მათ აქვთ შესაძლებლობა, ქალაქში ნახონ სხვა ადგილი, სადაც არ იქნება საახალწლო ღონისძიებები, რომ ერთმანეთისთვის ხელის შეშლა არ მოხდეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
ჟურნალისტებმა კალაძეს უთხრეს, რომ სარალიძე და მაჩალიკაშვილი არ აპირებენ დაემორჩილონ მერიის მოთხოვნას, რაზეც კალაძემ თქვა, რომ კანონი არის მარტივი გამოსავალი.
„მათ კანონის შესაბამისად მომართეს მერიას და ჰქონდათ სურვილი, რომ დეკემბრის ბოლომდე გაეგრძელებინათ თავიანთი აქცია დავარქვათ ამას, თუ თავისუფლების გამოხატვის შესაძლებლობა, ჩვენც კანონის თანახმად, განვუმარტეთ მათ და მივწერეთ, რომ შეუძლებელი იქნება ამ კონკრეტული ადგილის გამოყენება, რადგან დედაქალაქის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის ემზადება, მათ აქვთ შესაძლებლობა, ქალაქში ნახონ სხვა ადგილი, სადაც არ იქნება საახალწლო ღონისძიებები, რომ ერთმანეთისთვის ხელის შეშლა არ მოხდეს, მათ მიეცემათ ამის უფლება, არანაირი პრობლემა არ ექნებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის ინფორმაციით, მათ თბილისის მერიისგან წერილი მიიღეს, სადაც აღნიშნულია, რომ რუსთაველის გამზირი 7 დეკემბრიდან უნდა გაათავისუფლონ.
ზაზა სარალიძის განცხადებით, მერიამ ამის მიზეზად საახალწლო სამზადისი დაასახელა.
მისივე თქმით, ის და მალხაზ მაჩალიკაშვილი პროტესტის შეწყვეტას და მერიის მოთხოვნის შესრულებას არ აპირებენ.