პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე და "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
ელენე ხოშტარიამ კომიტეტის თავმჯდომარეს მირზა სუბელიანის განცხადებებზე რეაგირება მოსთხოვა.
ელენე ხოშტარიას თქმით, "ქართულმა ოცნებამ" უნდა წააგოს არჩევნები იმისთვის, რომ მიხვდეს, არ გასდის არცერთ პოლიტიკურ ძალას ადამიანის უფლებების დარღვევა, შეურაცხყოფა და "ავტომატჩიკიანების" მოსმა თავზე.
ხოშტარიას თქმით, უმრავლესობის წევრების განცხადება, რომ გამოძიება დაადგენს ყველაფერს, არალოგიკურია. მისივე განცხადებით, პარლამენტმა კონკრეტული ზომები უნდა მიიღოს.
„მე გეკითხებით, პარლამენტი რა როლს შეასრულებს ამ ავტომატჩიკიანების გარიგებული პროკურორების ამ რაღაც საშინელებაში.
მაშინ, როდესაც თქვენი პარტიის ხელმძღვანელი იძახის, რომ ბავშვური ტრაგედია იყოო, თურმე ამ ბავშვური ტრაგედიის უკან დგას კრიმინალური, მაფიოზური დაჯგუფება მთელი სახელმწიფოს მასშტაბით. თქვენა აქ მე მპასუხობთ, რომ გამოძიებას უნდა დაველოდოთ. გეკითხებით, პარლამენტი სასწრაფოდ რას გააკეთებს იმისთვის, რომ პასუხი გაეცეს ასეთ საშინელებას“, - მიმართა ხოშტარიამ სოფო კილაძეს, რაზეც კილაძემ ხოშტარიას კვლავ წინა ხელისუფლების დროს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები შეახსენა და განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი სამართლებრივი შეფასებაა და არა პოლიტიკური.
„გეუბნებით პირდაპირ, რომ ეს არის პირველ რიგში გამოძიების პრეროგატივა, თქვენ რა პოლიტიკურ შეფასებას მისცემთ, ეს სიმართლე გითხრათ მეორე ხარისხოვანია.
„ახლა რომ გაგახსენდათ თურმე, რომ დამნაშავეები იყავით აქამდე სად იყავით? ხალხმა სწორედ იმიტომ არ მოგცათ ხმა და გითხრათ უარი თქვენს პოლიტიკურ ძალას, რომ ასეთი უბედურებები ხდებოდა ქვეყანაში“, - თქვა სოფო კილაძემ.
ცნობისთვის, რ2-ის მიერ გავრცელებული ჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული, რომელშიც სავარაუდოდ, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი საუბრობს. ჩანაწერის მიხედვით, სუბელიანთან საკანში იმყოფებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი.