,გუშინ გორში ჩატარდა სპეციალური საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელშიც იაგო ნებიერიძეც იღებდა მონაწილეობას. ექსპერიმენტი ეძღვნებოდა მოვლენას, შემთხვევას, რომელიც მოხდა 2004 წელს. ეს არის რისი თქმაც მე შემიძლია. იაგო ნებიერიძე მოწმის სტატუსით იღებდა მონაწილეობას,"- განუცხადა ჟურნალისტებს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.
ამ დროისთვის გორში ცენტრალურ პარკში სამძებრო სამუშაო შეწყდა, კრიმინალისტებმა ტერიტორია უკვე დატოვეს, თუმცა ადგილზე რჩებიან პოლიციის თანამშრომლები.
ოფიციალური უწყებები ჯერ არ განმარტავენ, თუ რა შედეგით დასრულდა სამძებრო სამუშაოები.
ცხედრის ძებნაში დღეს დილიდან სამხარაულის სახელობის ბიუროც ჩაერთო. სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებები გორის პარკში გუშინ გვიან ღამით დაიწყეს.
იაგო ნებიერიძე გორში 8 წლის გოგოს მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული.
წარსულში ნასამართლევი,1984 წელს დაბადებული იაგო ნებიერიძე, დამამძიმებელ გარემოებაში 9 წლის ნანა ბერიაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გორში, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ცხრა წლის გოგონა გორში, მდინარე ლიახვის ნაპირზე 2018 წლის 25 ოქტომბერს საღამოს მოკლული იპოვეს.
14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის შესახებ ინფორმაციამ ხელახლა სწორედ 8 წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობის შემდეგ გაიჟღერა. საუბარია 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილზე, რომელიც მოზარდის ოჯახის ინფორმაციით, 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ გაიტაცა. ნებიერიძე გამოსასყიდის მოთხოვნის ბრალდებით სასჯელსაც იხდიდა. მას ბავშვის გატაცება და მკვლელობა ვერ დაუდასტურდა, თუმცა დაკარგული მოზარდის ოჯახს მუდმივად ჰქონდა ეჭვი, რომ ბავშვის გამტაცებელი და მკვლელი ნებიერიძე იყო.