ENG / RUS       12+

„ბედუკაძე-ოქუაშვილის“ პარალელები, ანუ „ცოცხიდან-სარდაფამდე“

ბევრჯერ ითქვა, რომ გარკვეული აზრით, ასეთი საინტერესო საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. მაგრამ მოვიდა დრო ისიც აღინიშნოს, რომ ამის მთავარი მიზეზი გახდა ის აბსურდული (ანუ არაპროფესიონალური) გადაწყვეტილება, რაც „ოცნებამ“ მიიღო საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით. მოკლედ თუ ვიტყვით, მმართველმა პარტიამ, სრულებით რომ არ იყო საჭირო და აუცილებელი, „აუტკივარი თავი აიტკივა“.

იმის შესახებ, თუ რა დისკუსიები მიმდინარეობდა ამ საკითხზე „ქართულ ოცნებაში“, როგორც ყოველთვის, შეგვიძლია ვიმსჯელოთ თვით ბიძინა ივანიშვილის „საინტერესო“ ინტერვიუს მიხედვით. პარტიის თავმჯდომარემ გულწრფელად გვითხრა, რომ არსებობდა სამი სხვადასხვა მოსაზრება და ვარიანტი:

1) დაესახელებინათ წმინდად პარტიული კანდიდატი; მაგალითად დავით სერგიენკო ან ზურაბ აბაშიძე და შემდეგ დახმარებოდნენ მას მთელი რესურსებით;
2) საერთოდ არ დაესახელებინათ კანდიდატი, გამიჯვნოდნენ ყველას და, როგორც თავად ივანიშვილმა თქვა, „წაეღო ეს პოსტი ოპოზიციას“. ანუ, თუ რეალობიდან ამოვალთ, დავით ბაქრაძესა და გრიგოლ ვაშაძეს, (ესე იგი ერთის მხრივ სააკაშვილსა და მეორეს მხრივ უგულავა-ბოკერიას გუნდს) „დაეჭამათ ერთმანეთი“. ეს ვარიანტი გამომდინარეობდა „ევროპელი მეგობრების“......რჩევიდან, რომ არ არის დემოკრატიული, როცა მართველი პარტია არა მხოლოდ საკონსტიტუციო უმრავლესობას აკონტროლებს პარლამენტში, არამედ ფლობს საერთოდ ყველას და ყველაფერს ქვეყანაში
3) არ დაესახელებინათ პარტიული კანდიდატი და მხარი დაეჭირათ ე.წ. „დამოუკიდებელი კანდიდატისათვის“.

აი ამ სამი შესაძლო ვარიანტიდან, „ოცნებამ“ აირჩია მისთვის ყველაზე სახიფათო, ყველაზე უარესი და გამანადგურებელი!

როგორც ჩანს, „პეროიანმა“ ინტელექტუალებმა (სინამდვილეში ელემენტარულად არაპროფესიონალებმა), რომლებიც მრავლადაა ამ პარტიაში, თუმცა მედია-სივრცეში გამოჩენაზე მედიდურად „თავს იკავებენ“ და ყოველთვის უარს ეუბნებიან ჟურნალისტებს ინტერვიუზე ან უცნაურად აგრესიულნი არიან ხოლმე მედიის მიმართ, დაარწმუნეს ბიძინა ივანიშვილი, მიეღო „ევროპული პრაქტიკა“.

