თარიღი    დრო

1989 წლის 23 ნოემბერს ცხინვალთან შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა

საქართველო, თბილისი - 08:34 11.23.2018 492

ოსი სეპარატისტები, 23 ნოემბერს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის დაწყების დღეს აღნიშნავენ. 1989 წლის 23 ნოემბერს უნდა გამართულიყო ქართველი საზოგადოებრიობის მშვიდობიანი მიტინგი ცხინვალში, აქამდე რამდენიმე შეხვედრა შედგა ოსი საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან, რომლებიც მოითხოვდნენ მიტინგის გადადებას. ცხინვალის ქართველი მოსახლეობის მოთხოვნითა და თხოვნით მიტინგი არ გადაიდო. 23 ნოემბერს 15 ათასი ქართველი ცხინვალისკენ დაიძრა. ქალაქის მისადგომებთან მათ გზა გადაუღობეს ოსმა შეიარაღებულმა პირებმა და საბჭოთა არმიის მე-8 პოლკის სამხედროებმა. შეტაკებას მოჰყვა პირველი მსხვერპლი: დაიღუპა 6 ადამიანი, 27-მა მიიღო ცეცხლსასროლი ჭრილობა და 140 მოათავსეს საავადმყოფოში.

ამას წინ უძღვოდა რამდენიმე მოვლენა. 1989 წლის 15 აგვისტოს გამოიცა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება ქართული ენის სახელმწიფო პროგრამის შესახებ. ამ დოკუმენტს მოჰყვა დაძაბულობა. ეს გამოიყენა საბაბად ოსურმა ორგანიზაციამ "ადამონ ნიხასმა" თავისი შემდგომი ქმედებებისთვის. გაიმართა პირველ მიტინგი, რომლის საბაბი გახდა ქართული ენის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცება. საპროტესტო აქციის სათავეში იდგნენ "ადამონ ნიხასის" წევრები.

საქართველოს უმაღლესი საბჭოს მიერ ქართული ენის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ენად გამოცხადებას ოსებმა უპასუხეს რეზოლუციით, რომელიც ოსურ ენას აცხადებდა რეგიონის ოფიციალურ ენად. წამოიწყო მიტინგებისა და სახალხო გამოსვლების ტალღა. ოსური ორგანიზაცია - სამხრეთ ოსეთის სახალხო ფრონტი "ადამონ ნიხასი 1988 წელს შეიქმნა.   

1989 წლის 26 სექტემბერს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წინაშე დაისვა საკითხი იმის შესახებ, რომ საქართველოს სსრ მოქმედი კონსტიტუციის 75-ე მუხლს დამატებოდა პუნქტი: „სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში სახელმწიფო ენაა ოსური ენა''.  მიტინგების ფართო ტალღა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში აგორებას იწყებს 1989 წლის ოქტომბრიდან. ცხინვალში გაიმართა პირველი მიტინგები.  ეს გახდა საბაბი იმისა, რომ ქალაქში შეიყვანეს ქართული მილიციის დამატებითი გაძლიერებული რაზმები.

1989 წლის 10 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატების საბჭომ საქართველოს უმაღლეს საბჭოს მიმართა მოთხოვნით რეგიონისთვის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის მინიჭების შესახებ, რამაც გამოიწვია საქართველოს ხელისუფლების მწვავე რეაქცია.

1990 წლის 9 მარტს მოწვეულ იქნა საქართველოს სსრ მე-11 მოწვევის უზენაესი საბჭოს რიგგარეშე XIII სესია, რომელმაც მიიღო დადგენილება საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის გარანტიების შესახებ.

სიტუაციის ესკალაციის შემდეგი საფეხური იყო 1990 წლის ზაფხული, როდესაც მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოს უმაღლესმა საბჭომ მიიღო საარჩევნო კანონი, რომელიც რეგიონალურ პარტიებს უკრძალავდა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ოსური მხარის მიერ ეს ნაბიჯი შეფასდა, როგორც "ადემონ ნიხასის" წინააღმდეგ მიმართული ქმედება და 1990 წლის 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთი გამოაცხადეს სსრკ-ს სუვერენულ სუბიექტად.

იმავე წლის ოქტომბერში საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ოსებმა ბოიკოტი გამოუცხადეს და 9 დეკემბერს ჩაატარეს საკუთარი საპარლამენტო არჩევნები. ამის საპასუხოდ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ 11 დეკემბერს გააუქმა ამ არჩევნების შედეგები და სამხრეთ ოსეთის ავტონომიის სტატუსი. რეგიონში შემოიღეს საგანგებო მდგომარეობა.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%