თარიღი    დრო

ალენ დელონი 83 წლის გახდა

საქართველო, თბილისი - 09:37 11.08.2018 49

ალენ დელონი 83 წლის გახდა. ფრანგი მსახიობი, პროდიუსერი, რეჟისორი და სცენარისტი 1935 წლის 8 ნოემბერს დაიბადა. ალენ დელონი არის კოლექციონერი, გატაცებულია დოღით, ორგანიზატორია კრივის ჩემპიონატის. 1999 წლიდან აქვს ორმაგი მოქალაქეობა და არს საფრანგეთისა და შვეიცარიის მოქალაქე. ალენ დელონი კინომატოგრაფიის ისტორიაში შევიდა როგორც ლამაზი, მეამბოხე, ენიგმატური და ფატალური მამაკაცი.

ალენის მამა, კორსიკელი ფაბიენ დელონი ო-დე-სენის ქალაქ სოში პატარა კინოთეატრის მმართველი იყო, დედა, ედიტი კი — ფარმაცევტი. 1939 წელს მშობლები განქორწინდებიან და პატარა ალენს ჯერ ერთი ოჯახი იშვილებს, შემდეგ კი სენ-ნიკოლა დ'ინის კათოლიკურ პანსიონში მიაბარებენ, სადაც მთელ ახალგაზრდობას ატარებს. იგი მეამბოხე და უდისციპლინო ბავშვია, რის გამოც სკოლიდან 6-ჯერ გააგდებენ. მალე ალენის დედა მეორედ გათხოვდება პოლ ბულონზე, რომელიც ძეხვეულის ფაბრიკაში მუშაობს. ალენი მამინაცვლის პროფესიას ეუფლება და მოგვიანებით მის საქმიანობას აგრძელებს, თუმცა ეს საერთოდ არ ხიბლავს.

1953 წელს ალენი სამხედრო სამსახურში მიდის და ინდოჩინეთის ომში იღებს მონაწილეობას. სამი წლის შემდეგ, საფრანგეთში დაბრუნებული იძულებულია წვრილი სამუშაოები შეასრულოს საარსებო თანხის საშოვნელად. მალე იგი ხვდება ჟან-კლოდ ბრიალის, რომელიც მიიპატიჟებს კანის საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე. აქ განსაკუთრებულად ლამაზი გარეგნობის ახალგაზრდას მალევე ამჩნევენ. იგი რამდენიმე სასინჯ ჩვენებას გაივლის და ადვილად შეაღწევს კინემატოგრაფიის სამყაროში ყოველგვარი პროფესიული განათლების გარეშე.

1957 წელს გამოდის მისი პირველი ფილმი, ივ ალეგრეს „როცა ქალი ერევა“, რასაც ძალიან დიდი წარმატება მოჰყვება მთელს ევროპაში. ამის შემდეგ დელონის კარიერა სწრაფად ვითარდება, მასთან თანამშრომლობენ ცნობილი ევროპელი და ამერიკელირეჟისორები. 1958 წელს, „კრისტინას“ გადაღების დროს ალენ დელონი გაიცნობს რომი შნაიდერს. ალენი ამ დროს 23 წლისაა, რომი — 20-ის. მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ და 1959 წლის 22 მარტს დაინიშნებიან. მათი წყვილი მშვენიერების, ახალგაზრდობისა და წარმატების განსახიერებად იქცევა შოუ-ბიზნესის სფეროში.

1960 წელს დელონი თამაშობს ლუკინო ვისკონტის ფილმში, „როკო და მისი ძმები“, რომელიც ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალურ პრიზს დაიმსახურებს. 1964წელს დელონი შორდება რომი შნაიდერს და ცოლად ირთავს მსახიობ ნატალი კანოვას, რომელთანაც შეეძინება ვაჟიშვილი, ანტონი. 1967 წელს ალენი და ნატალი დელონები ერთად მონაწილეობენ ჟან-პიერ მელვილის ფილმში „სამურაი“. 1968 წელს, „ჟეფის“ გადაღების დროს ალენს შეუყვარდება მირეი დარკი და გაცილდება ცოლს.

1974 წელს ორგანიზებას უკეთებს საფრანგეთში კრივში საერთაშორისო ჩემპიონატს. ამავე პერიოდში აგებს თავლას დოღის ცხენების მოსაშენებლად და იღებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ჯირითში. 1978 წელს დელონი იწყებს თავისი სახელობის სუნამოს, შამპანურის, კონიაკის, მაჯის საათების, სათვალეების, სიგარეტის, ტანსაცმლისა და აქსესუარების გამოშვებას ჟენევაში. ამ წამოწყებას მსახიობისთვის უზარმაზარი შემოსავალი მოაქვს. მალე დელონი შვეიცარიაში სახლდება და მოქალაქეობასაც იღებს.

1987 წელს დელონი ცოლად ირთავს ნიდერლანდელ მანეკენს, როზანი ვან ბრიმენს, რომელთანაც 1990 წელს შეეძინება ქალიშვილი, ანუშკა და 1994 წელს - ვაჟიშვილი, ალენ-ფაბიენი. 2001 წელს ფოტოგრაფი კრისტიან აარონ ბულონი გამოსცემს მოგონებების წიგნს „სიყვარული არასოდეს ივიწყებს“, სადაც ამტკიცებს, რომ იგი ალენ დელონის არაღიარებული შვილია. მომდევნო წელს როზალი ვან ბრემენი ალენ დელონს მიატოვებს, რასაც 67 წლის მსახიობი მწვავედ განიცდის.

2003 წელს კლაუდია კარდინალე მას მარაკეშის საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე „ოქროს ვარსკვლავს“ გადასცემს, ორი წლის შემდეგ კი ჟაკ შირაკი საპატიო ლეგიონის ორდენს მიანიჭებს მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის. 1999 წელს ჟურნალ „FORBEES“-ის გამოკითხვით საუკუნის მამაკაცად აღიარეს.

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.6%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%