ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის გამოკითხვა დასრულდა.
ის ვაკე-საბურთალოს სამმართველოში მუქარასთან დაკავშირებით გამოკითხეს.
როგორც სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, Facebook პოსტებისთვის ადრე ყურადღება არ მიუქცევია, რადგანაც ათასში ერთი იყო, თუმცა მისივე თქმით, ახლა მასიური ხასიათი მიიღო.
„არა მარტო Facebook პოსტებმა, არამედ მთელი ხელისუფლება საუბრობს დესტაბილიზაციაზე და ჩვენს მოსალოდნელ ლიკვიდაციაზე. სწორედ აქედან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, რომ გამოძიება დაიწყოს ამ თემაზე. რატომ საუბრობს ხელისუფლების წარმომადგენლები დესტაბილიზაციაზე? მაგალითად, გია გაჩეჩილაძემ მოგვიწოდა სიფრთხილისკენ და საინტერესოა, რატომ მოგვიწოდა სიფრთხილისკენ. პირად შეტყობინებაში არ იყო პირადი მუქარა, თუმცა იყო შეურაცხმყოფელი სიტყვები, „გადაშენდი აქედან“ და ა.შ. ასევე იყო ერთი შეტყობინება, რომ „სანამ ზაზა სარალიძე თავისი შვილივით არ აიჩეხება, მანამდე არ დაგვანებებს თავსო“,- განაცხადა ზაზა სარალიძემ.
ცნობისთვის, ზაზა სარალიძის მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება ვაკე-საბურთალოს სამმართველოში, სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.