შენ თუ ადამიანობის ერთი პროცენტი გაქვს შერჩენილი, მე შვილმოკლული დედა შენთან მოვედი, თუ გაქვს კაცობა, თუ გყოფნის ვაჟკაცობა, ჩამოდი და თვალებში შემომხედე, - ასე მიმართა სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, მედიკო მარგოშვილმა სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს სოსო გოგაშვილს „ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს.
„რის გულისთვის, არაფრის გულისთვის წამართვი თემირლანი. თემირლანი შენი ნიკოლოზივით განებივრებული არ იყო. თემირლანი ალალ-მართალი, პატიოსანი, ზრდილობიანი ბავშვი იყო, რას ერჩოდი, რის გულისთვის წამართვი, ერთადერთი განუმეორებელი შვილი. ნუთუ სინდისი არ გყოფნის, რომ ჩამოხვიდე და აღიარო შენი არაადამიანობა, შენი დანაშაული“, - თქვა მედიკო მარგოშვილმა.
ცნობისთვის, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი და მხარდამჭერები შვილმოკლულ მამებთან ერთად ამ წუთებში „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები სოსო გოგაშვილის დასჯას ითხოვენ. მათი მტკიცებით, სწორედ გოგაშვილი ხელმძღვანელობდა პანკისის სპეცოპერაციას, რომლის დროსაც თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს.