იმედი გვაქვს, რომ კონსტანტინოპოლისა და რუსეთის პატრიარქები გამონახავენ საერთო ენას და ეს მწუხარება სიხარულად გარდაიქცევა, - ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
მისი თქმით, ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ბოროტი ძალები ებრძვიან ეკლესიას, მაგრამ მისივე თქმით, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესია რომ იყოს ადამიანის მიერ შექმნილი დაწესებულება, იგი ვერ გაუძლებდა ამ ბრძოლას.
"უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს - კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიენ მას. ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ბოროტი ძალები ებრძვიან ეკლესიას. მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესია რომ იყოს ადამიანის მიერ შექმნილი დაწესებულება, იგი ვერ გაუძლებდა ამ ბრძოლას. ეს არის სხეული იესო ქრისტესი, უძლეველი სხეული. ამიტომ ამბობს იესო, რომ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდენ მას. თქვენ მოგეხსენებათ, რომ გართულებულია ურთიერთობა კონსტანტინოპოლსა და რუსეთის ეკლესიათა შორის, მაგრამ იმედი გვაქვს, მისი პატრიარქები გამონახავენ საერთო ენას და ეს მწუხარება სიხარულად გარდაიქცევა", - განაცხადა ილია მეორემ.