ENG / RUS       12+

საქართველოს გაუპატიურება

სანამ საქართველოს ე.წ. „პოლიტიკური“ და „ეკონომიკური“ ელიტები ფულისა და ძალაუფლებისათვის მორიგ მარაზმატულ ბრძოლაში არიან ჩაფლულნი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვითარდება პროცესი, რომელიც ამ ქვეყნისთვის ბევრად მნიშვნელოვანია, რაკი საბედისწერო და მომაკვდინებელი შეიძლება აღმოჩნდეს.

სეპარატისტებმა ან სეპარატისტებად „გადაცმულმა“ ოკუპანტებმა ქართული სოფლიდან, საკუთარი კარ-მიდამოდან, მოიტაცეს და მავთულხლართს მიღმა ძალით გადაათრიეს სამი  შვილის დედა, მაია ოთინაშვილი.

აქ მთავარი და ყველაზე საშიში ისიც კი არ არის, რომ, პირველად, ამგვარი გატაცების მსხვერპლი ხდება ახალგაზრდა ქალი, არამედ გადაწყვეტილება, რომელიც სეპარატისტულმა ე.წ. „სასამართლომ“ მიიღო მასთან დაკავშირებით და რაც შეიძლება პრეცედენტი აღმოჩნდეს: მაია ოთინაშვილს მიესაჯა ერთთვიანი წინასწარი პატიმრობა, ანუ (პირველად!) „საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო“ საქმე აღძრულია არა ადმინისტრაციული კოდექსით, რაც მხოლოდ ჯარიმას ან 3-4 კვირიან პატიმრობას ითვალისწინებს, არამედ სისხლის სამართლის კოდექსით. მაშასადამე, სამი შვილის დედას რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრება!

ახლა საზოგადო მსჯელობა „იძალადეს თუ არა მასზე“. . . . . . . . შეიძლება სისხლი ჩაგექცეს ადამიანს, ან „ნაღლამით“ დაიხრჩო, ამ თემაზე სეპარატისტულ საიტებზე და მათ „ქსელში“ გამართულ დამცინავ-ხითხითს თუ გადაავლებ თვალს. იქ იმდენი ნიშნისმოგება, ზიზღი და სიძულვილია, საბოლოოდ რწმუნდები, რომ ამ „განგრენას“ უკვე  მართლა არაფერი ეშველება!

და სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ მათი ფანატიკური ქართველოფობიის ერთ-ერთი (არა ერთადერთი) წყარო უდავოდ გახდა ის ჩლუნგი პოლიტიკა, რაც გასული საუკუნის 1980-იანი წლების ბოლოდან ტარდებოდა: „ცხინვალზე ლაშქრობის“ სამარცხვინო პროვოკაციით დაწყებული, გორის, ქარელის, ბორჯომის რაიონებში მცხოვრები უდანაშაულო ადამიანების დედა-წულიანად განდევნით გაგრძელებული და სეტყვის საწინააღმდეგო საარტილერიო დანადგარებით ქალაქის დაბომბვით „დაგვირგვინებული“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ოღონდ ეს ისტორიული შეცდომები თუ დანაშაულობანი სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ დღეს, 2018 წელს, ან უსასრულოდ მომავალში, იძულებულნი ვიყოთ, გულხელდაკრეფილი ვუყუროთ ქვეყნის გაუპატიურებას, ანტიქართული ბოღმის ნთხევასა და სეპარატისტთა დაუოკებელ წყურვილს (რასაც იყენებენ ოკუპანტები) მუდმივ ტანჯვა-წამებაში ჰყავდეთ საქართველო ანუ ამით იძიონ შური თუნდაც ასევე უდანაშაულო ადამიანებზე.

ყველაფერთან ერთად, მოსკოვის ხელში ეს „ჰიბრიდული ომის“ ტექნოლოგიაცაა. იმიტომ, რომ როცა „ამაყ“ და „უკომპრომისო“ განცხადებას აკეთებ „პროდასავლური კურსის ურყევობის“, „ოკუპაციასთან შეურიგებლობის“ თაობაზე და მორიგი ამგავრი გატაცებისას იძულებული ხდები ისევ იმ ოკუპანტთან და სეპარატისტულ რეჟიმთან გაიქცე  მუხლისჩოქებით ცრემლმორეული სახვეწრად - ეგება ახლა აპატიოთ და გამოუშვათო, - მაშინ ის ჩვენი დასავლელი მეგობრებიც „მხრებს იჩეჩენ“ და თანდათან იღლებიან ამ აბსურდით. ეს ჩანდა კიდეც მათ ფრთხილ კომენტარებში მაია ოთინაშვილის გატაცების თაოაბზე.

მათი სიფრთხილის მიზეზი კი ისაა, რომ დასავლეთში, სადაც, რასაკვირველია, ყურადღებით ადევნებენ თვალს საოკუპაციო ხაზთან მომხდარ ექსცესებს, მკაფიოდ ხედავენ: საქართველოს რეალური ინტეგრაცია ნიშნავს „ჰიბრიდული ომის“ ჭაობში ჩაფვლას და ისეთი პასუხისმგებლობის აღებას, რომელთან გამკლავების ძალა და რესურსი დასავლეთს არ გააჩნია.

