ევროკავშირმა საქართველოსთვის დამატებითი მიზნობრივი დაფინანსების ფანჯრის გახსნაზე განაცხადა, რომელიც მომავალ ორ წელიწადში სტიპენდიების რაოდენობას 800–ით გაზრდის.
18 ოქტომებრს Erasmus+ ეროვნულმა ოფისმა გამართა ტრადიციული საინფორმაციო ღონისძიება უნივერსიტეტების, პროფესორებისა და სტუდენტებისთვის. წელს ევროკავშირი Erasmus+ პროგრამის განხორციელებისათვის დამატებით ბიუჯეტს გამოყოფს, რაც მეტი პროექტის განხორიციელების საშუალებას იძლევა და მნიშვნელოვნად ზრდის სტიპენდიების რაოდენობას.
ღონისძიება გახსნეს კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა, მიხეილ ბატიაშვილმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა და ვახტანგ მახარობლიშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
Erasmus+ პროექტებსა და სტიპენდიებზე არსებული მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით ევროკავშირმა ე.წ. მიზნობრივი დაფინანსების ფანჯარა გახსნა საქართველოსთვის მომავალი ორი საგრანტო კონკურსისათვის. ეს ნიშნავს დამატებით 6 მილიონ ევროს 2019 და 2020 წლებში. Erasmus+ დამატებითი ბიუჯეტი ნიშნავს საქართველოში უმაღლესი განათლების რეფორმის გაზრდილ მხარდაჭერას და სტუდენტებისა და პროფესორებისათვის 800–ით მეტ სტიპენდიას.
აღსანიშნავია, რომ Erasmus+ ევროკავშირის პროგრამაა 2014–2020 წლებში განათლების, გადამზადების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროში. საქართველოში ეს პროგრამა მოქმედებს 2015 წლიდან და ჩაანაცვლა ევროკავშრის მიერ დაფინანსებული მანამდე არსებული საგანმანათლებლო პროგრამები (Tempus, Erasmus Mundus Action 2). საქართველო Erasmus+ პროგრამის ერთ–ერთი ყველაზე უფრო წარმატებული ქვეყანაა პროექტებისა და სტიპენდიების მაღალი რაოდენობით.