ხელის მოწერაზე დავთანხმდი და რას წარმოვიდგენდი რომ უდანაშაულო ადამიანი დღეს აქ, ბრალდებულის სკამზე ვიჯდებოდი, - ამის შესახებ ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ლადო გრიგალაშვილმა სასამართლოში განაცხადა. როგორც ის აღწერს, აღიარებითი ჩვენება მას ზეწოლის შედეგად მიაცემინეს.
"თუ არ ვცდები, მე-8 განყოფილებაში გადამიყვანეს და მოვყევი ის, რაც თქვენს წინაშე მოვყევი. დაახლოებით, საათნახევარში მოვიდა პირი, რომელმაც ყველაფერი შემიმოწმა, სავარაუდოდ, სისხლის კვალს ეძებდა. შემდეგ შემიყვანეს ოთახში, სადაც 15-20 ადამიანი იყო. ანალოგიურად მოვყევი ყველაფერი, მხოლოდ ორი ადამიანი დამიტოვეს. როგორც მახსოვს, სამმართველოს უფროსი მოვიდა, სამოქალაქო ტანსაცმლით იყო, ყველაფერი მომაყოლა, რა და როგორ იყო.
ვიდეოჩანაწერები გვაქვს აბანოებიდან ამოღებული, რომელი მხრიდან გამოხვედი და შეხვედი იქ, ვიცითო. თუ კადრი გაქვთ, მაჩვენეთ-მეთქი და არ მაქვს უფლებაო.
15 წუთში ფურცელი შემოიტანა და წაიკითხეო, მითხრა. ამობეჭდილი იყო რაც ვითომ, აღიარებით ჩვენებაში ვთქვი.
დაახლოებით, 10 წუთში მითხრა, შენი ძმაკაცები დაკავებულები არიან და თუ არ გინდა შენი ძმაკაცები პრესის ქვეშ მოყვნენ, რაც წერია იმას იტყვი. პატარა ძმა გყავს და გაზრდა უნდა, მამაშენი პოლიციის თანამშრომელია, შენთვის აჯობებს ხელი მოაწერო, ამ საქმეს ვერ შეცვლი და ჯობს მეგობრები არ გაწიროო,მითხრეს. ციხეში როცა შეხვალ და იტყვი, შენი ძმაკაცების გამო არ მოაწერე ხელი, პასუხს სხვანაირად მოგთხოვენო, მითხრა.
ხელის მოწერაზე დავთანხმდი და რას წარმოვიდგენდი რომ უდანაშაულო ადამიანი დღეს აქ, ბრალდებულის სკამზე ვიჯდებოდი.
გამომძიებელი შემხვდა, მითხრა რომ ყველაფერი უნდა ჩაგვეწერა. შევედით ოთახში, სამი მონიტორი იყო და ერთ-ერთზე კამერა ეყენა, ჩემ თვალწინ ჩართო და მოვყევი რაც ფურცელზე ეწერა. სხვა გამომძიებელი შემოვიდა, ფურცელზე ამობეჭდილი ჩვენება შემოიტანეს და ხელი მომაწერინეს. ტანსაცმელი გამომაცვლევინეს, ექსპერტიზაზე უნდა გადავიტანოთო", - განაცხადა გრიგალაშვილმა.
როგორც ის თავის ჩვენებაში ჰყვება, ანა ნაცვლიშვილის ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც ესემესებზე პასუხს არ სცემდა.
"ვურეკავდი, არ მიპასუხა. 6 წლის განმავლობაში არ მახსოვს, მას არ პირველივე ზარზე არ ეპასუხა. არც მესიჯზე მიპასუხა და არც ზარზე.მამაჩემის მანქანით ავედი ანას სახლთან. მე-5 სართულზე ავედი, კარი ოდნავ ღია დამხვდა. დილის 6 საათზე კარი ღია, რომ იყო დამაეჭვა. ელენე ნაცვლიშვილმა გამიღო კარი. ანა აბაზანაშია ალბათო, მითხრა, ორ წამში გამოტრიალდა, არ არისო, მითხრა. ვთხოვე სახლში მოეძებნა, ამასობაში დედას გაეღვიძა, ვუთხარი რომ ანას ვურეკავდი, ვწერდი და არ მპასუხობდა. მათაც დაიწყეს რეკვა", - დასძენს გრიგალაშვილი.