უბრალოდ არ იციან როგორ „ირეაგირონ“, როდესაც და თუკი მოსკოვი აამოქმედებს ამ იარაღს კიდევ უფრო მძლავრად და როგორც ოთინაშვილის შემთხვევაში, საქმეების აღძვრას დაწყებს არა ადმინისტრაციული, არამედ სისხლის სამართლის კოდექსით.

და ისიც აღიზიანებთ უკვე ჩვენს დასაველ მეგობრებს, რომ საქართველოს არ სურს თავისი წილი პასუხისმგებლობის აღება, ანუ ქართული ელიტები (არა მხოლოდ ხელისუფლება) თუთიყუშივით ერთსა და იმავე კლიშებს იმეორებენ -  ვერ ბედავენ იმ ყოვლად აუცილებელი ნაბიჯების გადადგმას, რაც „ჰიბრიდული ომის“ ხსენებული ტექნოლოგიის წინააღმდეგ ერთადერთი საშუალებაა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რა ნაბიჯებია ეს?

ჯერ მოდით დავაკვირდეთ, სად მოხდა მაია ოთინაშვილის დაკავება და რა გარემოებებში: სამი შვილის დედა გაიტაცეს „მავთულხლართს გადმოღმა“, ოღონდ იმ ტერიტორიაზე, რომელიც 1985 წლის ე.წ. „საბჭოთა რუქებით“ შედიოდა „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაში.

ეს მავთულხლართებიც, სეპარატისტებმა და ოკუპანტებმა, რამდენიმე წლის წინ, ამ ხაზის ოდნავ ჩრდილოეთით გაიყვანეს. მაგრამ როდესაც ევროკავშირის დამკვირვებლები პროტესტს უცხადებენ, მუდამ პასუხობენ: „მთავარია არა ის, სად გადის მავთულხლართი, არამედ სად გადის ხსენებული ე.წ. „საზღვარი“ 1985 წლის რუქების მიხედვით“.

შესაბამისად, როდესაც მაია ოთინაშვილს იტაცებდნენ, ქართველი პოლიციელები (ამ და სხვა უამრავ მსგავს შემთხვევაშიც!) იძულებულნი ხდებიან „შორიდან უყურონ“, რაკი ისინი კატეგორიულად არიან გაფრთხილებულნი ხელისუფლებისა და იმავე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ: არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენონ იარაღი იმ სოფლებში ან იმ სოფლების მიმდებარედ, რომელთა ტერიტორია, ხსენებული „რუქის“ მიხედვით, „სამხრეთ ოსეთს“ განეკუთვნება.

ჩვენ რომ ოფიციალურად არ ვაღიარებთ არც იმ რუქებს და არც იმ საზღვარს, დიპლომატიურად ბევრს არაფერს ნიშნავს. . . . . . ძალა აღიარებს! და სწორედ ეს „ძალა“, ესე იგი შესაბამისი რეალობა,  აიძულებს იმავე ევროკავშირის დამკვირვებლებს, შეურიგდნენ მას, რადგან საოკუპაციო რეჟიმს მუდამ აქვს დემაგოგიური „სათქმელი“: „დაკავება მოხდა იმ ტერიტორიზე, რომელიც 1985 წლის რუქებით. . . . .“

არადა, ქართული სოფლების და მიმდებარე მდელოების, სასაფლაოების, საძოვრების დიდი ნაწილი სწორედ „იქეთაა“! გამოდის, სეაპრატისტებსა და ოკუპანტებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ ნებისმიერი პროვოკაცია მოაწყონ, თვით სოფლებშიც შევარდნენ და ვინც უნდათ ის მოიტაცონ ვითარებაში, როცა ქართული პოლიცია (იმ ბიჭების მიმართ სასაყვედურო ვერაფერი გვექნება) იძულებულია „შორიდან უყუროს“, რადგან ეს პოლიციელები ბევრგან დგანან არა თვით მახთულხლართებთან, არამედ „1985 წლის საზღვართან“. ყოველ შემთხვევაში, სროლისა და მოქმედების ბრძანება-ნებართვა აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სეპარატისტები და ოკუპანტები იმ „ხაზს“ გადმოვლენ.

თითქმის ყველა „გატაცებისას“ ზუსტად ასე ხდება. ამას ნებისმიერი საქმეში ჩახედული ადამიანი დაგიდასტურებთ, ხოლო როდესაც საბრალო ქართველი გლეხები ამბობენ „ჩვენი ტერიტორიიდან გაიტაცესო“, მათ, რასაკვირველია, არ იციან, რომ ის ტერიტორია რაღაც ჯანდაბის რუქებით „იქითაა დარჩენილი“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

არის თუ არა გამოსავალი და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ ჰიბრიდული ომის მოსაგერიებლად? პოლიტიკაში, ზოგადად, გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. ესაა მისი ერთ-ერთი იდუმალი თვისება. ამ შემთხვევაშიც, გამოსავალი ნამდვილად არსებობს, თუმცა ძალიან მტკივნეული გამოსავალი, - რისი ნება და უნარი ჯერ-ჯერობით არა აქვს მთლიანობაში ქართულ პლიტიკურ ელიტას. არა მხოლოდ ხელისუფლებასა და მთავრობას.

გამოსავალი და თავდაცვის საშუალება კი ისაა, რომ საქართველოს სახელმწიფომ რეალურად უნდა დაიცვას დე-ფაქტო საზღვარი! არაა აუცილებელი ამის ღიად აღიარება, მაგრამ რა მტკივნეულიც არ უნდა იყოს, სახელმწიფო ვალდებულია „დაიჭიროს ხელში“ ის წყეული „რუქები“ და ევროკავშირის სადამკვირვებო მისიის მეთვალყურეობით, ააგოს რკინის ჯებირი (როგორც ისრაელმა) სახიფათო ზონების იზოლირებისთვის.

არა მთელ ტერიტორიაზე, არა ყველა ტყე-ღრეში, არამედ დასახლებულ ზონებთან.

ბუნებრივია, იგულისხმება იმ სოფლებიდან ადამიანთა ევაკუაცია, რომლებიც „იქეთ“ არიან დარჩენილნი, ხოლო მოსახლეობისთვის სხვა ჩვენს რეგიონებში პირობების შექმნა. მაშასადამე, რამდენიმე ათასი ადამიანის გადმოსახლება საშიში ზონებიდან - ქვეყნის სიღრმეში.

ამის შემდეგ, პოლიციას უნდა მიეცეს ბრძანება, რომ თუ სეპარატისტები შეეცდებიან ამ ჯებირს გადმოსვლას და ადამიანთა გატაცებას, გახსნას ცეცხლი!

 იგივე ეხება ახალგორის რაიონსაც: გავიხსენოთ, რომ სეპარატისტებს არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს არაოკუპირებული ტერიტორიდან არ გაუტაციათ. მათ ქვეწარმავლურად ისარგებლეს იმით, რომ დე-ფაქტო საზღვარზე მუდმივი მოძრაობაა და ნებისმიერ დროს შეუძლიათ „ჰიბრიდული ომის“ ტექნოლოგიით ისეთი პროვოკაციის მოწყობა, რაც თბილისი-ფოთის ავტომაგისტრალის გადაკეტვას ან სამოქალაქო დაპირისპირებასა და სამოქალაქო ომს გამოიწვევს.

„ცოცხალი მასალა“ ანუ უმწეო მძევლები, ხომ მათ ხელშია?! მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა. რასაც უნდათ, როგორც უნდათ, როდესაც უნდათ იმას უზამენ!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამ ყოველივე ხედავენ (ვიმეორებ) ჩვენი დასავლელი მოკავშირეები და ნუ ვთხოვთ მათ ჩვენი „საკეთებელი“ თავად გააკეთონ: გავიხსენოთ მხოლოდ ის, რომ პირველი, რაც „სამხრეთ კორეამ“ გააკეთა მას შემდეგ, რაც ტერიტორიის დიდი  ნაწილი გადაარჩინა ჩინეთ-სსრკ-ს აგრესიისგან, იყო უზარმაზარი კედლის აღმართვა 38-ე პარალელზე.

ეს კედელი თუ გამყოფი ჯებირი კომუნისტებმა კი არ ააგეს არამედ თავისუფალი „სამხრეთ კორეის“ პასუხისმგებელმა ელიტებმა! რაც სრულებით არ ნიშნავს, თითქოს ამის შემდეგ საქართველომ უნდა აღიაროს ამ უბადრუკი სეპარატისტული „აპენდიქსების“ დამოუკიდებლობა.

არ გვინდა ამის გაკეთება? ვერ ვახერხებთ? გვეშინია? მაშინ ის, რაც ამჟამად ხდება, - ფანატიკურად ქართველოფობიური სეპარატისტული „ხითხითის“ და გესლიანი დაცინვის აკომპანემენტით (რაც ჰიბრიდული ომის კიდევ ერთი, დახვეწილი ტექნოლოგიაა) - არ დამთავრდება და გაგრძელდება უსასრულოდ!

უფრო ზუსტად მანამ, სანამ იგი მოსკოვისთვის სასურველ შედეგს არ გამოიღებს, რადგან საზოგადოების მორალური რესურსი, წინააღმდეგობა გაუწიოს აგრესიას მისი „დახვეწილ-რაფინირებულ“ თანამედროვე ტექნოლოგიით, უსასრულო ნამდვილად არ არის!

არაფერი ისე არ ანგრევს და შლის საზოგადოებას, მის ნებასა და უნარს, როგორც უპასუხო და უსასრულო დაცინვა, დამცირება, აბუჩად აგდება და სრული უმწეობის გაუთავებელი შეგრძნება.

ნიკა იმნაიშვილი