ENG / RUS       12+

გია ჭანტურია - შეუსრულებელი მისია

1994 წლის 3 დეკემბერს, ე.წ. „მხედრიონის“ და ყოფილი ე.წ. „გვარდიის“ ნაერთმა ბანდამ,  უშიშროების მინისტრის იმდროინდელი მოადგილის, თემურ ხაჩიშვილის უშუალო ორგანიზებით, ავტომანქანაში ჩაცხრილა „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე, გია ჭანტურია. სრულიად შემთხვევით გადარჩა მისი მეუღლე, ირინა სარიშვილი.

ირინამ მომდევნო წლებში პარტიის თავმჯდომარეობა მოინდომა, რიგით წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერაც მოიპოვა (როგორც მიშამ, ამას წინათ, თავის პარტიაში), მაგრამ მის თავმჯდომარეობას „ედპ“-ს ელიტა არ დაეთანხმა და ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (იმდროისათვის ერთადერთი ნამდვილი პოლიტიკური პარტია საქართველოში), ფაქტიურად გაიხლიჩა ორად, შემდეგ სულაც დაიშალა..... მოგვიანებით კი საერთოდ გაქრა აქტუალური და სერიოზული პოლიტიკიდან.

მაშასადამე, 3 დეკემბრის მკვლელობით არა მხოლოდ გია ჭანტურია გაანადგურეს, არამედ მისი პარტიაც. მკვლელთა მოტივი დღემდე ბურუსითაა მოცული. სულაც არ არის გამორიცხული, მოტივი პოლიტიკური ყოფილიყო - გარეშე ან შიდა ძალთა შეკვეთით. მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რაიმე პირადი, ანგარებითი, ფინანსური თუ სხვა ინტერესთა კონფლიქტი თუ „გარჩევა“ გამხდარიყო მიზეზი.

ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმ საკითხისთვის, რასაც განვიხილავთ. ასევე სრულებით უსაგნოა (ძალზე ხშირი) მსჯელობა იმაზე, „როგორი ადამიანი“ იყო გია ჭანტურია, რამდენად ზნეობრივი იყო.....მაგალითად „თითი რომ მიუტანა შუბლთან ზურაბ ჭავჭავაძეს“.....ან 1991 წლის შემოდგომიდან რამდენად ზნეობრივად მოიქცა, როცა მხარი დაუჭირა იმავე ბანდებს კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობაში......ზოგადად, ისტორიული ფიგურის შეფასება „ზნეობრივი კრიტერიუმებით“ - ისტორიასთან და პოლიტიკასთან მიმართებაში იგივეა, მათემატიკოსი ან ფიზიკოსი შეაფასო ამ მეცნიერებებთან მიმართებაში მორალურ-ზნეობრივი კრიტერიუმებით.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

პოლიტიკოსი და ისტორიული ფიგურა  „დანატოვარით“ ფასდება. მათ შორის, თქვენ წარმოიდგინეთ, „განუხორციელებელი პროექტითაც“ კი. ანუ, სხვაგვარად თუ ვიტყვით, ისტორიული ფიგურის მასშტაბს არა მხოლოდ ისტორიული რეალობა განსაზღვრავს, არამედ ამ რეალობის მისეული „ალტერნატივაც“.

სწორედ ამ მხრივაა საინტერესო გია ჭანტურია და მისი „პროექტი“, რომელიც მან ქვეყანას 1989 წლის ბოლოს შესთავაზა.

