ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს დანერგვა უზრუნველყოფს ფინანსური სტაბილურობის რისკების შემცირებას და დადებითი გავლენა ექნება ეკონომიკაზე, - ამის შესახებ ნათქვამია ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში, რომელიც ეროვნულბა ბანკმა გაავრცელა.
„აღნიშნული რეგულაცია შეამცირებს ჭარბ საკრედიტო ტვირთსა და გრძელვადიან საპროცენტო განაკვეთებს, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას. აღსანიშნავია, რომ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაცია ფინანსური სტაბილურობის რისკების შემცირების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას წარმოადგენს (მაგალითად, ბოლო წლებში მსგავსი რეგულაცია დანერგილ იქნა ისეთ ქვეყნებში როგორიცაა ესტონეთი, უნგრეთი,შვედეთი, დანია, ლიტვა, ჩეხეთი).
საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და საჭიროებისამებრ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის.
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა მომავალი წლის 20 თებერვალს გაიმართება“, -ნათქვამია ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში.