თარიღი    დრო

საქართველოსა და ჩინეთის ტექნიკური უნივერსიტეტები ტექნოლოგიური ინოვაციების ერთობლივ პლატფორმას ქმნიან

საქართველო, თბილისი - 16:36 11.17.2018 88

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაციის ორგანიზებით, „ერთი სარტყელი - ერთი გზა" პროექტის ფარგლებში შეხვედრა შედგა.  

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა და ჩინეთის ჰუნანის პროვინციის ქალაქ ჩანგშას მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ფუ ჰონგუანგმა ორ უნივერსიტეტს შორის კოლაბორაციის ახალი ტიპის მოდელის შექმნის შესაძლებლობაზე იმსჯელეს.

საუბარი შეეხო საქართველო-ჩინეთის ერთობლივი პლატფორმის შექმნას, რომელიც ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით თანამშრომლობას გააღრმავებს, რაც ამავდროულად, მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ერთობლივად დანერგვის ეფექტური საშუალება გახდება. როგორც მხარეები შეთანხმდნენ, ახალი პლატფორმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე ჩამოყალიბდება.

როგორც ფუ ჰონგუანგმა აღნიშნა, ჩინეთის მხარე ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ფართო ფორმატის საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელსაც  დიდი როლი ენიჭება საქართველოს განათლების სისტემაში. მისი თქმით, ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ჩინეთ-საქართველოს შორის ურთიერთობას კიდევ უფრო მრავალმხრივს გახდის.

„დაინტერესებული ვართ საქართველოს ტექნიკურ  უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. ჩვენ ორი მიზანი გვამოძრავებს. საუბარი გვქონდა საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაციის ხელმძღვანელებთან, რომ საქართველო-ჩინეთს შორის ჩამოყალიბდეს ერთობლივი პლატფორმა, რომელიც მეტად განავითარებს პროექტს - „ერთი სარტყელი - ერთი გზა". ეს იქნება ერთგვარი საინჟინრო-ტექნოლოგიური ცენტრი, რომელიც მრავალი მიმართულებით იმუშავებს. მეორე მხრივ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებობს საინჟინრო-ტექნიკური მიმართულების ყველა ფაკულტეტი, რაც ჩვენთვის მეტად პრიორიტეტულია. მიგვაჩნია, რომ სწორედ ამ დარგების განვითარება დადებითი შედეგის მომტანი იქნება  პროექტის - „ერთი სარტყელი - ერთი გზა" ქვეყნებისთვის. ასევე, დიდი სურვილი გვაქვს, ორ უნივერსიტეტს შორის დარგობრივი კუთხით გაცვლითი პროგრამები და საკონსულტაციო-გადამამზადებელი კურსები შემუშავდეს - ეს ორივე მხარისთვის დიდი სარგებლის მომტანი იქნება. ვფიქრობთ, კარგი დასაწყისია ორი უნივერსიტეტის თანამშრომლობისთვის და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ  საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაციამ პირველი ფილიალი სწორედ ქალაქ ჩანგშაში გახსნა, სადაც ჩვენი უნივერსიტეტი მდებარეობს", - განაცხადა ჩანგშას მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის რექტორმა. 

როგორც არჩილ ფრანგიშვილმა აღნიშნა, ტექნიკური უნივერსიტეტი, საინჟინრო-ტექნიკური და ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით, ლიდერია საქართველოში, დაკავებულია, როგორც ფუნდამენტური, ასევე, გამოყენებითი კვლევებით და აქტიურადაა ჩართული მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებში. მისი თქმით, სტუ-ს სამეცნიერო კოლაბორაცია ჩინეთის არაერთ უნივერსიტეტთან აკავშირებს, რაც ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმებითაა გამყარებული.

„ძალიან საინტერესოა, როდესაც ვსაუბრობთ ერთიანი პლატფორმის შექმნაზე. ყველაზე დიდი პლატფორმა ჩვენი ურთიერთობაში არის სწორედ პროექტი - „ერთი სარტყელი - ერთი გზა", რომელიც ინიცირებულია ორივე მხარის სამთავრობო დონეზე. ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს კარგი ტექნიკური ბაზა, რომელიც შეგვიძლია ჩვენი საერთო მიზნებისთვის გამოვიყენოთ. დაახლოებით ერთ წელიწადში გვექნება ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესი და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა შემსწავლელი ლაბორატორია და ეს მნიშვნელოვანი იქნება ორი უნივერსიტეტის სამომავლო კოლაბორაციისთვის. ამდენად, ჩვენი ურთიერთობა მართლაც შეიძლება გახდეს ამ დიდი პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი და მისი მდგრადობის გარანტი. ვფიქრობთ, საინტერესოა, როცატექნიკურ უნივერსიტეტს მოვიაზრებთ, როგორც ადგილს ერთობლივი პროექტებისთვის. მაგრამ, სამომავლოდ, უფრო მნიშვნელოვანი იქნება, თუ კოლაბორაციას მაღალტექნოლოგიური ერთობლივი საწარმოების შექმნისკენ მივმართავთ და ბაზად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გამოვიყენებთ. ვფიქრობთ, მთავარია, ორი უნივერსიტეტის მეცნიერებმა და მკვლევარებმა ინოვაციების დანერგვით ახალი ტიპის პროდუქტების შექმნა შეძლონ. ჩინეთი ეკონომიკური თვალსაზრისით ხომ ყველაზე ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ქვეყანა. ეს არის გეზი ახალი ტექნოლოგიებისკენ, რაშიც თქვენ დიდ წარმატებებს აღწევთ. ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც ფეხზე დააყენებს სახელმწიფოს. ვფიქრობ, პლატფორმის მდგრადობა მის მრავალფუნქციურობაზეა დამყარებული და ასეთი პლატფორმა უდავოდ საინტერესო იქნება ორივე ქვეყნისთვის", - განაცხადა არჩილ ფრანგიშვილმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაციის გენერალური დირექტორი დავით ებრალიძე, ჩანგშას მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული ოფისის ხელმძღვანელი იან ჰონგ ძუო, საერთაშორისო პროგრამების ხელმძღვანელი დი ლინგ ვუ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

 

 

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%