ოღონდ, სანამ ამ პროექტზე ვიტყოდეთ ორიოდე სიტყვას (ძალიან დიდი თემაა, ზოგადად) ისიც უნდა ითქვას, რომ გია ჭანტურიას, როგორც ისტორიული ფიგურის მასშტაბს მეორე გარემოებაც ადასტურებს. კერძოდ,  სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას: 1994 წლის 3 დეკემბერს გია ჭანტურია რომ არ მომკვდარიყო, საქართველოს უახლეს ისტორიას სხვა „ტრენდი“ ექნებოდა. ეროვნულ დემოკრატიული პარტია იქცეოდა „შევარდნაძის სახელისუფლებო პარტიის“ მთავარ ოპოზიციურ ძალად, ხოლო მოგვიანებით, ასე 2000-2001 წლისთვის უეჭველად შეასრულებდა იმავე როლს, რაც მიშა სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეასრულეს: გია ჭანტურია მიხეილ სააკაშვილის ფენომენის წარმოშობას არ დაუშვებდა. ოღონდ არა ძალადობით, არამედ სისტემური მიზეზით: იმის წყალობით, რომ ჭანტურიას ჰქონდა რესურსი, იგივე „ნიშა“ თავად დაეკავებინა, რაც 2002 წლიდან მიშამ დაიპყრო

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

თუმცა, ვიმეორებ, ესეც კი არაა ყველაზე მთავარი ამ უდავოდ არაორდინალური პოლიტიკოსის უსამართლოდ მივიწყებული ისტორიული ღვაწლის და მისი მასშტაბის შეფასებისას. მთავარი მაინც ის „პროექტია“, რომელიც გია ჭანტურიამ სწორედ 1989 წლის მიწურულს შეიმუშავა და გულისხმობდა, კატეგორიულ უარს ხელისუფლებაში მოსვლაზე!

გია ჭანტურიას სლოგანი იყო: „დამოუკიდებელი საქართველოს შინდისფერი დროშა ავაფრიალოთ ყველგან, სახელმწიფო დაწესებულებების გარდა!“.

სწორედ ამ კონცეპტუალურ საფუძველზე მოხდა სამკვდრო-სასიცოცხლო განხეთქილება გია ჭანტურიასა და ზვიად გამსახურდიას შორის.

მათ ასე თუ ისე ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ 1990 წლის გაზაფხულამდე (1989 წლის 23 ნოემბრის ინციდენტის გამოკლებით, როცა გიამ ცხინვალზე „ლაშქრობას“ გონივრულად მხარი არ დაუჭირა), როდესაც ზვიადმა ეროვნული კონგრესიდან გასვლა და არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა. გაი ჭანტურია კი  აფრთხილებდა: „ნუ ავიღებთ პასუხისმგებლობას სხვის ჩადებულ ნაღმებზე!“.

დრომ დაამტკიცა, რომ გია ჭანტურია აბსოლუტურად მართალი იყო, როცა ეროვნული მოძრაობის სხვა ლიდერებს შორსმჭვრეტელურად აფრთხილებდა: „იმპერია იშლება, იმპერიაში ამ დროს გარდაუვალი ქაოსი ისადგურებს; სისხლიანი კონფლიქტები აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“  სრულიად გარდაუვალია, როგორც გარდაუვალი აღმოჩნდა ყარაბაღის კონფლიქტი;  თუ ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, ამით ვიკისრებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ჩვენი ბრალი არ არის; ეროვნულ მოძრაობას დაბრალდება სხვისი ჩადებული ნაღმების აფეთქება; ამიტომ, ნუ მოვალთ (ჯერ) ხელისუფლებაში, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას; თუნდაც დარჩნენ ხელისუფლებაში „გადემოკრატებული კომუნისტები“, მოაწერონ ხელი ნებისმიერ ფარატინა ქაღალდს - იმავე „ნოვო ოგორიოვოს სამოკავშირეო ხელშეკრულებას“, მაგრამ მათ აგონ პასუხი გარდაუვალ კონფლიქტებზე, რის თავიდან აცილებას ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეძლებენ, როგორც აზერბაიჯანმა ვერ შეძლო „ყარაბაღი“ აეცილებინა თავიდან მიუხედავად სამოკავშირეო ხელშეკრულების ხელმოწერისა“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

„მოდელირებულად“ (თავისთავად სალანძღავი სიტყვა როდია - „გააჩნია“) თუ ვეცდებით  საკითხის არსობრივ გახსნას: დავუშვათ, 1990 წლის მარტში ჩატარებულიყო უმაღლესი საბჭოს არჩევნები „კომუნისტური წესით“, ან 1990 წლის მრავალპარტიული არჩევნების შედეგად შექმნილიყო ჭკუისკოლოფი „ელიტური ინტელიგენციისა“ და „გადემოკრატებული კომუნისტების“ კოალიციური ალიანსი: „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი მაინც გამოაცხადებდნენ დამოუკიდებლობას საქართველოსგან, ანუ ისარგებლებდნენ „მოკავშირე და ავტონომიური რესპუბლიკების გათანაბრების“ პოლიტიკით, რასაც იმ დროს უკვე მოსკოვი ღიად ატარებდა.

შესაბამისად, საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლება იძულებული გახდებოდა რეაგირება მოეხდინა, თუმცა შედეგი შესაძლოა მაინც უფრო „რბილი“ ყოფილიყო ქვეყნისთვის.

რაც მთავარია, ყოველივე არ დაბრალდებოდა „ეროვნული მოძრაობის“ რადიკალურ ფრთას, რომელსაც ზვიად გამსახურდია, გია ჭანტურია და ირაკლი წერეთელი წარმოადგენდნენ. შესაბამისად, ძალიან საეჭვოა, მოვლენათა ნებისმიერ განვითარებას „ავტონომიებში“ - თბილისის სამოქალაქო ომი მოჰყოლოდა, რაკი სამოქალაქო ომის პროვოკატორმა ყოფილმა „პარტნომენკლატურამ“, ინტელექტუალურად უბადრუკმა „ელიტურმა ინტელიგენციამ“ და ყოფილმა „იატაკქვეშა-ცეხავიკ ოლიგარქატმა“ სწორედ იმით ისარგებლეს, რომ მოსახლეობაც და ელიტებიც უკმაყოფილონი იყვნენ მარაზმატული, ფსიქოლოგიურად მომქანცველი სისხლისღვრით ცხინვალში; მასა კი საშინლად გაღიზიანდა სოციალური პრობლემების გამო და ამაზეც პასუხისმგებლობა (მაგალითად ანაბრების დაკარგვაზე) ცნობიერად თუ ქვეცნობიერად „ეროვნულ ხელისუფლებას“ დააკისრეს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გია ჭანტურია, ჯერ კიდევ 1989 წლის შემოდგომიდან,  სვამდა სრულიად მარტივ კითხვას: სოციალური ვითარების კატასტროფული გაუარესება, დღევანდელ ვითარებაში, ისევე გარდაუვალია, როგორც ეთნოკონფლიქტები. მერედა, ჩვენ, საბჭოთა დისიდენტებმა, რატომ უნდა ვაგოთ პასუხი იმ მარაზმზე, რაც კომუნისტებმა შექმნეს ეკონომიკაში 70 წლის მანძილზე? ვისი ბრალია ანაბრების დაკარგვა და სიღატაკე? ანტიკომუნისტი და ეროვნული დისიდენტების?!

არადა, რეალურად ასე გამოვიდა - სსრკ „შემნახველ ბანკში“ შეტანილი ანაბრების დაკარგვით გაავებულმა მოსახლეობამ („ანაბრების დაკარგვის“  პროცესი 1991 წლის აპრილიდანვე დაიწყო) მოქმედ ხელისუფლებას დააკისრა, რასაკვირველია, პასუხისმგებლობა; ანუ, ძალაუნებურად მთელი დარტყმა მიიღეს არა კომუნისტებმა, ვისმა მრავალწლიანმა პოლიტიკამაც განაპირობა ეს კოლაფსი ეკონომიკაში, არამედ 8 თვის წინ მოსულმა „ეროვნულმა ხელისუფლებამ“

ასეთია ბრბოს ფსიქოლოგია და გია ჭანტურია მას შესანიშნავად იცნობდა! ამიტომაც აფრთხილებდა, ისევ და ისევ კოლეგებს: ნუ მოვალთ ხელისუფლებაში (ჯერ) და ნუ ვიკისრებთ პასუხისმგებლობას სხვის ჩადებულ ნაღმებზე.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რაც შეეხება იმ თეზისს (ზოგჯერ ისმის) რომ ზვიად გამსახურდიას დამოუკიდებლობა დაუყოვნებლივ არ გამოუცხადებია, რომ 1991 წლის აპრილამდე ცდილობდა რაიმე კომპრომისის მიგნებას მოსკოვთან, რათა „რესპუბლიკათა გათანაბრების“, ოსური და აფხაზური სეპარატიზმის შეკავებისთვის მიეღწია, და რომ „გარდამავალი პერიოდიც“ კი გამოაცხადა, მოსკოვშიც დადიოდა, ელცინს ყაზბეგში შეხვდა, ცხინვალში რუსის გენერალი გააგზავნა......დიახ, ეს ყოველივე ასეა, მაგრამ რეალური შედეგი, საბოლოოდ, აღმოჩნდა ნული! იმიტომ, რომ თუკი ასეთი პოლიტიკა აუცილებელი და გონივრული იყო, მოსკოვი ნამდვილად არ (ვერ) აღიქვამდა პარტნიორად იმ პოლიტიკოსს, ვისაც თვლიდა (სამართლიანად თუ უსამართლოდ, არა აქვს მნიშვნელობა) ერთ-ერთ ავტორად სლოგანისა „ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!“. ხოლო  თუ „კომპრომისულობა“, „ევოლუციურობა“, „თანდათანობითობა“, „დიპლომატიურობა“, „დიალოგი“ აუცილებელი იყო, ზვიად გამსახურდია რომ ამას ვერასგზით მოახერხებდა, ასე ძნელი მისახვედრი უნდა ყოფილიყო?

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამდენად, მთავარ თეზისში, რომ „ეროვნული მოძრაობა“ არ უნდა მოსულიყო ხელისუფლებაში და /ანუ არ უნდა ეკისრა პასუხისმგებლობა იმ ეთნიკურ თუ სოციალურ ნაღმთა  აფეთქებაზე, რაც „ეროვნულ მოძრაობას“ არ ჩაუდია საქართველოში,  გია ჭანტურია ისტორიულად აღმოჩნდა  აბსოლუტურად მართალი, ხოლო ზვიად გამსახურდია, სამწუხაროდ, ისტორიულად  შეცდა, როცა შექმნა მრგვალი მაგიდა, მოვიდა ხელისუფლებაში და მას დაეკისრა პასუხისმგებლობა სხვის მიერ ჩადებულ ნაღმთა გარდაუვალ აფეთქებაზე.

 თავიც დაიღუპა და ქვეყანაც საზარელ სამოქალაქო ომში გადაიჩეხა, რაკი „ყოფილებმა“ ოსტატურად ისარგებლეს ამ შეცდომით, ყველაფერი „დამოუკიდებლობის იდეას“  ანუ„ „ეროვნულ მოძრაობას“ დააბრალეს და კანონიერად არჩეული ხელისუფლება,  ძველ ელიტათა  რესურსებით დაამხეს.

ბოლოს და ბოლოს, თუ „ეროვნული მოძრაობა“ არ მოვიდოდა ხელისუფლებაში, დარჩებოდა ისევ „გადემოკრატიულებულ კომუნისტთა რეჟიმი“, მოსკოვში  მაინც მოხდებოდა „აგვისტოს პუტჩი“ (ან რაიმე მსგავსი), ეს რეჟიმი შარშანდელი თოვლივით გაქრებოდა, ხოლო ზვიად გამსახურდია და გია ჭანტურია ერთად მოვიდოდნენ ხელისუფლებაში, რაც ძალიან ძლიერი „ტანდემი“ იქნებოდა აფხაზეთის გარდაუვალი ომის წინ.

გია ჭანტურიას იდეა, მისი „პროექტი“ ხელისუფლებაში მოსვლის უარყოფისა, დღევანდელი გადასახედიდან იყო აბსოლუტურად სწორი, ისტორიულად გამართლებული, შორსმჭვრეტელი და წინდახედული, რაც ჩვენს ქვეყანას ბევრ (არა ყველა)  უბედურებას ააცილებდა თავიდან. მათ შორის, რაც მთავარია,  ყველაზე  უარესს - ძმათამკვლელ სამოქალაქო ომს!