მართლაც, ევროპის საპარლამენტო რესპუბლიკებში ხშირად ხდება, როცა მმართველი პარტია მხარს უჭერს დამოუკიდებელ კანდიდატს პრეზიდენტის პოსტზე. მაგრამ ამ „პეროიან ფსევდოინტელექტუალებს“ ვერაფრის დიდებით ვერ შეაგნებინებდი, რომ ისაა ევროპა, - მისი უდიდესი დემოკრატიული ტრადიციით და საზოგადოებრივი-პოლიტიკური კულტურით. საქართველო კი, ჯერ-ჯერობით, სულ სხვა სოციალური მენტალობის ქვეყანაა და გამორიცხულია ამგვარმა საზოგადოებამ დაიჯეროს ნებისმიერი დამოუკიდებელი კანდიდატის.......„დამოუკიდებლობა“ იმ ვითარებაში (მით უმეტეს) როცა მმართველი პარტია ამბობს ევროპელისთვის გასაგებ, თუმცა თანამედროვე ქართველისთვის სრულიად გაუგებარ რამეს: „ეს კანდიდატი ჩვენ არ წარმოგვადგენს, იგი ჩვენგან დამოუკიდებელია, ოღონდ მას ვეხმარებით როგორც ფინანსურად, ასევე ჩვენი პარტიული რესურსებით“
აბა რაღა.......დამოუკიდებელი კანდიდატია“- იკითხავს ამ შემთხვევაში ასიდან - 99 ქართველი. და, ადგილობრივი რეალიების გათვალისწინებით, კაცმა რომ თქვას, მართალიც იქნება!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამ კატასტროფულ გადაწყვეტილებას, რაც „ოცნებამ“ მიიღო, დაემატა კიდევ უფრო კატასტროფული პერსონალური არჩევანი: ანუ, რაღაც ბუნდოვანი საგარეო პოლიტიკური სიუჟეტებისა და მოსაზრებების გამო (საფრანგეთი და ა.შ) აირჩიეს ყველაზე უარესი, ყველაზე „კონფლიქტოგენური“ ანუ სუსტი პერსონაჟი, რომელმაც პირველივე განცხადებიდან პრეზენტაციაზე (ომის დაწყების შესახებ), საშინელ მდგომარეობაში ჩააყენა იგივე მმართველი პარტია ანუ ათით-ნოლი ფორა მისცა ოპოზიციას!

შედეგად, „ოცნებას“ აღარც უკან დასახევი გზა ჰქონდა (და აქვს) და ვერც გაჩუმდება. ანუ, სურს თუ არა, იძულებულია მხოლოდ გააძლიეროს სალომე ზურაბიშვილთან საკუთარი იდენტიფიცირება და მასზე დადოს უდიდესი ფსონი. შეიძლება ითქვას, სამკვდრო-სასიცოცხლო ფსონი! იმიტომ, რომ თუ ამ არჩევნებს სალომე ზურაბიშვილი მოიგებს, ეს ოპოზიციისთვის მარცხი იქნება, სერიოზული მარცხიც კი. ოღონდ არა მომაკვდინებელი მარცხი. მაგრამ თუ ზურაბიშვილი არჩევნებს წააგებს, ეს „ოცნებისთვის“ არათუ „სერიოზული მარცხი“, არამედ კატასტროფა გახდება: დაიწყება ნებისმიერი მმართველი პარტიისათვის მომაკვდინებელი პროცესი, როდესაც საშუალო და დაბალი რგოლის ბიუროკრატია (მუნიციპალური ჩინოსნებიდან - მოსამართლეებამდე და პოლიციის უფროსებამდე) „რა იცი რა ხდებას“ მოსაზრებით, გახდებიან „ფრთხილნი და წინდახედულნი“, მოემზადებიან „ჩასაძირი გემიდან“ გადასახტომად, არ მიიღებენ გადაწყვეტილებებს, იქცევიან „ნეიტრალურად“ ან პირიქით, ხშირ შემთხვევაში მიიღებენ „მოულოდნელ გადაწყვეტილებებს“ ნებისმიერ სფეროში; შესაბამისად, გაძლიერდება ოპოზიცია, კიდევ უფრო „დაჩმორდება“ ხელისუფლება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მმართველი პარტია მივა დეგრადირებულ, „გადარდუბალებულ“ მდგომარეობაში.

მაშასადამე, თუ დღესვე არა, მაშინ 2 წლის შემდეგ მაინც უეჭველად, შეიქმნება ზუსტად 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ წინარე ვითარება. ოღონდ ეს უკეთეს შემთხვევაში, უარეს შემთხვევაში კი, ოპოზიციას ორი ორი წელი ცდაც აღარ დასჭირდება.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ეს რაც შეეხება საბედისწეროდ მცდარ გადაწყვეტილებას საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით. მაგრამ ამ გადაწყვეტილებამ და კანდიდატის სრულმა არაპროფესიონალიზმმა, როდესაც დღითი-დღე აძლევს „სათქმელს“ ჩასაფრებულ ოპოზიციას, შეიძლება ითქვას, გააათმაგა იმ სკანდალის ფეთქებადი ძალა, რომელმაც საარჩევნო კამპანიისას „იქუხა“.

რასაკვირველია, „ომეგა-გეიტსი“, ნებისმიერ შემთხვევაში მაინც იქუხებდა, მაგრამ სწორედ ამ გადაწყვეტილებებმა, სალომე ზურაბიშვილის „პერსონალურმა ფაქტორმა“ და საერთო ფონმა აქცია იგი „უმძლავრეს იარაღად“ ისე, რომ შეიქმნა ატმოსფერო, როდესაც ოსტატურად „გაფიარებულ“ ბრალდებებთან დაკავშირებული თუნდაც სრულიად ლეგიტიმური კითხვები რომც ისმოდეს, „გასავალი“ აღარ აქვს და მათ აღარავინ უსმენს, - უბრალოდ ყურადღებას აღარავინ აქცევს და არც ვინმეს აინტერესებს.

ამ მხრივ, „ოქუაშვილ-სარდაფის“ ქეისი საოცრად დაემსგავსა „ბედუკაძე-ცოცხის“ სქემას, რომელმაც წინა ხელისუფლების ბედი გადაწყვიტა: მაშინაც ხომ იყო სრულიად ლეგიტიმური კითხვები? მაგალითად: ვინ არის ის გარეწარი, ის მანიაკი, საბრალო მსხვერპლს რომ აშკარა პათოლოგიური ვნებით ეკითხება: „გტკივაააა?!!!“.

ხომ ნებისმიერი დამკვირვებლისთვის აშკარაა, რა ჭკვიანურად, რა ეშმაკურად იყო მთელი ის „ცოცხის“ სიუჟეტი მოფიქრებული (მაგალითად „ცოცხით გაუპატიურების“ შეფუთვა „კარანტინის დაშლის“ კადრებით, რის გარეშეც „ცოცხი“ ისე ვერ იმუშავებდა) და რომ შოკისმომგვრელი სცენები, შესაბამისად, მძვინვარე საზოგადოებრივი ემპათია, გამორიცხავდა ნებისმიერ რაციონალურ განსჯას.

შედეგად, ხელისუფლება მაშინ აშკარად დაიბნა (!) და მისი წინააღმდეგობრივი „მესიჯები“ მისივე სისუსტის მაჩვენებელი გახდა, რამაც განაპირობა ე.წ. „გადაუწყვეტელი ამომრჩევლის“ გადახრა „დაბნეული და დაჩმორებული ხელისუფლების“ მოწინააღმდეგე მხარეს.

ახლაც არის ლეგიტიმური კითხვები. მაგალითად: კი გამოიტანა ის 4 მილიონი, მაგრამ ვის მისცა? სინამდვილეში, არავის! ჭკვიანურად დადგმული სპექტაკლია და მეტი არაფერი. არც არავისთვის არ მიუციათ: ერთი ჯიბიდან ამოიღეს და მეორეში ჩაიდეს, TBC ფილიალიდან - საკუთარ ოფისში გადატანის შემდეგ.
ან კიდევ: რატომ ქვეყნდება ამ საუბრების მხოლოდ ფრაგმენტები და არ იდება ქსელში მთლიანად? ამაზე ადვილი რა არის?
მაგრამ ეს კითხვებიც უკვე არავის აინტერესებს: ხელისუფლება „სჩანს“ დაბნეული, დადუმებული, გაუბედავი, შიშნეული, რაც ისევ და ისევ, „გადაუწყვეტელ ამომრჩეველს“ (ეს მისი ბუნებაა) გადახრის „დაჩმორებული“, დაბნეული ხელისუფლებისგან - მისი მოწინააღმდეგის მხარეს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ყველაფრის მიზეზი კი, ისევ და ისევ, არაპროფესიონალიზმია!
არათუ საქართველოს ბოლო 30 წლის ისტორია, პატიაშვილიდან-ბიძინამდე, არამედ საკაცობრიო ისტორიაც, ფარაონებიდან - ტრამპამდე, ერთმნიშვნელოვნად გვასწავლის ამ საზარელი, სატანურად ცინიკური საქმის (პოლიტიკის) მთავარ კანონს: არაფერი, პროფესიონალიზმის გარდა, პოლიტიკოსს არ მოეთხოვება. სხვა ყოველივე ბრტყელი და პიტალო სისულელეა.

ნიკა იმნაიშვილი