მერაბ მორჩაძე თავს დამნაშავედ მიიჩნევს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმებით დაცვის მხარემ მიმართა, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მოწმეზე ზემოქმედების საქმეზე მსჯავრდებულის ადვოკატმა, მერაბ ჩიქოვანმა განაცხადა.
"მერაბ მორჩაძე აღიარებს 372-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულს, შესაბამისად, ჩვენ მივმართეთ საპროცესო შეთანხმებით მთავარ პროკურატურას.
მერაბ მორჩაძე გათავისუფლდა პირობით მსჯავრით.
ჩვენი კანონმდებლობა რჩევასაც კი სცნობს როგორც დანაშაულს.
მოტივზე საუბრისგან თავს შევიკავებ. თუმცა ვიტყვი რომ ბრალს აღიარებს მერაბ მორჩაძე და ვიტყვი რომ ეს იყო ყოფითი საუბარი მერაბსა და მოწმეს შორის. თუმცა მოსყიდვას ადგილი არ ჰქონია", - განაცხადა მერაბ ჩიქოვანმა.
ცნობისთვის, მერაბ მორჩაძე დღეს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე 8 ივნისს სსკ-ის 372-ე მუხლით დააკავეს, რაც მოწმეზე ზემოქმედებას გულისხმობს. საუბარია საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმე მ.კ-ზე. გამოძიების ინფორმაციით, მორჩაძემ მას ურჩია, არ მიეცა ბრალდებულების წინააღმდეგ ჩვენება, მკვლელობიდან თვენახევარში კი მას ამის სანაცვლოდ თანხა 100 ლარის ოდენობით გადასცა.