუსეთისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი, მისი მეზობლები მაქსიმალურად დაამციროს და შეურაცხჰყოს?  პასუხი: იმიტომ, რომ რუსი სტრატეგოსები ზუსტად ითვალისწინებენ საშიშროებას, რომელსაც რუსულ დერჟავას (ანუ იმპერიას) შეუქმნის მეზობლად სრულფასოვანი ერი-სახელმწიფოების (ევროპულ ენებზე Nation) დაფუძნება. შემთხვევითი როდია, რომ დიდ ევროპულ ენებში Nation აღნიშნავს არა ერს (ეთნიკური გაგებით) არამედ ქვეყანას. მაგალითად, საფრანგეთი არის ერი-სახელმწიფო ანუ Nation.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ოღონდ გავიხსენოთ, როგორ ყალიბდებოდა იგი: ზოგადად „ნაციონალიზმი“ ამ ცნების ევროპული გაგებით, - როდესაც Nationality აღნიშნავს არა ეთნიკურობას, არა ეთნიკურ წარმომავლობას, არამედ მოქალაქეობას, - სათავეს იღებს XVIII საუკუნის მიწურულის საფრანგეთის დიდი რევოლუციიდან.

ბურბონთა დინასტიის დამხობის შემდეგ, ამბოხებულ ფრანგ ერს მთელმა მონარქისტულმა ევროპამ ომი გამოუცხადა. იმ ომში ფრანგებმა უმაგალითო გმირობის მაგალითები აჩვენეს მსოფლიოს და დაუტოვეს შთამომავლობას: რუჟე დე ლილის „მარსელიეზა“ გრგვინავდა სისხლით მორწყულ ბრძოლის ველებზე და დღემდე ამაყად მღერიან მას ფრანგები ფეხბურთისა თუ რაგბის ასპარეზობათა დაწყებამდე.

„ფრანგი ერი“ ანუ Nation შექმნა ნაპოლეონის ზღაპრულმა, გმირულმა გამარჯვებებმა, ხოლო მონარქისტული ევროპის გაერთიანებული არმიების საბოლოო წარმატებამ ეს სიამაყე მაინც ვერ ჩაახშო.

Nation-ს ქმნის გამარჯვება და ეროვნული სიამაყე!  ანუ ის განცდა, რომ იგი საბოლოოდ გამარჯვებულია. დამარცხებული, დამცირებული ეროვნული შეგნება ვერ შექმნის  „ნაციას!“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სწორედ ამიტომ ცდილობს მოსკოვი, საკუთარი აგენტურის მეშვეობით, გააღვივოს საქართველოში ერთის მხრივ ეთნიკური ნაციონალიზმი (სხვადასხვა რადიკალური ჯგუფებისა და მათი სამარცხვინო, კაცთმოძულე აქციებით), იმავდროულად, მაქსიმალურად დაამციროს მის მიერვე გაღვივებული ეთნიკურობა, რათა არ დაუშვას სამოქალაქო შეგნების ჩამოყალიბება და ეთნიკური ნაციონალიზმის გარდაქმნა სამოქალაქო ნაციონალიზმად.

შემდეგ კი ყველაფერს აკეთებს, რათა ამგვარი ტრანსფორმაციის პროცესში მყოფი ქვეყანა ჯერ დამარცხებით დაამციროს, შემდეგ „დახვეწილად“ შეურაცხჰყოს, ჩაუნერგოს არასრულფასოვნების,. უმწეობისა  და უსუსურობის განცდა, რაც დამღუპველია ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თვითშეგნებისათვის: დამარცხებული, დაგლახავებული, დამცირებული ერი ვერ შექმნის „Nation“-ს და ადრე თუ გვიან, მისი ეთნიკური ნაციონალიზმი (ქართული იქნება იგი თუ უკრაინული) იმდენად დაკნინდება,  ეთნოკონფლიქტებში ჩაფლული, ისევ მოსკოვს მიმართავს მფარველობისთვის.

ერთადერთი, რამაც შეიძლება ეს რაფინირებული აგრესია შეაჩეროს, არის დასავლურ დემოკრატიულ სახელმწიფოთა მხარდაჭერა. მათ არ უნდა დაუშვან, რუსეთმა აგრესიითა და პერმანენტული დამცირებით შეაფერხოს პოსტსაბჭოურ სივრცეზე „ერ-სახელმწიფოთა“ ჩამოყალიბების პროცესი. ყოველ შემთხვევაში იქ მაინც, სადაც ამის წინაპირობები არსებობს ანუ უკრაინასა და საქართველოში.

წინააღმდეგ შემთხვევაში, „მოსკოვის თეთრი იმპერიის“ აღდგენა გარდაუვალია და ევროპის უსაფრთხოებასაც დიდი საფრთხე დაემუქრება.

ნიკა იმნაიშვილი, ჯი-ეიჩ-ენი




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%